Georgian English Russian
რედაქტორის გვერდი
24
ჩემი „ოცნება“ ახალი საქართველოსათვის

კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები წინასაარჩევნოდ კითხვარებს არიგებდნენ, სადაც უნდა ჩაგეწერა, თუ რა არის შენი ოცნება. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, მინდა ჩემი სურვილები და შეხედულებები საჯაროდ გამოვხატო, რომელსაც ლირიული სახელი დავარქვი – ჩემი „ოცნება“ ახალი საქართველოსათვის. სინამდვილეში კი, აქ  ქვეყნის მხოლოდ რამდენიმე სტრატეგიულ მიმართულებებზეა საუბარი. კერძოდ კი, აი, რა არის ჩემი „ოცნება“:

 

1.    პირველ და გადაუდებელ საქმედ მიგვაჩნია, დაიწყოს ქვეყნის სტრატეგიული განვითარების გრძელვადიანი და მოკლევადიანი გეგმების შემუშავება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ყველა დაინტერესებული პოლიტიკური პარტია, მკვლევარ-მეცნიერი, ფიზიკური თუ იურიდიული პირი, მთელი საზოგადოება, ვისაც კი ამისი სურვილი და შესაძლებლობა ექნება. ალბათ, მისაღები და მიზანშეწონილი იქნება, მთავრობის მიერ შემუშავებული „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2013-2016 წლებისათვის“ საერთო-სახალხო განხილვის საგნად იქცეს და საჯარო განხილვის შემდეგ, მას დაერქვას - „ქვეყნის ეროვნული განვითარების სტრატეგია“.   აქსიომაა, მაგრამ მაინც ვიტყვით: ქვეყნის სტრატეგიული მიმართულება არ უნდა იცვლებოდეს პარტიის დონეზე. ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ არა მთავრობის მიერ წარმოდგენილი პროგრამის ხარისხზე და ვარგისიანობაზე, არამედ მისი შედგენის დემოკრატიულობაზე. მთავრობის პროგრამა სატენდერო დოკუმენტი ხომ არ არის შეაფასო და ან მიიღო არ მიიღო, ეს პიროვნებების პროგრამა კი არ არის, არამედ ქვეყნის მართვის პროგრამაა. ამიტომ,  ზოგადი პრინციპი ასეთი უნდა იყოს: სტრატეგიული და ეროვნული მნიშვნელობის ნორმატიული დოკუმენტისა თუ ერთჯერადი გადაწყვეტილებების მიღება უნდა მოხდეს საჯარო განხილვის შედეგად (გარდა საიდუმლო ხასიათის დოკუმენტისა) და არა რომელიმე ერთი, თუნდაც ყველაზე დემოკრატიული და ავტორიტეტული პარტიისა თუ კოალიციის მიერ.

შედარებისთვის მოვიტან იაპონიის მაგალითს, სადაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონიის ხელისუფლება, თავის მეცნიერებთან ერთად, სამი წელი მუშაობდა ქვეყნის სტრატეგიული მიმართულებებისა და კონსტიტუციის შემუშავებაზე. მათ 1948 წელს მიიღეს ახალი კონსტიტუცია და განისაზღვრა ახალი მიმართულებები, რომლითაც საერთოდ უარი თქვეს სამხედრო შეიარაღებაზე (დაიტოვა მხოლოდ სასაზღვრო ჯარი 14 ათასი კაცის შემადგენლობით) და შეიმუშავეს ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, რის შედეგადაც 20 წელიწადში სანიმუშაო ქვეყანა გახდა. ყურადსაღებია ისიც, რომ იაპონიამ მთელი ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ აიღო კრედიტი 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო 20 წლის შემდეგ დღემდე სხვა ქვეყნებს ეხმარება ფინანსურად.

ისმება კითხვა: ჩვენ რა გვიშლის ხელს?  პასუხი თქვენთვის მიმინდვია.

 

2.    სამართლებრივი სახელმწიფო, დემოკრატიული პრინციპებით

ზოგადად ამ იდეას ყველა ემხრობა. კომუნისტების დროსაც კი, თითქოს ხალხი ირჩევდა დეპუტატებს, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ ხდებოდა, რაც ყველამ კარგად ვიცით. იდეა სწორია, მაგრამ მთავარია, ვის როგორ ესმის ამ იდეის განხორციელება.

ჩვენ ვემხრობით იმ მოსაზრებას, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა მოახდინოს რიგი სარუქტურების დეცენტრალიზაცია. დემოკრატიული მმართველობის მექანიზმი უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და კონტროლირებადი რიგითი მოქალაქის მიერაც კი, სურვილის შემთხვევაში. საზოგადოების ჩართულობა სახელმწიფო მართვაში მაქსიმალურად უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

 ასევე, ხელისუფლების არც ერთ შტოს არ უნდა ჰქონდეს ხელისუფლების სხვა ორგანოებზე პირდაპირ თუ ირიბად დომინირების ან უზურპაციის შესაძლებლობა. მიზანშეწონილი იქნება შეძლებისდაგვარად არჩევითი იყოს რიგი სახელმწიფო ორგანოების ხელმძღვანელები. (აუცილებელი არ არის ყველგან პირდაპირი არჩევა, მაგრამ რაიმე მექანიზმის მოფიქრება და შემუშავება ნამდვილად შეიძლება) მაგალითად, ყველა დონის მოსამართლეები, პროკურორები, პოლიციის უფროსები, სახელმწიფო აუდიტის (ყოფილი კონტროლის პალატის) თავმჯდომარე, სახალხო დამცველი და ასე შემდეგ ... არ დაინიშნოს პარლამენტის, პრეზიდენტის ან პრემიერ–მინისტრის მიერ. პარლამენტში მოსული უმრავლესობა ამტკიცებს მთავრობის შემადგენლობას, ე.ი. ეს პარლამენტი და მთავრობა, ანუ საკანონმდებლო და აღმასრულებეი ხელისუფლება ერთი გუნდია. ასეთ შემთხვევაში მაკონტროლებელი ორგანო - აუდიტის სამსახური და ისეთი სახელმწიფო სტრუქტურა, როგორიცაა სასამართლო, პროკურატურა, სახალხო დამცველი და ა.შ. უნდა იყოს სრულიად დამოუკიდებელი ამ ორისაგან, რათა მაკონტროლებელი ორგანოს ხელმძღვანელი არ იყოს „ვალდებული“ რაიმე ფორმით, თუნდაც მორალურად, ხელისუფლების რომელიმე შტოს წინაშე და ეჭვიც კი არავინ შეიტანოს მათი მხრიდან შესაძლო მიკერძოებაზე. ჭეშმარიტი დემოკრატია ეგ იქნება!

ტექნიკურად ეს საკითხი მოგვარებადია, მთავარია მისი პოლიტიკური ნება.

მანამდე, როგორც პარლამენტში და მთავრობაში, ისე სამინისტროებში შეიქმნას ღია საბჭოები, სადაც საზოგადოების მონაწილეობით განიხილება მნიშვნელოვანი საკითხები. მისასალმებელია, რომ ეს პროცესი რიგ სამინისტროებში უკვე დაწყებულია. ამიტომ, თუნდაც საზოგადოების ჩართულობის ამაღლების მიზნით, სახელმწიფო სტრუქტურებში სასურველია იყოს კოლეგიალური, სათათბირო ორგანოები საზოგადოებრივ საწყისებზე, რომელიც არ იქნება პერიოდული და მუდმივმოქმედი, არამედ შეიკრიბება კონკრეტული საკითხის განსახილველად. თითოეული საკითხი კი ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს, რაც ასევე გასათვალისწინებელია.

 

3.    ეროვნული, სახელმწიფო იდეოლოგიის აუცილებლობა

იდეოლოგიის საკითხი მეტად მნიშვნელოვანია და აუცილებელი, განსაკუთრებით იმ ეტაპზე, როცა ახალი გუნდი მოდის ხელისუფლებაში. იდეოლოგიაში თუ წააგე, მას ადრე თუ გვიან აუცილებლად მოჰყვება პოლიტიკური დამარცხება, რადგან ნდობას დაკარგავ ხალხის თვალში. რუსთაველი ამბობს: „სიცრუე და ორპირობა ავნებს სულსა, მერმე ხორცსა.“ ანუ ჯერ სულს ავნებს და მერე ხორცსა-ო. იდეოლოგია სულიერების ნაწილია. ის გონების მდგომარეობაზე ზემოქმედებს, ხოლო გონება თავის მხრივ მოქმედებისკენ უბიძგებს ადამიანს.

იდეოლოგიის როლთან დაკავშირებით ცოტა შორს წავალთ და მოკლედ განვიხილავთ მას, რადგან ეს მეტად მნიშვნელოვანია და შეიძლება გადამწყვეტიც კი.

იდეოლოგიას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ძველ დროშიც. რამდენიმე მაგალითს მოვიტანთ:

რომაელი სარდალი, რომელსაც სპარტაკის აჯანყების ჩახშობა დაევალა, ამბობს: „მე სპარტაკის განადგურება კი არ მინდა, არამედ მითის განადგურება სპარტაკის შესახებ“-. ანუ გონებაზე ზემოქმედებას უპირატეს მნიშვნელობას ანიჭებს, ვიდრე ფიზიკურ ზემოქმედებას.

ჰუნების მეფე ატილა ამბობს: „მე მინდა არა მხოლოდ მემორჩილებოდნენ, არამედ ის, რომ სჯეროდეთ ჩემი.“

ძალიან ძნელია ხალხის მართვა, თუ ის სულიერად არ აიყოლიე, არ მიეცი ნდობა ხელმძღვანელის მიმართ, რწმენა ნათელი მომავლისა. რაც უფრო სწორი და სამართლიანი იქნება იდეოლოგია და ქმედებაც მასთან ჰარმონიულად მოხდება, მით უფრო ხანგრძლივი იქნება მმართველობა.

XX საუკუნეშიც, ჰიტლერმა მხოლოდ იდეოლოგიის საფუძველზე შეძლო ბოროტი, მაგრამ უზარმაზარი ძალაუფლების კონცენტრირება. მას ჰყავდა იდეოლოგიის (პროპაგანდის) მინისტრი, იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა იდეოლოგიას. მან თაობა აღზარდა თავისი „იდეებით“, ისე როგორც სტალინმა. 1937 წლის ცნობილი რეპრესიები სხვა არაფერი იყო, თუ არა იდეოლოგიური „მტრების“ განადრურება. სხვა საკითხია თუ რატომ არ გააკეთა ეს ასე მასშტაბურად თუნდაც 10 წლით ადრე. ის მოსალოდნელი ომისთვის ემზადებოდა. ომში კი ერთიანი ოდეოლოგიის გარეშე ვერ გაიმარჯვებდა.

სტალინს ჰყავდა და შემდეგშიც საბჭოთა კავშირის დაშლამდე არსებობდა ასეთი თანამდებობა - ცეკას მდივანი იდეოლოგიის დარგში.

„ხელოვნება სულის ინჟინერია“-ო, ამბობდნენ კომუნისტები. ამიტომაც ქმნიდნენ კომუნისტების დავალებით საბჭოთა იდეოლოგიისთვის მისაღებ ხელოვნების სხვადასხვა ნაწარმოებებს. ამის ბრწყინვალე მაგალითია ფილმი „გიორგი სააკაძე“, რომელიც დიდი სამამულო ომის დროს გადაიღეს სტალინის დავალებით, რათა ჯარისკაცებისთვის ეჩვენებინათ, რომ აი, ნახეთ, პატრიოტი გიორგი სააკაძე თავის შვილს სწირავს სამშობლოს, თქვენც მას უნდა მიბაძოთ, თავი უნდა გაწიროთ სამშობლოსათვის-ო. სტალინმაც იდეოლოგიის გამო გასწირა თავისი შვილი - იაკობი. საბჭოთა იდეოლოგიის ნაყოფია ლეო ქიაჩელის  „გვადი ბიგვა“. საბჭოთა იდეოლოგიას ემსახურებოდა პიონერული და კომკავშირული ორგანიზაციები. იდეოლოგიის ნაწილი იყო „შრომის გმირების“ ინსტიტუტის შემოღება. ეს იყო მასტიმულირებელი საშუალება მშრომელი ადამიანებისთვის და კიდევ უამრავი მაგალითის მოტანა შეიძლება.

სწორედ იდეოლოგიის გამო იყო საბჭოთა სივრცე ჩაკეტილი, რათა ხალხს არ ენახა საზღვარგარეთის უკეთესი ცხოვრების პირობები. წინააღმდეგ შემთხვევაში გაუჩნდებოდა პროტესტის გრძნობა. სწორედ ამიტომ მოხდა თვითმფრინავის გატაცება 1983 წლის 18 ნოემბერს ახალგაზრდების მიერ, რომლებიც, როგორც შემდეგ ე. შევარდნაძემ თქვა:  „ყველა უზრუნველყოფილი ოჯახის შვილები იყვნენ. სულ ყველა.“ სწორედ იდეოლოგიას ემსახურებოდა მთელი კავშირის მასშტაბით პარტიული აგიტატორები სოფლებისა და უბნების დონემდეც კი. ყველა დიდი ორგანიზაციის ხელძღვანელს ჰყავდა მოადგილე იდეოლოგიის დარგში.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ სწორი, ეროვნული სახელმწიფო იდეოლოგია ქვეყნისთვის აუცილებელია!

მოგეხსენებათ, რომ როგორც შურისძიებაა სუსტი ადამიანის თვისება, ისე მიტევებაც ძლიერი ადამიანის თვისებაა. ხალხს კი, ძლიერი თვისებების მქონე ადამიანის წინამძღოლობა სურს და არა მშიშართა, ყაჩაღთა და უზნეოთა. ესეც იდეოლოგიის ნაწილია.

კიდევ ერთ მაგალითს მოვიტანთ, რომელიც ზნეობას ეხება, რაც, ასევე, იდეოლოგიის ნაწილია:

რომაელი სარდალი, პუბლიუს კორნელიუს სციპიონი ჩვ.წ. აღრიცხვამდე მე-2-3 საუკუნების მიჯნაზე ცხოვრობდა, რომელმაც დაიპყრო ესპანეთის უდიდესი ნაწილი, სახელი გაითქვა აფრიკაში ბრძოლებით და  მანვე დაამარცხა ჰანიბალი.

როცა ესპანეთში გამარჯვების შემდეგ სციპიონს მოახსენეს, რომ დატყვევებულთა შორის იმყოფებოდა იშვიათი სილამაზის ახალგაზრდა პრინცესა, რომელიც თურმე ერთ-ერთი მისივე დიდგვაროვანი თანამემამულისათვის უნდა მიეთხოვებინათ იმ ხანებში, მან ბრძანა, ისეთივე მზრუნველობა გამოეჩინათ მისდამი, როგორც მშობლიურ სახლში გამოიჩენდნენ, შემდეგ კი მოძებნა მისი შეყვარებული, შერთო პრინცესა ცოლად, ხოლო მამის მიერ ქალიშვილის გამოსასყიდად გამოგზავნილი ფული მის მზითევს მიუმატა, მაშინ, როცა თვითონაც ახალგაზრდა და უცოლო იყო, თანაც გამარჯვებული.

ეს იყო თავშეკავებულობის, გამძლეობისა და დიდსულოვნების შესანიშნავი მაგალითი, რამაც ესპანეთის მთელი მოსახლეობა აღაფრთოვანა და ათქმევინა: „მოგვევლინა ყმაწვილი, ღმერთების მსგავსი, და დაიმორჩილა ყველა, არა მარტო იარაღით, არამედ თავისი სიკეთითა და მადლიანობით.“

ამ ამბავს ჰყვება XVIII საუკუნის ინგლისელი საზოგადო მოღვაწე გრაფი ჩესტერფილდი თავისი ვაჟისადმი მიწერილ წერილში.

პირველი პირის პირადი მაგალითი გადამდებია სხვებისთვისაც და მით უმეტეს მოზარდებისათვის.

რადგან პირველი პირის მორალური თვისებები ვახსენე, კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან: ერეკლე მეორეს, გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე, მძიმე ავადმყოფობის ჟამს, ქათმის ბულიონი შეუტანეს ისე, რომ ქათმის ხორცი არ უჩვენებიათ მისთვის, რადგან მარხვის დღეები იყო. ერეკლე მიხვდა რაშიც იყო საქმე და მიუხედავად იმისა, რომ ეს წამალივით იყო საჭირო მისთვის, მან უარი თქვა ბულიონზე, „მე რომ ეს შევჭამო, ხალხი გაირყვნებაო.“

დაბოლოს, საკადრო პოლიტიკაც იდეოლოგიის ნაწილია. უმჯობესია, აღმასრულებელ ხელისუფლებაში ხალხისთვის ნაკლებად ცნობილი, მაგრამ პატიოსანი და კომპეტენტური მეცნიერი მოვიდეს, ვიდრე „ცნობილი“ პოლიტიკოსი თავისი ამბიციებით. კომუნისტების დროს ძალიან პოპულარული იყო ლოზუნგი: „კადრები წყვეტენ ყველაფერს!“.

იდეოლოგიის ძირითადი მიზანი უნდა იყოს ერის გაერთიანება ერთი იდეის - ეროვნული სახელმწიფოს შენების გარშემო. როგორც კონსტანტინე გამსახურდია ამბობდა: „თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მაშინ მას მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს“. ერმა რომ მოინდომოს სწორედ ისეთი იდეა უნდა მისცე, რომლის გარშემოც ყველა გაერთიანდება. აქ მარტო გულწრფელობა და სამართლიანობა არაა საკმარისი. აქ საჭიროა სწორედ იდეოლოგია და PR. PR, - საზოგადოებასთან ურთიერთობა, - ესაა სასურველი აზრის ფორმირებაზე მიმართული საქმიანობა რაიმეს მიმართ. ეს ნიშნავს, სასურველი ინფორმაციის მიტანას საზოგადოებამდე იმ კუთხით, რაც შენ გჭირდება. ამიტომაც არის ტერმინები როგორც PR, ასევე „შავი PR“.  მე ჯერ არსად შემხვედრია და შეიძლება „დამაბრალონ“ ახალი ტერმინის შემოღება, ესაა – „ცრუ PR“. ჩვეულებრივ, PR-ის შემთხვევაში საზოგადოებისთვის მიწოდებული ინფორმაცია სწორია, მაგრამ ის გათვლილია საზოგადოებაში იმიჯის, ნდობის ამაღლებაზე. „შავი PR ჰქვია, როცა ღონისძიება ვინმეს ან რაიმეს იმიჯის შელახვისკენ არის მიმართული, თუმცა ინფორმაცია სწორია, უბრალოდ ამა თუ იმ სუბიექტის უარყოფითი მხარეა წარმოჩენილი, ხოლო „ცრუ PR“-ის შემთხვევაში საქმე გვაქვს საზოგადოების მოტყუებასთან.

საჭიროა ნამდვილი, ეროვნულ ღირებულებებზე დამყარებული PR, რომელიც ადამიანის ცნობიერების, ზნეობის, მორალის, ღირსების განცდის ამაღლებაზე იქნება მიმართული. ეს კი მხოლოდ სწორი და დაუღალავი იდეოლოგიური მუშაოებით შეიძლება. იდეოლოგია უნდა იგრძნობოდეს ყველა სფეროში,  ყველა დონეზე, ყველა თაობაში.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ესაა სამი სტრატეგიული მიმართულება: 1) ქვეყნის სტრატეგიის შემუშავება ფართო საზოგადოების მონაწილეობით; 2) მაქსიმალურად სამართლიანი და დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრება სახელმწიფო მართვაში; და 3) ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის შემუშავება და მისი ცხოვრებაში გატარება, რომელიც უნდა იყოს ბალავარი, რაზედაც პარალელურად უნდა აღიმართოს სხვა დანარჩენი ზედნაშენი.

ალბათ, უპრიანი იქნება ჩემი „ოცნება“ დავასრულო  მეფისტოფელეს სიტყვებით: „ვთქვი და ვიცხონე სული ჩემი“.

 

ლოიდ ქარჩავა

ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი,

ასოცირებული პროფესორი.

საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა

აკადემიის აკადემიკოსი.

მთავარი რედაქტორი

ლოიდ ქარჩავა

მთავარი რედაქტორი და სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე,

ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, პროფესორი;

საქართველოს მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარე;

საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი;

ფაზისის საერო-მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი.