Georgian English Russian
რედაქტორის გვერდი
24
ჩემი „ოცნება“ რეალური საქართველოსათვის და ბრძოლა უკეთესი საქართველოსათვის

      4 წლის წინ, როცა „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, მე დავწერე ასეთი სტატია - „ჩემი „ოცნება“ ახალი საქართველოსათვის“ (ჟურ. „ახალი ეკონომისტი“, #4, 2012). ის შემდეგ გახდა მოხსენება ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიაში (დაიბეჭდა ამავე აკადემიის გაზეთში „საქართველოს დედაქალაქი“, #114, 2013, და ამავე აკადემიის ჟურნალში „მოამბე“ #19, 2013) და იქ წამოყენებული იდეები უფრო გავაღრმავე ბროშურაში - „ბიზნესგარემოს განვითარების პერსპექტივები საქართველოში“ („ლოი“, თბ., 2013). ყველგან ვაფიქსირებდი, რომ უპირველეს ყოვლისა აუცილებელია ისეთი ფუძემდებლური, ფუნდამენტური საკითხების გადაწყვეტა, როგორიცაა:

1. ქვეყნის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება ფართო საზოგადოების მონაწილეობით. (ეს იდეა უფრო ადრე დავაფიქსირე გაზეთში „სამართლიანები“, #1, 2006);

2. მაქსიმალურად სამართლიანი და დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრება სახელმწიფო მართვაში.

ბევრი რამ გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე. თუნდაც მარტო ისეთი მასშტაბური პროექტები ავიღოთ, როგორიცაა სამედიცინო დაზღვევა, ან სოფლის მოსახლეობისთვის ხვნა-თესვაში დახმარება და ა.შ., მაგრამ მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებას, განურჩევლად მისი პარტიულობისა და კვალიფიციურობისა, აუცილებლად სჭირდება მეცნიერთა კვლევების, ანალიზის, დასკვნებისა და ხედვების გათვალისწინება, რომლებიც ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე წინასწარ დადებენ ობიექტურ და კვალიფიციურ დასკვნას. ხელისუფლების მხრიდან მეცნიერული დასკვნების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებით უფრო მეტის გაკეთებაა შესაძლებელი, რომელიც უფრო სასარგებლო იქნება საზოგადოებისათვის, დემოკრატიისათვის, ადამიანის თავისუფლებისათის.

ამასთან, არის შემთხვევები, როცა ხელისუფლების სახვადასხვა შტოსა და დონის ჩინოვნიკები ნებსით თუ უნებლიედ უშვებენ შეცდომებს, არ არის გამორიცხული, რომ ზოგ შემთხვევაში ეს ხდებოდეს შეგნებულად, როგორც ოპონენტები ამბობენ, ანუ დანაშაულებრივად. მართალია, ხელისუფლებამ თვითონვე გამოავლინა და აღკვეთა არა ერთი დანაშაული, რომელიც სახელმწიფო ჩინოვნიკების მხრიდან იქნა ჩადენილი, მაგრამ უამრავი პრობლემაა, რომელსაც დღემდე არ ან ვერ გაეცა საკადრისი პასუხი. არის შემთხვევები, როდესაც სახელმწიფო მოხელეები და მაღალი თანამდებობის პირები ავლენენ არაკომპეტენტურობას, რაც მათ გადაწყვეტილებასა და შედეგებზე აისახება ხოლმე. აქ საუბარი არ არის მხოლოდ მთავრობისა და სამთავრობო სტრუქტურების მუშაობაზე, არამედ მთლიანად ხელისუფლების ყველა შტოზე (საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო, ადგილობრივი თვითმმართველობები).

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ჩვენ მეცნიერთა ჯგუფმა და თანამოაზრეებმა გადავწყვიტეთ, რომ შევქმნათ მეცნიერთა, ანუ კვალიფიციურ და პროფესიონალ ადამიანებთა ჯგუფი, რომელიც ბიუჯეტიდან დაფინანსების გარეშე იმუშავებს ქვეყნისათვის აუცილებელ და საზოგადოებისათვის აქტუალურ პრობლემატიკაზე, კვალიფიციურად შეისწავლიან საკვლევ ობიექტს, მეცნიერული მეთოდებით გააანალიზებენ მას და შესაბამის დასკვნას დადებენ, რომელსაც გააცნობენ საზოგადოებას, ხოლო შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურას წარუდგენენ ადექვათურ რეკომენდაციებს. სხვათა შორის, ჯერ კიდევ XVIII საუკუნის დასაწყისში ვახტანგ VI შექმნა მეცნიერთა დასი - „სწავლულ კაცთა კომისია“, რომელიც ფაქტობრივად რჩევებს აძლევდა მეფეს.

აქედან გამომდინარე ჩვენ ჩამოვაყალიბეთ და ოფიციალურად დავარეგისტრირეთ არასამეწარემო (არაკომერციული) იურიდიული პირი - „საქართველოს მეცნიერთა საბჭო“, რომლის მიზანია:

-         საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში ხელშეწყობა ყველა დონის ხელისუფლებისათვის;

-         საზოგადოების ფართო მასებისთვის აუცილებელ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებაში ხელშეწყობა;

-         მეცნიერული კვლევების საფუძველზე ქვეყნის სტრატეგიის შემუშავება და სრულყოფა საზოგადოების მონაწილეობით;

-         საზოგადოებისათვის აქტუალურ თემებზე მეცნიერული კვლევების ჩატარება, ყოვლისმომცველი ანალიზისა და დასკვნების გაკეთება, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შეთავაზება ხელისუფლების ნებისმიერი დონისა და შტოსათვის;

-         პროგრესული ინოვაციების წახალისება და ხელისშეწყობა მისი ცხოვრებაში დასანერგად;

-         ახალგაზრდებისათვის პროფესიული და სპეციალური სწავლა-განათლების მიღებაში ხელშეწყობა ტრენინგ-კურსების ჩატარებითა და სხვა კანონით მისაღები ფორმებით;

-         ბიზნესის დაწყების მსურველთათვის ხელის შეწყობა შესაბამისი პროგრამების მომზადებასა და განხორციელებაში;

როგორი იქნება ჩვენი მუშაობის სტილი და ფორმა?

ჩვენ ვთანამშრომლობთ ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირთან, ვინც კი ხელს შეგვიწყობს დასახული მიზნის რეალიზებაში. ამისათვის ჩვენს საბჭოში ვაწევრიანებთ ყველა მეცნიერს, რომელსაც აქვს სურვილი, ჩვენთან ერთად დაამუშაოს იდეები, წინადადებები, რეკომენდაციები  ქვეყნის ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრის საქმეში.

ჩვენი ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვისთვისაც მისაღებია ჩვენი წესდების პრინციპები.

 ამასთან, ჩვენი მიზანი არ არის ხელისუფლების კრიტიკა და მიტინგებით ვაიძულოთ გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ ვდებთ მეცნიერულ, ობიექტურ და კვალიფიციურ დასკვნებსა და რეკომენდაციებს, რომელსაც წარვადგენთ საზოგადოებისა და ხელისუფლების წინაშე. კიდევ ერთხელ ან მრავალჯერ განვიხილავთ დაინტერესებულ პირებთან თუ ორგანიზაციებთან ერთად, ვიმსჯელებთ საჯაროდ, დიალოგისა თუ დებატების სახით, პირისპირ თუ მასმედიის საშუალებების მონაწილეობით, რათა მივიდეთ ერთიან აზრამდე, თითოეული მნიშვნელოვანი საკითხის სწორად გადაწყვეტამდე.

 

 

ლოიდ ქარჩავა

ა(ა)იპ „საქართველოს მეცნიერთა საბჭოს“

თავმჯდომარე

01.10.2016

მთავარი რედაქტორი

ლოიდ ქარჩავა

მთავარი რედაქტორი და სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე,

ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, პროფესორი;

საქართველოს მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარე;

საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი;

ფაზისის საერო-მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი.