Georgian English Russian
ინტერვიუ
24
ინტერვიუ თბილისის მერობის კანდიდატთან, ბატონ დავით ნარმანიასთან

ბატონი დავით ნარმანია გახლავთ ერთ-ერთი წარმატებული მინისტრი. ამაზე მიუთითებს თავად ის ფაქტი, რომ კოალიცია „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართელომ“ სწორედ ის დაასახელა თბილისის მერობის კანდიდატად. მკითხველმა კარგად იცის, ასევე, რომ ის არ იყო პოლიტიკოსი, როცა ის მინისტრად დანიშნეს. დავით ნარმანია ცნობილი იყო საზოგადოებისთვის, როგორც ერთ-ერთი ნიჭიერი მეცნიერი, პატიოსანი, შრომისმოყვარე და პასუხისმგებლიანი პიროვნება. თვისი მინისტრობის სულ რაღაც ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მან გამოავლინა მენეჯერის ყველა ის თვისება, რაც საჭიროა წარმატებისათვის. გვჯერა, რომ თბილისის მერის თანამდებობაზეც მისთვის ჩვეული გულმოდგინებითა და კეთილსინდისიერებით მოეკიდება თავის სააქმიანობას და აქაც ახალ ინიციატივებს შესთავაზებს საზოგადოებას, რაშიც გულწრფელ წარმატებებს ვუსურვებთ.

-  სანამ არჩევნების თემაზე გადავალთ, მოკლედ, თვალი გადავავლოთ თქვენს საქმიანობას სამინისტროში, რა არის მთავარი, რითაც დაამახსოვრდებით საზოგადოებას, როგორც  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი?

 -  დავიწყოთ პირველ რიგში იმით, რომ მე საზოგადოებამ გამიცნო, როგორც სამეურნეო საქმიანობით დაკავებული ადამიანი, რომელიც მუდმივად, მე თვითონ ვარ ადგილზე, სადაც მიმდინარეობს სამუშაოები, სადაც არის საზოგადოება და საზოგადოების მხრიდან ინტერესი, რაც საკითხების მოგვარებასა და პრობლემების მოწესრიგბასთან არის დაკაშირებული. აქედან გამომდინარე, მე საზოგადოება სადაც მხედავს, მხედავს პოზიტივში, პროექტების განხორციელების მომენტში, როდესაც ყოველთვის პირდაპირ ვამბობ სიმართლეს, სად რა კეთდება, როგორ კეთდება და რა ძირითადი მიდგომებია. რაც შეეხება უშალოდ საქმეებს, მე მაინც ყველაზე მეტად გამოვყოფდი ავტომაგისტრალების მშენებლობას, რითაც საზოგადოება იცნობს ჩემს საქმიანობას, მინისტრის რანგში; გამოვყოფდი კონფლიქტისპირა სოფლების მოსახლეობის მხარდაჭერას, რითაც ასევე საზოგადოება მიცნობს. იმიტომ, რომ ეს ადამიანები მძიმე მდგომარეობაში არიან და მუდმივად სჭირდებათ მხარდაჭერა, და საზოგადოება მიცნობს თვითმმართველობის რეფორმის კონტექსტში, ვინაიდან ჩემი მინისტრობის ფერიოდში დაიწყო ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა.

 -  ტემპები მაგისტრალის მშენებლობისა და საზღვრისპირა სოფლების მხარდაჭერისა წინა წლებთან შედარებით როგორია?

-  ტემპები 2014 წელს უფრო მეტი იქნება 2013 წელთან შედარებით, ისე როგორც 2013 წელს უფრო მეტი იყო ვიდრე 2012 წელს. შესაბამისად თანხებით მაგისტრალებზე 2013 წელს უფრო მეტი დავხარჯეთ ვიდრე 2012 წელს. სამ პარალელურ მონაკვეთზე მიმდინარეობდა მუშაობა 2013 წელს და 2014 წელს 7 მონაკვეთზე იქნება პარალელურ რეჟიმში მუშაობა, რითაც უფრო სწრაფად წაიწევს წინ ავტომაგისტრალის მშენებლობა. რაც ყურად საღებია, ასევე, ავტომაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით არის ის, რომ ჩვენ მთლიანად აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალზე, ვიცით რომელ წელს რომელი მონაკვეთი უნდა აშენდეს და ყველა მათგანთან მიმართებაში დონორი ორგანიზაციების თანხმობა არსებობს და დავიწყეთ რიკოთის 60 კილომეტრიანი ყველაზე რთული მონაკვეთის ტექნიკურ-ეკონომიკური მახასიათებლების შესწავლა და წლის ბოლოს იქნება შედეგები, თუ სად უნდა გაიაროს რიკოთის ტერიტორიაზე ავტომაგისტრალმა და რა იქნება მისი საპროექტო ღირებულება.

 -  რა  არის ისეთი საკითხი, რომელიც ბოლომდე ვერ მიიყვანეთ დროის უკმარისობის გამო? მხედველობაში გვაქვს ის, რომ თქვენ უბდა დატოვოთ მინისტრით თანამდებობა.

 -  მე სამ საკითხს გამოვყოფდი, რაზეც გული მეთანაღრება და მიუხედავდ ჩემი მონდომებისა, რომელი საკითხები ვერ მივიყვანე  ბოლომდე, თუმცა სამივე მათგანი დაძრულია:

პირველი, ესაა თანამედროვე ინფრასტრუქტურის სტანდარტების შემუშავება და ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაცია. ეს პროცესი დავიწყეთ, 2013 წელს ერთი სტანდარტი დავამტკიცეთ, 4 მოვამზადეთ და განხილვის პროცესშია, ასევე გერმანელ კოლეგებთან გავაფორმეთ თანამშრომლობის მემორანდუმი და ისინი დაგვეხმარებიან ჰარმონიზაციის თვალსაზრისით. ამიტომ აქაც პროცესი დაძრულია, მაგრამ ბოლომდე მიყვანილი ჯერ-ჯერობით არ არის;

მეორე საკითხი ესაა ინოვაციური მიდგომების უფრო აქტიურად დანერგვა ინფრასტრუქტურაში, უფრო სწრაფი დანერგვა უფრო ადრე მოგვცემს შედეგს, თუმცა ინოვაციებს სჭირდება შესწავლა და გამოცდა. ამიტომ ტექნიკურ საბჭოზე პერიოდულად ხდება ინოვაციური მიდგომების განხილვა და ეტაპობრივად ხდება დანერგვა, თუმცა უფრო ჩქარი ტემპი, რა თქმა უნდა, მისასალმებელია;

მესამე, ეს არის პროექტების მართვის ელექტრონული სისტემის შემუშავება. რადგანაც ჩვენს სამინისტროში ერთდროულად ყოველწლიურად 300-ზე მეტი პროექტი მიმდინარეობს, ძალიან რთულია ასეთი პროექტების მართვა თანამედროვე  სისტემების გამოყენების გარეშე. ამიტომ ჩვენ დავიწყეთ ამ სისტემის დანერგვაზე მუშაობა, გავაკეთეთ მისი მონახაზი, დაფინანსებაც ასევე მოძიებულია, ამდენად ეს სისტემა გაგრძელდება.

 -  არჩევნების საკითხზე გადასვლა მინდა დავიწყოთ ერთი შეხედვით უბრალო და უმნიშვნელო საკითხზე, რაზედაც მავანმა ქარიშხალი ატეხა ჭიქაში, თითქოს-და თბილისის მერისთვის მთავარი თუ უმთავრესი მახასიათებელი უნდა იყოს თბილისში დაბადება. როგორია თქვენი აზრი ამ საკითხის მიმართ? რას ნიშნავს თბლისელობა? რას ნიშნავს იყო თბლისელი?

-  პირველ რიგში უნდა ითქვას ის, რომ „თბილისელობა“-ში, ზოგიერთები გულისხმობენ, რომ ადამიანი თბილისში უნდა იყოს დაბადებული და თვლიან, რომ მხოლოდ ასეთ ადამიანს შეუძლია მაჯისცემაზე ედოს ხელი, თუმცა ეს არ არის ჩვენი აზრით, და ეს არ არის მხოლოდ ჩვენი აზრი, არამედ ჩვენი გუნდის აზრით, განმაპირობებელი ფაქტორია, ადამიანი ხედავდეს სწორად პრობლემებს, მთავარია, ადამიანს შეგეძლოს პრობლემების ანალიზი, პრიორიტეტების სწორად დაგეგმვა და გქონდეს მენეჯმენტის უნარი, რათა გაუძღვე დედაქალაქს, და მოაგვარო დედაქალაქის წინაშე არსებული პრობლემები, განავითარო დედაქალაქი. აქედან გამომდინარე, საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომელიც პოზიტიურად აზროვნებს, თვლის, რომ  დედაქალაქის მერობისთვის აუცილებელი არ არის იყო დედაქალაქში დაბადებული, თუმცა პრობლემებს ნამდვილად უნდა იცნობდე და გქონდეს ის თვისებები, რაზეც გვქონდა ზემოთ საუბარი. არის გარკვეული კატეგორია, რომელიც თავის აზრზე რჩება და თვლის, რომ „თბილისელი“ აუცილებლად თბილისში დაბადებული უნდა იყოს, თუმცა ეს მათი აზრია. ბუნებრივია, გარკვეული კატეგორია დარჩება ამ აზრზე, მაგრამ გამოკითხვები აჩვენებს, რომ ძირითადი ნაწილი ასე არ ფიქრობს, რაც ჩვეთის მისასალმებელია და ყურადსაღები. აქედან გამომდინარე ჩვენი მთავარი ამოცანა წინასაარჩევნო პერიოდში, სხვა საკითხებთან ერთად, მდგომარეობს იმაში, რომ დავაწმუნოთ ის ადამიანები, ვინც ფირობს, რომ თბილისის მერი აუცილებლად თბილისელი უნდა იყოს, რომ ეს ასე არ არის და ამას არა აქვს არსებითი მნიშვნელობა. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ეს ადამიანები საქმით, ხედვით, პრობლემების ანალიზისა და მოგვარების ჩვენების უნარით, და ჩვენ შეგვწევს ძალა ეს ყველაფერი მოვაგვაროთ, მოვაწესრიგოთ ისე, როგორც ეკადრება დედაქალაქს. დედაქალაქს ყოლია ბევრი თბილისელი მერი, ყოლია ბევრი არათბილისელი მერი. მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი მაგალითია, როცა ძალიან დიდ ქალაქებშიც კი მერები იმ ქალაქში დაბადებული არ ყოფილან, მაგრამ ეს ქალაქები ძალიან განვითარებული არიან და წინ წასულები.

-  როგორ წარუდგენს დავით ნარმანია საკუთარ თავს თბილისის ამომრჩევლებს? ვინ არის დავით ნარმანია?

-  პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩევლებს წარუდგეთ ისე, როგორიც ვართ და არა შენიღბული. ამომრჩეველმა ჩვენ ისეთი უნდა შეგვიცნოს, როგორიც ბუნებრივად ვართ, როგორც სტილის თვალსაზრისით, ასევე მიდგომების თვალსაზრისით. საზოგადოებასთან ურთიერთობით და კომუნიკაციის თვალსაზრისით, ხედვების თვალსაზრისითაც, რაც გაგვაჩნია. ამიტომ თეთრზე არასდროს არ უნდა ვთქვათ, რომ ის არის შავი, საზოგადოებასთან უნდა გვქონდეს უშუალო ურთიერთობა და დამოკიდებულება. საზოგადოებას ძალიან მკაფიოდ და კარგად უნდა დავანახოთ, რომ მთავრი ამოცანა და მთავრი საზრუნავი მათ კეთილდღეობაზე ზრუნვაა, და ამიტომ მოვდივარ ქალაქის მართის სათავეში და არა პირადი გამორჩენისთვის, როგორც ეს წინამორბედის შემთხვევაში იყო და რაზეც საგამოძიებო ორგანოებს ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები აქვთ. თუმცა მე ამ საკითხის სიღრმეში არ შევალ, ეს არ არის ჩემი განსჯის საგანი. ინოვაციური მიდგომები და ხედვები ისევე როგორც ქალაქში არსებული პრობლემების მოგვარების ტრადიციული ინსტრუმენტების გამოყენება ეს იქნება ის მთავარი მიდგომები, რასაც ჩვენ გავაცნობთ ამომრჩეველს, პირდაპირ, უშუალოდ, გულღიად. ამიტომ პროგრამაც არ იქნება ზედმეტად ამბიციური. ის იქნება რეალური პროგრამა, რომლის შესრულებაც შესაძლებელი იქნება არჩევნების შემდეგ ერთი საარჩევნო ციკლის განმავლობაში.

 -  ახლა გადავიდეთ კონკრეტულ საკითხებზე. არჩევნები მოახლოვდა. თქვენ სამსახურის პარალელურად ემზადებით საარჩევნოდ. რა ეტაპზე ხართ? გაქვთ საბოლოოდ ჩამოყალიბებლი გეგმები? პროგრამა? თუ ჯერაც სრულყოფის პროცესშია? შეგიძლიათ ჩვენს მკითხველს გავაცნოთ თქვენი პროგრამა მთლიანად ან ნაწილობრივ? თეზისების სახით მაინც.

-  გვაქვს, რა თქმა უნდა პროგრამა, დიდი ნაწილი საარჩევნო პროგრამისა არის მომზადებული, თუმცა ეს არ არის მხოლოდ წინასაარჩევნო პროგრამა. ესაა პროგრამა, რომლითაც მერიამ უნდა იხელმძღვანელოს შემდგომი 4 წლის განმავლობაში. პროგრამა წერილობითი ფორმით არის, რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება პროგრამა მაშინ, როცა ის საბოლოო რედაქტირებასა და კორექტირებას გაივლის. ხელმისწავდიმი იქნება როგორც ელექტრონული, ასევე ბეჭდური ფორმით. ჩვენი მხარდამჭერები უბან-უბან ივლიან და მათ შორის მე თვითონ და საარჩევნო ჯგუფი ამ პროგრამას გავაცნობთ საზოგადოებას, პროგრამაში მოცემულია ყველა ძირითადი პრობლემა რაც დედაქალაქშია და ამ პრობლემების მოგვარების გზები. პროგრამაში გვაქვს საცხოვრებლად მიმზიდველი გარემოს შექმნის შესახებ წინადადებები, ისევე, როგორც ინფრასტრუქტური მოწესრიგების, ჯანმრთელობისა და სოციალური თვალსაზრისით ღონისძიებებლი, ახალგაზრდული, სპორტთან და კულტურასთან დაკავშირებული ღონისძიებები, გვაქვს გამწვანებასთან, ჰაერის გაბინძურების საწინააღმდეგო ღონისძიებებთან დაკავშირებული და რეკრეაციასთან დაკავშირებული კომპონენტები, ქალაქის ქონებისა და ფინანსების მართვის საკითხი და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხები.

 -  რაზე აკეთებთ ძირითად აქცენეტებს? თქვენთვის რა იქნება პრიორიტეტი  მერიის მუშაობაში?

-  ძირითადი, რა თქმა უნდა, იმ პრობლემების მოგვარება იქნება, რაც საზოგადოებიდან მოდის და რაც დედაქალაქის უფლებამოსილებას განეკუთვნება. ამიტომ ჩვენ არასდროს შევპირდებით ამომრჩეველს, იმის მოგვარებას, რაც არ არის მერიის უფლებამოსილება. აქედან გამომდინარე, პროგრამა იქნება რეალისტური. ყველაზე მთავარი,  რასაც ამომრჩეველს შევპირდებით, იქნება ის, რომ არც ერთი გადაწყვეტილება კაბინეტში არ იქნება მიღებული, საზოგადოებასთან კონსულტაციების გარეშე, არც ერთი პროგრამა არ დაიგეგმება კაბინეტებში. ის საზოგადოებიდან წამოვა, რაც სჭირდება ხალხს, უბრალოდ პრიორიტეტები დალაგდება და პროექტები მომზადდება მერიაში. მაგრამ საზოგადოებიდან წამოვა საჭიროებები, ისე როგროც საზოგადოებას ჩავაბარებთ ანგარიშს, თუ რას ვაკეთებთ, რა გავაკეთეთ და ასე შემდეგ.

-  ანუ თქვენ ისე, როგორც აქ, სამინისტროში გაქვთ რამდენიმე საკონსულტაციო საბჭოები, სადაც საზოგადოების წარმომადგენლები არიან ჩართულები, ამას მერიაშიც გააკეთებთ?

-  რა თქმა უნდა, მერიაშიც იქნება შესაბამისი საკონსულტაციო საბჭოები, ეს იქნება არქიტექტორთა საბჭო და სხვა რამდენიემ მიმართულებით, რომლებიც საზოგადოების საჭიროებებს კარგად იცნობენ და რომლებსაც შეუძლიათ კვალიფიციური კონსულტაცია გაუწიონ მერიის სტრუქტურაში დასაქმებულ მუშაკებს.

 -  გამარჯვების იმედი რომ არ გქონდეთ, მინისტრის სავარძელს არ დატოვებდით. რა გაძლევთ არჩევნებში გამარჯვების იმედს?

 -  არჩევნებში გამარჯვების დიდი იმედი გვაქვს და ამის თქმის საფუძველს რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი გვაძლევს: პირველი, ის რომ ჩვენ ვართ ახალი პოლიტიკური ძალა, რომელმაც რადიკალურად შეცვალა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და სრულიად საპირისპირო მიმართულებით დემოკრატიის გზაზე დააყენა ქვეყანა. მე, როგორც ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, რა თქმა უნდა, ვგრძნობ მხარდაჭერას, როგორც თვითონ პოლიტიკური ძალისგან, ასევე, ჩვენი პოლიტიკური ძალის მომხრე საზოგადოების მხრიდან, მეორე, ეს არის რეფორმები და საქმე, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ სამინისტროში ჩემი ხელმძღვანელობით, რაც უშუალოდ საზოგადოების კეთილდღეობაზე იყო ორიენტირებული. საზოგადოება კარგად იცნობს ამ კომპონენტებს. მესამე არის ის, რომ ჩვენ უშუალო დამოკიდებულება გვაქვს და მე თვითონ უშუალო დამოკიდებულება მაქვს ხალხთან და ასე ვიქნები მომავალშიც. მათ იციან, რომ მე ვარ მათიანი და ჩემთვის მთავრი საზრუნავი საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვაა. ეს ყველაფერი ჯამში, რა თქმა უნდა, გვაძლევს საკმაოდ პოზიტიურ შედეგს და გამარჯვების იმედს.

-  თქვენ თვითონ რას დაამატებდით, ყოველივე ზემოთ თქმულს? როგორც თბილისის მერობის კანდიდატს კიდევ რა გაქვთ სათქმელი თბილისელებისთვის?

-  თბილისელებისთვის, რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი სათქმელი ჩემი მხრიდან იქნება ის, რომ მე მუდმივად მათ გვერდში ვიქნები და არც ერთი პრობლემის მოგვარებისთვის მათ არ დავტოვებ მარტო და მაქსიმალურად დავეხმარები. შეიძლება იყოს ისეთი პრობლემები, რაც არ წარმოადგენს მერიის უფლება მოსილებას და არის ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილება. რა თქმა უნდა. მე ვიქნები ასეთ შემთხვევაში მედიატორი თბილისის მოსახლეობასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის. შესაბამისად, მე როგორც მთავრობის წევრი, რომელიც კარგად ვიცნობ მთავრობის ამ შემადგენლობას, ვგრძნობ უპირატესობას სხვებთან შედარებით ამ თვალსაზრისითაც, რომ უშუალო დამოკიდებულება მაქვს მთავრობის თითოეულ წევრთან და მარტივად შემიძლია მათთან დავაყენო პრობლემა, მივიტანო საკითხი და ასე შემდეგ. ვიმსჯელო მათთან ერთად პრობლემის მოგვარებისა და გადაწყვეტის გზებზე. რა თქმა უნდა, ესეც ძალიან ბევრს ნიშნავს და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, თუ რატომ უნდა  დამიჭიროს მხარი საზოგადოებამ.

-  დიდი მადლობა ინტერვიუსთვის, წარმატებებს გისურვებთ არჩევნებშიც და შემდგომ მოღვაწეობაშიც. დარწმუნებული ვარ ჩვენი შემდეგი ინტერვიუ თბილისის მერის კაბინეტში შედგება.

-  თქვენც დიდი მადლობა.


ესაუბრა ჟურნალ „ახალი ეკონომისტის

მთავარი რედაქტორი

ლოიდ ქარჩავა

05.04.2014 წელი

მთავარი რედაქტორი

ლოიდ ქარჩავა

მთავარი რედაქტორი და სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე,

ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, პროფესორი;

საქართველოს მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარე;

საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი;

ფაზისის საერო-მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი.