Georgian English Russian
ინტერვიუ
24
ინტერვიუ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ბატონ დავით ნარმანიასთან

2012 წლის შემოდგომაზე, როცა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი მთავრობა დაკომპლექტდა, ბატონი დავით ნარმანია დაინიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად და ოფიციალურად იყო გაცხადებული, რომ მას დროებით უნდა ეხელმძღვანელა სამინისტროსთვის, ხოლო რამდენიმე თვეში სამინისტრო უნდა დაშლილიყო. თუმცა მოხდა საპირისპიროდ - აღნიშნული სამინისტრო არა თუ დატოვეს სამთავრობო სტრუქტურაში, არამედ ერთ წელიწადში მოწინავეთა რიგში აღმოჩნდა. ნებისმიერი სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციის წარმატება-წარუმატებლობა მისი ხელმძღვანელობის პროფესიონალიზმის, კეთილსინდისიერებისა და პასუხისმგებლიანობის პირდაპირპროპორციულია.

2013 წლის სექტემბერში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) სამინისტრო ერთ-ერთ ყველაზე გამჭვირვალე უწყებად დაასახელა და ჯილდო „2012-2013 წლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის“გადასცა. ხოლო დეკემბერში რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციაში შემავალ ტელეკომპანიებში ჩაატარებული გამოკითხვის შედეგად, თუ ვის თვლიდნენ წლის ყველაზე საჯარო და გამჭვირვალე სახელმწიფო უწყებად, გამოვლინდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რომელსაც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთვის შესაბამისი სიგელი გადაეცა. 

2013 წლის 30 დეკემბერს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2013 წლის ანგარიში წარუდგინა საზოგადოებას. ჩვენ მთლიანად ვთავაზობთ  მკითხველს როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამინისტროს ანგარიშს, მანამდე კი რადმენიმე კითხვით მივმართეთ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ბატონ დავით ნარმანიას:

-   ბატონო დავით, სანამ კონკრეტულ საკითხებზე გადავიდოდეთ მინდა მოგილოცოთ შობა-ახალი წელი და გისურვოთ 2014 წელი ბევრად უფრო წარმატებული იყოს ვიდრე 2013 წელი. უდავოდ შთამბეჭდავია თქვენი სამინისტროს მიღწევები, განსაკუთრებით იმ ფონზე, რაც თქვენ დაგხვდათ წინა ხელისუფლებისგან. გასული წელი წარმატებული იყო თქვენი სამნისტროსთვის, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამჭვირვალობის თვალსაზრისით პირველი ადგილი დაიკავეთ. ამ თემაზე რაიმე კომენტარს ხომ არ გააკეთებდით?

 -  გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია სახელმწიფო სტრუქტურებისთვის იმიტომ, რომ სახელმწიფო სტრუქტურა ეს არის ხალხის დაკვეთის შემსრულებელი და ხალხმა, ამ შემთხვევაში ამომრჩეველმა  და გადასახადის გადამხდელმა, კარგად უნდა იცოდეს, რას აკეთებს ის უწყება, რომელსაც ის ენდო თავის დროზე და რომელსაც, ასე ვთქვათ, ჩააბარა საჯარო ფუნქციების შესრულება. აქედან გამომდინარე, როგორც კი სამინისტროში მოვედით მე და ჩემი გუნდი, გადავწყვიტეთ, ეს სამინისტრო, როგორც გაუმჭვირვალე სამინისტრო, გვექცია აბსოლუტურად გამჭვირვეალე სამინისტროდ, სადაც არ იარსებებდა დაფარული ინფორმაცია, თუ მას საიდუმლო გრიფი არ ადევს და არ იცავს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“. თუმცა გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ, საჯარო ობიექტების მშენებელი სახელმწიფო ვართ და ამის მენეჯმენტს ვახორციელებთ, ჩვენს სისტემაში დაფარული ინფორმაცია პრაქტიკულად არ არსებობს და ნებისმიერი ინფორმაცია, რაც ჩვენ გაგვაჩნია და მაღალია საზოგადოების ინტერესი, ამასთან დაკავშირებით იდება ვებგვერდზე, ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ, როგორც ვებგვერდის, ასევე „ფეისბუქის“ და საინფორმაციო საშუალებების მეშვეობთ. ხშირად ვატარებთ პრეს-კონფერენციებს, შეხვედრებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ცალკე რეგიონულ მედიასთან და რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ა.შ. არც ერთი განცხადება საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების შესახებ, რეაგირების გარეშე არ რჩება. ინფორმაცია გაიცემა დაუყოვნებლივ, თუ ის დამუშავებას საჭიროებს, ასეთ შემთხვევაში, დაცულია 10 დღიანი ვადა, რაც საჯარო ინფორმაციის გაცემაზე ზოგადი ადმინისტრქაციული კოდექსით არის გათვალისწინებული. ამ ყველაფერმა ჯამში, კომპლექსურად მოგვცა, შესაძლებლობა იმისა, რომ სამინისტროს სისტემა გაგვეხადა გამჭვირვალე.

2012 წლის ბოლოს, როცა ჩვენ  ვაკეთებდით 2013 წლის გეგმებს, იქ ერთ-ერთ პუნქტად ჩავდეთ სამინისტროს საქმიანობის გამჭვირვალობა, როგორც შესასრულებლად სავალდებულო ნორმა და ამას მივაღწიეთ კიდეც. აქედან გამომდინარე, როცა მოხდა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეფასების გაკეთება, თუ რომელი სამინისტრო რა დონეზეა გამჭვირვალობის თვალსაზრისით, ჩვენს სამინისტროს ორივე შეფასების დროს მოწინავე პოზიცია ერგო და შესაბამისი დიპლომებიც გადმოგვეცა, რაც სტიმულია იმ ადამიანებსთვის, რომლებიც მუშაობენ გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამ შემთხვევაში ჩვენი სამინისტროს საზოგადოებასთან ურთოერთობის სამსახურს ვგულისხმობ ძირითადად, რომელსაც წამყვანი რგოლი აქვს. მას მიეცა მეტი სტიმული და  შესაძლებლობა იმისა, რომ უფრო მეტი გააკეთოს. ახლა უკვე ინფორმაციის უფრო აქტიურ გამოქვეყნებაზე გადავედით, როცა ისეთი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება საზოგადოდ მოთხოვნადი იყოს, ასეთ ინფორმაციას წინასწარ ვაქვეყნებთ, რომ დაინტერესებულ ორგანიზაციებს ჰქონდეთ ამ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა და არ მოუწიოთ მათ განცხადებით მომართვა, ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით.

თქვენ, ასევე, საზოგადოება ჩართული გყავთ რიგი საკითხების განხილვაში სპეციალურ კომისიებში მონაწილეობის სახით.

- ჩვენთან არის ორი კომისია, რომელიც საკონსულტაციო ხასიათს ატარებს. ეს არის ერთის მხრივ, რეგიონული განვითარების კომისია და მეორეს მხრივ, თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე კომისია. არის ასევე, ინფრასტრუქტურის მიმართულებით მომუშავე ცალკე ექსპერტებისგან და ჩვენი სამინისტროს თანამშრომელბისგან შემდგარი ტექნიკური საბჭო, რომელიც, ასევე, იღებს გადაწყვეტილებებს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. კონსულტაციები ჩვენ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და თვითონ საზოგადოებასთან მუდმივად გვაქვს და ესეც, რა თქმა უნდა, გამჭვირვალობის ერთ-ერთი და  გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.

თქვენი სამინისტროს 2013 წლის ანგარიშს მკითხველი ჩვენს ჟურნალშიც გაეცნობა, ამიტომ ჩვენ გვინდა იმაზე ვისაუბროთ, რაც ანგარიშში ვერ მოხვდა ან იქნებ რომელიმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი გავშალოთ და უფრო ვრცლად წარუდგინოთ მკითხველს. რა იყო ასეთი და რას დაამატებდით?

- გარდა ანგარიშისა და იმ საჯარო პრეზენტაციისა, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ, მე მაინც ინსტიტუციურ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხს გამოვყოფდი ცალკე. სამუშაოები, რომელსაც ჩვენ ვეწევით, ისედაც ჩანს ვიზუალურადაც და მეორეს მხრივ ანგარიშშიც არის, მაგრამ ინსტიტუციონალურ ვითარებასთან დაკავშირებული ნაწილი, რაც თვალით არ ჩანს, ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია. ამ თვალსაზრისით მე სამ მიმართულებას გამოვყოფდი: ერთი, ეს არის თვითონ მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფა და სისტემის სრულყოფასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა და დეცენტრალიზაცია, რაც საკვანძო საკითხია რეგიონული განვითარების თვალსაზრისით. მეორე, ცალკე გამოსაყოფია მარეგულირებელი სტანდარტების დაწესების შემუშავება. დღემდე ჩვენი სისტემა საბჭოთა, 1984-85 წლების სტანდარტებზე, -  „სნიპებზე“ და „გოსტებზე“ იყო აგებული, ხოლო ჩვენ დავიწყეთ ამის მოწესრიგების სამუშაოები და უფრო თანამედროვე სტანდარტებზე გადასვლა. რამდენიმე მათგანი მოვამზადეთ კიდევაც. ერთ-ერთი ამ ეტაპისთვის უკვე დამტკიცებულია მთავრობის მიერ, რომელიც გასულ წელს დამტკიცდა. ხოლო მესამემიმართულება, ესაა ჩვენი თანამშრომლების გადამზადება თანამედროვე სასწავლო პროგრამების მიხედვით, რომლის საფუძველზეც ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა უფრო მომზადებული კადრების მეშვეობით უკეთესად ვმართოთ ჩვენი პროექტები და პროგრამები.

ახლა სამომავლო გეგმებზეც გადავიდეთ. როგორია სამინისტროს გეგმები 2014 წლისთვის და რომელია პრიორიტეტული მიმართულება მათ შორის?

- 2014 წელი როგორც სამუშაოების, ასევე, რეფორმის განხორციელების თვალსაზრისით ძალიან დატვირთული წელი იქნება. ჩვენ ჯამში 900 მილიონ ლარზე მეტი გვექნება 2014 წელსაც სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად და პარალელურ რჟიმში ქვეყანაში განხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ის კომპონენტი, რომელიც ამ წლისთვის არის გათვალისწინებული. გარდა ამისა, ჩვენ წელსაც ვაგრძელებთ რეგიონული განვითარების ფონდის მართვის და ადმინისტრირების მიმართულების დაზღვევას, რომლის ფარგლებშიც თვითმმართველობებისთვის ფინანსდება სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტები, ჯამში ეს 180 მილიონ ლარზე მეტს აღემატება 2014 წლისთვის და ასევე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ადმინისტრირება ჩვენი სამინისტროს მხრიდან ხორციელდება და ეს წელსაც გაგრძელდება. სამუშაოების თვალსაზრისით გამოსაყოფი იქნება ავტომაგისტრალების მშენებლობის ტემპები. თუ 2013 წელს სამ პარალელურ მონაკვეთზე მიმდინარეობდა მუშაობა, 2014 წელს შვიდ მონაკვეთზე იქნება სამუშაოები, რომ უფრო სწრაფი ტემპებით  წარიმართოს სამშენებლო სამუშაოები. წყალმომარაგების სისტემის თვალსაზრისით გაგრძელდება გარდამავალი პროექტები და 25 მუნიციპალიტეტში გამოცხადდება ასევე ტენდერები, დამატებით წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგებისასთან დაკავშირებით ევროპის საინვესტიციო ბანკი პროგრამის ფარგლებში. გაგრძელდება რეგიონული ნაგავსაყრელების მართვა და სხვადასხვა სახის რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ჯამში ჩვენი ბიუჯეტიდან დაახლოებით 500 მილიონი ლარი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება, როგორც ავტომაგისტრალების, ასევე, მეორადი  კატეგორიის გზების მოწესრიგებაზე და ჯამში 250 მილიონი ლარით სხვადასხვა გზის მონაკვეთი უნდა გაკეთდეს. დანარჩენი დაფინანსება იქნება მიმართული წყალმომარაგებისა და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე, მყარი ნარჩენების მართვაზე ანუ რეგიონული ნაგავსაყრელების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ასევე, დასრულდება დევნილთა საცხოვრებელი ობიექტების მშენებლობა ფოთსა და ზუგდიდში, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობით  ვახორციელებთ.

თუ ბიუჯეტის გადანაწილების თვალსაზრისით მივუდგებით, უდიდესი ნაწილი (501 მილიონი ლარი) გზებზე მოდის. ე.ი. ეს პრიორიტეტულია.

- კი, გზები ჩვენი სამინისტროს სისტემაში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და  ერთ-ერთი ყველაზე ინვესტიციატევადი მიმართულებაა ამავდროულად.

მეორე რომელია და მესამე . . .

- შემდეგ მოდის მუნიციპალური და რეგიონული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, რისთვისაც 2014 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 187 მილიონი ლარი, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის - 131 მილიონი ლარი, იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერისთვის 50 მილიონი ლარი.

რიგი პროექტების დასაფინანსებლად ალბათ, გამოყენებული იქნება საერთაშორისო იაფი და შეღავათიანი კრედიტები. ვისგან, რომელ სფეროში და რა მოცულობის კრედიტების აღებაა გათვალისწინებული 2014 წლისთვის?

- ჩვენი ბიუჯეტის დაახლოებით 2/3 დონორი ორგანიზაციების იაფი, შეღავათიანი კრედიტებით ფინანსდება. სახელმწიფოს მხრიდან მომლაპარაკებელი უწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტროა, რომელიც დონორ ორგანიზაციებთან ათანხმებს კრედიტის მოცულობას, საპროცენტო განაკვეთებს და სხვა პირობებს, ხოლო ჩვენ ფინანსთა სამინისტროს ვაწვდით საჭიროებებს. 2014 წლისთვის უკვე შეთანხმებები მიღწეულია ძირითად დონორ ორგანიზაციებთან. ესაა მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო. ეს არის ძირითადი დონორი ორგანიზაციები. შემდეგ მოდის გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკი - KFW და სხვა დონორი ორგანიზაციები.

ბევრი ითქვა და დაიწერა თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებით. ორიოდე სიტყვით იქნებ გვითხრათ, როგორი იქნება ადგილობრივი თვითმმართევლობების დამოუკიდებლობის ხარისხი და პრინციპები ბიუჯეტთან მიმართებაში?

- თვითმმართველობის რეფორმა ერთ-ერთი საკვანძო საკითხია ჩვენი სამინისტროს მიერ წამოწყებულ რეფორმებს შორის. იმიტომ, რომ სისტემურ და ფუნდამენტურ ცვლილებებზეა საუბარი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ადგილობრივ მოსახლეობასთან მაქსიმალურად ახლოს იყოს და პირველი რიგის გადაუდებელი საკითხები ადგილზე იქნას გადაწყვეტილი. რა თქმა უნდა, ერთია რომ  უფლებამოსილება მიეცამათ მათ, მაგრამ მეორეა ამ უფლებამოსილებების განსახორციელებლად საჭირო ფინანსური რესურსებიც უნდა ჰქონდეთ თვითმმართველობებს და ეს ასეც იქნება. განსაზღვრულია, რომ 2014 წელს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად მომზადდეს ფინანსური მოდელი, რომლის საფუძველზეც საშემოსავლო გადასახადის გარკვეული ნაწილი წავა თვითმმართველობების ბიუჯეტში, იმისათვის რომ ისინი ფინანსურად უფრო ძლიერი ინსტიტუციები იყვნენ და შესაბამისად, ადგილზე დააფინანსონ  ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები. თვითმმართველობებს, რა თქმა უნდა, დამოუკიდებელი ბიოუჯეტი ექნებათ, მაგრამ ის ფინანსურად სუსტი თვითმმართველობები, რომელებიც ვერ შეძლებენ საკუთარი შემოსავლებით საკუთარი ვალდებულებების დაფინანსებას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღებენ გათანაბრებულ ტრანსფერს. სესხის აღება მათ  შეეძლებათ იმ შემთხვევაში, თუ ექნებათ მთავრობის თანხმობა. თუმცა ეს არის მხოლოდ რეეფორმის დასაწყისი ამ ეტაპზე. საერთაშორისო გამოცდილების მიხევდით ეს რეფორმა რამდენიმე წლის განმავლობაში უნდა ტარდებოდეს და ხორციელდებოდეს, ამიტომ წლების განმავლობაში რამდენიმე კომპონენტი დაემატება თვითმმართველობებს იმისათვის, რომ ნელ-ნელა უფრო ცივილური და ევროპული თვითმმართველობისკენ წავიდეს ჩვენი ქვეყანა.

ესე იგი ჯერჯერობით ბიუჯეტთან მიმართებაში საბოლოდ ჩამოყალიბებული არ არის რა დარჩება ადგილობრივ ბიუჯეტში?

- ბიუჯეტთან მიმართებაში საგადასახადო კოდექსში ცვლილებები ინიცირებულია, თუმცა შემოსავლების განაწილებისათან დაკავშირებულ მოდელზე დამატებით 2014 წელს გაგრძელდება მუშაობა, რომ 2015 წლის 1 იანვრიდან შევიდეს ძალაში თვითმმართველობების ახალი საბიუჯეტო სისტემა.

დაბოლოს, ამდენი საუბრის მერე, რა არის ისეთი საკითხი, რომლის დამატებაც საინტერესო იქნება მკითხველისთვის?

- ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მკითხველებმა აქტიური კომუნიკაცია იქონიონ ჩვენს სამინისტროსთან ინფრასტრუქტურის კომპონენტთან მიმართებაში. ხშირია კითხვები თუ სად და რას ვაკეთებთ. ამიტომ არის, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ჯერ კიდევ წინა წელს წლის დასაწყისშივე გამოვაქვეყნეთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ რეგიონში და რომელ მუნიციპალიტეტებში რა პროექტებს ვაკეთებთ. წელსაც ანალოგიურად გავაკეთეთ და ვებგვედზე უახლოესი დღეების განმავლობაში დაიდება ინფორმაცია, მზად გავქვს წლევანდელი პროექტები და პროგრამები. ყოველშემთხვევაში ჟურნალი როცა გამოვა ეს ინფორმაციები ყველა განთავსებული იქნება. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება მიიღოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად რას ვახორციელებთ და ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, მოქალაქეების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებულ ნაწილში. თვითმმართველობის საქმიანობაში, მეტად აქტიურად ჩართვა, რომ თვითმმართველობებს არ მივცეთ მოსვენების საშუალება. ჩვენ, მოქალაქეები  თვითმმართველობას ვირჩევთ იმისთვის, რომ მან მოგვიგვაროს ჩვენი, ასე ვთქვათ, ყოველდღიური ყოფითი საჯარო პრობლემები და აქედან გამომდინარე უნდა შეგვეძლოს, რომ მოვთხოვოთ მას პასუხი. ამიტომ ამ კომპონენტსაც უნდა მიაქციოს მკითხველმა  ძალიან აქტიური ყურადღება.

გმადლობთ, რომ დაგვითმეთ დრო და გვესაუბრეთ აქტუალურ საკითხებზე.

ესაუბრა ჟურნალ "ახალი ეკონომისტის"

მთავარი რედაქტორი ლოიდ ქარჩავა

მთავარი რედაქტორი

ლოიდ ქარჩავა

მთავარი რედაქტორი და სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე,

ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, პროფესორი;

საქართველოს მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარე;

საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი;

ფაზისის საერო-მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი.