Georgian English Russian
ბიზნესის გარშემო
24
ინტერვიუ "მედიგრუპ ჯორჯიას" დამუძნებელთან, ბატონ თამაზ მჭდლიძესთან

„ვაქციოთ საქართველო გაჯანსაღების მსოფლიო ცენტრად და ჯორჯიან ველნესი - ეროვნულ იდეად!“

ბატონ თამაზ მჭედლიძეს ჩვენი „სტაჟიანი“  მკითხველი უკვე იცნობს. რამდენიმე წლის წინ ის ჩვენ მკითხველს წარვუდგინეთ როგორც ექიმი, მეცნიერი,  ბიზნესმენი და მეცენატი. დღეისათვის მას დიდი საქმე აქვს წამოწყებული, მე ვიტყოდი გრანდიოზული, რომელიც ჩვენი აზრით, მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ადგილს დაიკავებს მსოფლიოს ველნესის ინდუსტრიის სისტემაში. საქართველოს ამისათვის ყველანაირი პირობა აქვს. ბატონ თამაზს სწორედ იქ ვეწვიეთ, სადაც ეს დიდი პროექტი ხორციელდება. ერთი ჯგუფი გზას აკეთებს, მეორე - კოტეჯებს აშენებს. ორი უკვე აშენებულია. მიდის მადარმწვანე ხეების განაშენიანება და ასე შემდეგ. მოკლედ, მიდის მშენებლობა დაჩქარებული ტემპით, რაშიც ბატონი თამაზი უშუალოდ არის აქტიური მონაწილე, რათა ზედმიწევნით მაღალი გემოვნებით შესრულდეს თითოეული პროექტი. სანამ მე მივიდოდი მასალების შესარჩევად იყო წასული. . .

დღეისათვის  ჩვენი მიზანია, წარმოვაჩინოთ  ბიზნესმენი და ზოგადად წარმატებული ადამიანი, როგორც ბიზნესში, ასევე, მედიცინასა და მეცნიერებაში. ჩვენი პირველი კითხვაც ამით დავიწყეთ. მას კი გაეცინა და მითხრა: „ხშირად მიწევს ინტერვიუების მიცემა და ზეპირად ვიცი რა აინტერესებს ჟურნალისტებსა და მკითხველსო“.

ბატონო თამაზთქვენ ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესმენიბრძანდებითწარმატებული ადამიანი კი შემოქმედია პირველ ყოვლისაწარმატებას ნებისმიერსფეროში ბევრი საერთო უნარ-ჩვევები სჭირდებათუმცა სხვადასხვა შემთხვევაში ის შეიძლებაგანსხვავებული იყოსთქვენს შემთხვევაში რამ განაპირობა წარმატებაროგორ დაიწყეთ დაროგორ აღმოჩნდით ამ მწვერვალზე?

-  როცა პატარა ბავშვი  ვიყავი, ჩემი წინაპრები დედის მხრიდან, აკეთებდნენ მალამოს. ბებიაჩემი მეუბნებოდა: „ნენა, ბინტი დამიჭირე“ . . . „ნენა, მალამო მომიტანე“ და ასე შემდეგ. ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ექიმი უნდა გამოვსულიყავი, რადგან ვუყურებდი ჯერ ბებია, შემდეგ დედა როგორ მკურნალობდნენ ხალხს. ამიტომ შემდეგ ჩემი და, ჩემი  ძმა და მეც  ექიმები გავხდით.

გამოცდები ჩავაბარე ლენინგრადის სამედიცინო ინსტიტუტში, პლასტიკურ ქირურგიაზე სწავლა მინდოდა. ძმამ მირჩია, ჯერ სტომატოლოგიურზე ჩამებარებინა, რადგან ყბა–სახის ქირურგიიდან პლასტიკურ ქირურგიას იოლად დავეუფლებოდი. მეოთხე კურსამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ პლასტიკური ქირურგი ვიქნებოდი. მეოთხე კურსზე, სტომატოლოგიაში პრაქტიკების დროს, ერთი ლამაზი გოგონა მოვიდა. წინა კბილი გატეხილი ჰქონდა. მაშინდელი მასალებით ვიწვალე და ისეთი ლამაზი კბილი გამოუვიდა, ძალიან გაუხარდა და გადამეხვია. მეც გამიხარდა და ვიფიქრე, რაღად მინდა პლასტიკური ქირურგია, სტომატოლოგად დავრჩები–მეთქი. სტომატოლოგია ისეთი განხრაა, რომელიც მეწარმეობასთან ყველაზე ახლოსაა.

სახელმწიფო სტრუქტურაში რომ ვმუშაობდი მაშინ არა, მაგრამ პირველი შესაძლებლობები რომ გაჩნდა და პატენტის აღება შესაძლებელი გახდა, ავიღე პატენტი და დავიწყე მუშაობა. სახელმწიფო პრაქტიკა მქონდა რუსეთში და კერძო პრაქტიკა – ხაშურში. 1989 წელს ჩამოვედი ხაშურში და ერთი წელიწადი ვიმუშავე იქ. მშობლებმა დამირეკეს, - უმცროსი შვილი  ხარ შენ და უნდა მიხედო მშობლებსო. ჩამომიყვანეს აქ. ხაშურში გავხსენი  სტომატოლოგიის კაბინეტი.  ერთი წელი ვიყავი და კარგად ვიმუშავე ის ერთი წელი. ხაშურში ამბობდნენ, რომ იაპონური `ატვიორტკები~ აქვს და ისე იღებს კბილს, ვერც გაიგებო, კბილს აშენებსო და გრძელი რიგებიც იდგა. ხალხს მანქანებში ეძინათ ხოლმე რიგში რომ ჩამდგარიყვნენ. ერთი სიტყვით, ეს სპეციალობა შემიყვარდა.

რომ მეუბნებიან ხოლმე, წარმატებას როგორ მიაღწიეო, წარმატებას მივაღწიე იმით, რომ ბავშვობიდანვე დავინახე და ვიცოდი - მედიცინაზე კარგი, უფრო კეთილშობილური საქმე არ არსებობს, ჩემი გაგებით. ბებიასგან რომ ვისწავლე საკუთარი საქმის სიყვარული, მერე სტუდენტი რომ გავხდი და რომ მივხვდი სტომატოლოგი უნდა გავმხდარიყავი, მერე ჩემი კბილები მე თვითონ რომ ვიმკურნალე პირის ღრუში, მაშინ მივხვდი, რომ პაციენტებს როცა ვმკურნალობდი, იმათ პირის ღრუში ვგრძნობდი, რომ თითქოს  ჩემს კბილებს ვმკურნალობდი. ამან განაპირობა ის, რომ პაციენტებს მოეწონათ მომსახურება და ისინი ძალიან ბევრი მყავდა, ამდენად, მოთხოვნადი ექიმი გავხდი. მოთხოვნადი ექიმი რომ გავხდი რუსეთშიც  და საქართველოშიც, ხაშურში ამ მოთხოვნადობამ რიგები შემიქმნა, როგორც უკვე მოგახსენეთ. მაგრამ ერთი ის იყო, რომ პეტერბურგში ნაცხოვრები ხაშურში გაზრდილი ადამიანისთვის, ხაშური, რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან მცირე იყო თავისი  მასშტაბებით და გავექეცი მაინც მშობლებს (იცინის) - დავბრუნდი პეტერბურგში, გავხსენი იქ კლინიკა და  მერე წავიდა და წავიდა საქმე კარგად.....

იცით, როცა ჩემი მეგობრები, ვინც ფულს აკეთებდა და მერსედესებს  ყიდულობდა, მე ამ დროს ყველა კაპიკს ვდებდი ახალი ტექნოლოგია რომ შემეძინა, იმიტომ, რომ თავიდანვე მიყვარდა ჩემი საქმე. ჩემთვის მერსედესზე უფრო ძვირფასი იყო ახალი,  გერმანული სტომატოლოგიური დანადგარი. აი, ამანაც განაპირობა ჩემი წარმატება. მერე, რა თქმა უნდა,  გავხსენი  მეორე, მესამე კლინიკა და წავიდა და წავიდა საქმე კარგად. ამჟამად  20-ზე მეტი კლინიკა მაქვს პეტერბურგში და ერთი მოსკოვში.

მკითხველისთვის ადვილი აღსაქმელი რომ იყოსზოგიერთი ციფრებიც ვუთხრათრათაწარმოდგენა შევუქმნათთუ რა მასშტაბებთან გვაქვს საქმებიზნესის შეფასებისას ერთ-ერთიმნიშვნელოვანი კრიტერიუმია მისი მოცულობაფინანსებირამდენია დღეისათვის თქვენიბიზნესის წლიური ბრუნვა?

- დღეისათვის წლიური ბრუნვა 100 მილიონი დოლარის ფარგლებშია და აქედან 10 მილიონი მოგება მრჩება. ამ 10 მილიონიდან 5 მილიონი ახალი კლინიკის შექმნისთვის იხარჯება.

ესე იგიერთი კლინიკის შექმნა 5 მილიონი დოლარი ჯდება?

- დიახ, ის რომ აღჭურვო თანამედროვე ტექნიკით, ასე ჯდება.

მაგრამ თქვენ მარტო სტომატოლოგიური კლინიკებით არ შემოიფარგლებითსხვა რასაქმიანობას ეწევით?

- დიახ, დღევანდელ რუსეთში ჩემია ერთადერთი ინსტიტუტი, - დიპლომისშემდგომი სწავლების ინსტიტუტი. ძალიან ცნობილია რუსეთში. ჩვენ ასევე ვუშვებთ ჟურნალს, «Институт стоматологии» (სტომატოლოგიის ინსტიტუტი) ჰქვია, ისიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია რუსეთში  და აი, ასე, ნულიდან შექმნილი ჩემი სისტემა გამოვიდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი რუსეთში. სტომატოლოგიის მერე, უკვე გადავედით ესთეტიკურ მედიცინაზე, მერე სხვადასხვა განხრა და ახლა არის დიდი სისტემა.

თქვენ ისაუბრეთ თქვენს მიღწევებზეწარმატებებზე და რამ განაპირობა თქვენი ასეთიწარმატება?

- პრინციპში, კიდევ ერთხელ რომ ვაანალიზებ ჩემს ცხოვრებას, ოცდაორი წლის წინ ჩემს ბიზნესს ვიწყებ მარტო –„ბორმაშინკით“. ამჟამად ჩემს კლინიკებში 1500-ზე მეტი პერსონალია დასაქმებული, ექიმები, პროფესორები და მენეჯერები, ბიზნეს ადმინისტრირების მენეჯმენტის სპეციალისტები და ასეთი დონის პერსონალი მყავს გუნდში, რომ ვიფიქრე, რატომ? ჩემამდე ათიათასმა დაამთავრა სამედიცინო და ჩემს მერე კიდევ ათიათასი დაამთავრებს. რატომ მომცა ღმერთმა მე ეს ყველაფერი და  მე რატომ შევძელი? აქ ტრაბახივით შეიძლება გამომივიდეს, მაგრამ მე ანალიზს ვაკეთებ გვერდიდან, სხვისი თვალით, და აქ, რომ ვამბობთ, ყველა ერთნაირები ვართო, არა ვართ ერთნაირები. რომ ვიბადებით, ყველა ერთნაირები ვიბადებით, მაგრამ სხვადასხვა გენეტიკური წყობა გვაქვს. მაგალითად, ჩემს ოჯახში, ჩემი და, ჩემი ძმა და მე სულ სხვადასხვანაირები ვართ. ჩემი და ვერასოდეს ვერ გახდებოდა და ვერც გახდა ბიზნესმენი. ჩემს ძმას მე მივეცი ბიძგი და ძალზე წარმატებული ბიზნესმენი გახდა. ის არის ექიმი, ქირურგი, სამედიცინო სამსახურის თადარიგის პოლკოვნიკი. მან თავდაპირველად პეტერბურგში, ჩემთან დაიწყო მუშაობა. შემდეგ თავად შექმნა თავისი  კლინიკათა ქსელი. „მედი“ საქართველოში ჩემი ძმის არის. ამჟამად მას არა მარტო საქართველოში, არამედ პეტერბურგსა და პრაღაშიც აქვს კლინიკათა ქსელი სახელწოდებით „მედიესთეტიკი“.  მაგრამ რისკიანობის, სიახლისადმი სწრაფვის და საერთოდ,  სამეწარმეო უნარი მეტი მაინც ჩემში აღმოჩნდა. გამოდის, რომ იმის გარდა, რომ გიყვარდეს შენი საქმე, იმის გარდა, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდე, საჭიროა გქონდეს კიდევ რაღაც გენეტიკური  თვისებები, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთს შეერწყას.

ამიტომ, მე რისი თქმა მინდა მათთვის, ვინც კითხულობს თქვენს ჟურნალს, ვინც ცხოვრებაში ვერ შედგა, არ არის წარმატებული, არ არის ბიზნესმენი და არ არის შეძლებული. ყოველივე ეს ამ ადამიანების ბრალი არ არის. ეს არის ბუნების . . . შეიძლება ღმერთმა ერთს ერთი მისცა, მეორეს - მეორე და მესამეს - მესამე. . . ერთადერთი ის უნდა ვიცოდეთ, რომ ყველანი ღმერთის შვილები ვართ, რომ ყველანი თანაბარი ვართ ღმერთის წინაშე. კი ცხოვრების წინაშე სხვადასხვები ვართ, სხვადასხვა გენეტიკა გვაქვს, სხვადასხვა შესაძლებლობები, მაგრამ ღმერთის წინაშე ყველანი ერთნი ვართ და ყველანი ღმერთს დავუბრუნდებით, რომ წავალთ ამ ქვეყნიდან, ვერაფერს ვერ წავიღებთ, როგორც მოვედით ამ ქვეყანაზე,  აბსოლუტურად ერთნაირად ვბრუნდებით იქ.  იერარქიებს კი აქვს რაღაც მნიშვნელობა ერთმანეთის წინაშე, ვიგონებთ და რაღაც ამბიციებს ვაწყობთ ამ ცხოვრებაში, კი ვართ სხვადასხვანაირები, მაგრამ ყველას თავისი უნარი  აქვს. . .   მე რომ მწერლობა დავიწყო, არ არის ეს ჩემი, ღმერთმა არ მომცა ეს ნიჭი. ისე წიგნი კი დავწერე, მაგრამ უფრო სწორად ვკარნახობდი ჟურნალისტს და მერე ვასწორებდი ამ ყველაფერს. სიმღერა მიყვარს, აგერ „საქართველოო ლამაზო“  ჩავწერეთ, ვიმღერეთ, მე და მირიანმა (ჩემი კომპანია „მედგრუპჯორჯიას“ გენერალური დირექტორი), და სხვა, მაგრამ  ეს ყველაფერი როგორც ჰობი ისეა, თითოეულმა კი თავისი რაღაც საქმე უნდა აკეთოს. არის ერთი მწერალი - დანიილ გრანინი, ჩემი მეგობარი, ვლაპარაკობდით და მან მითხრა: «очень важно в этой жизни, папасть в себя» (ამ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია, მოხვდე საკუთარ თავში). ესე იგი, შენ შენს თავში თუ გაარტყი ასიანში, მაქსიმალური შესაძლებლობებით შეგიძლია იმუშაო და მაშინ უფრო აქტიური ხარ, მაგრამ იმ ფარგლებში, რაც მაინც ღმერთმა მოგცა. ღმერთმა ყველას სხვადასხვა შესაძლებლობები მისცა და ეს ჩვენი დამსახურება არ არის. ეს ღმერთის დამსახურებაა და ვინც შეძლო ამ ცხოვრებაში ამ თამაშის წესებით გამდიდრება და შეიძლება რაღაცა შექმნა, იმათ ვეტყვი, რომ ეს მათი დამსახურება არ არის, ეს ღმერთის დამსახურებაა. ვინც კი ვერ შეძლო ეს ყველაფერი, ისიც იმედს ნუ კარგავს . . .

ფული და მატერიალური არ არის ყველაფერი. კი, მატერიალურის გარეშე ძნელია ბედნიერება, მაგრამ მარტო მატერიალურიც არ არის ბედნიერება. ხანდახან  საშუალო დონის ადამიანს შეუძლია ნახოს უფრო მეტი ბედნიერება, ვიდრე მილიარდერს და ვიდრე სხვა წარმატებულ ადამიანს. ამიტომ, რომ ვუკვირდები, ფილოსოფიური მომენტია, მაგრამ ამაშია სამყაროს მთელი ჭეშმარიტება.

ახლა ისევ ეკონომიკას რომ დავუბრუნდეთ, პირდაპირ გეტყვით, ხომ შევქმენი ეს ყველაფერი, ჩემს თავში ხომ მეც წარმატებული ადამიანი ვიყავი, მაგრამ რომ შევხედე ჩემს თავს, რამხელა ფსიქოლოგიური სტრესები გადავიტანე.  წარმოიდგინეთ, წახვედი კაცი რუსეთში, პეტერბურგში, მარტო, კაციშვილი არ გყავს პატრონი და მარტო შენ ქმნი შენს თავს და გარემოს. თან ლიდერი ხდები რაღაც საქმეში. ეს სტრესების გარეშე არ არსებობს.  «заедание стрессов» არსებობს მედიცინაში ასეთი ტერმინი. ამის ნეიტრალიზებას მე ვახდენდი კარგად ჭამაში. გემრიელად ჭამა მიყვარდა და 170 კილო გავხდი. მერე ღმერთმა იმის ძალაც მომცა, რომ ჩემს თავთან მებრძოლა და გამემარჯვებინა კიდევაც. ყველაზე დიდი გამარჯვებაა, შენს თავზე გამარჯვება რომ შეგიძლია. იმიტომ, რომ ეს თვისებები, ჩვევები ყველაფერი შესაცვლელი მქონდა. ყველაფერი მქონდა: ოჯახი, პატივისცემა, ქონება, მაგრამ რომ ვნახე ჭარბი წონა ჩემი საქმის მუხრუჭი გახდა, გადავწყვიტე მებრძოლა ამის წინააღმდეგ. მედიცინა ეს ჩემი ცხოვრების აზრია, ჩემი თვითრეალიზაცია. ესაა ყველაფერი, ამითი ვცხოვრობ. აღმოჩნდა, რომ რაღაც ეტაპზე მე ჩემი თავის მუხრუჭი გავხდი, დავიწყე ბრძოლა ჩემს თავთან და გავიმარჯვე კიდეც. ერთ წელიწადში 74 კილოგრამი დავიკელი.

- რუსეთში წარმატებული საქმიანობის შემდეგ სისხლის ყივილმა საქართველოში დაგაბრუნათ.აქაც შეუდექით ბიზნესის მშენებლობას. თავიდან გახსენით დღეს უკვე ყველასთვის ცნობილიკლინიკათა სისტემა „მედი“, ხოლო შემდეგ ახალ საერთაშორისო პროექტზე – ველნესინდუსტრიის მშენებლობაზე გადაერთეთ. რა გეგმები გაქვთ ამასთან დაკავშირებით?

-  ყოველთვის ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან საქართველოში დავბრუნდებოდი. თან 2011-ში ტყუპი ბიჭი მეყოლა და ისინი ქართულად მინდა გავზარდო.

ვიფიქრე, რა შემიძლია რომ საქართველოში შევქმნა? ჩემს ძმას უკვე აქვს აქ კლინიკები, მე კიდევ რაღაც ახლის გაკეთება მინდოდა. ვიფიქრე რა შეიძლება საქართველოში გავაკეთო ორიგინალური? გამოკვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ საქართველო არის უნიკალური ქვეყანა  ველნეს ინდუსტიის შესაქმნელად. ახლა ავხსნი რას ითვალისწინებს ეს:

ველნესი – ეს არ არის მოდის ახალი ტენდენცია. ყველა დროსა და ეპოქაში ნებისმიერ ადამიანს სურს თავს გრძნობდეს ჯანსაღად, გამოიყურებოდეს ახალგაზრდულად და არ ავადმყოფობდეს.

ადამიანის ეს სანუკვარი სურვილი ერთ ტერმინში, სახელად ველნესი (ჭელლნესს), პირველად ამერიკელმა ექიმმა ჰელბერტ დანმა, ჯერკიდევ  1959 წელს გამოიყენა.

რა თქმა უნდა, მედიცინის შესაძლებლობები დღეს ძალზე დიდია, მაგრამ იმისთვის, რომ ადამიანმა თავი იგრძნოს ჯანსაღად და გამოიყურებოდეს ახალგაზრდულად, ეს საკმარისი არ არის. ველნესისთვის აუცილებელია როგორც სხეულის, ისე სულის სიჯანსაღე. ამისთვის კი საჭიროა ჯანსაღი ცხოვრების წესი ყველა გაგებით, სტრესებთან და მისგან გამოწვეულ შედეგებთან ბრძოლა და მედიცინის დახმარება. ყველაფერს, რაც უზრუნველყოფს ჯანსაღი ცხოვრების წესს, სტრესებთან და მის შედეგებთან ბრძოლას და სამედიცინო მხარდაჭერას, შეიძლება ეწოდოს ველნეს ინდუსტრია.

ბოლო წლებში ველნესი, როგორც ინდუსტრია, ძალიან სწრაფად ვითარდება. მხოლოდ შეერთებულ შტატებში მან უკვე ტრილიონამდე ბრუნვას მიაღწია. ის არის მრავალმხრივ განვითარებული ინდუსტრია და მოიცავს ფიტნესს, კოსმეტოლოგიას, დაბერების საწინააღმდეგო მედიცინას, დიეტოლოგიას, ფიტოთერაპიას, სპა–ს და ა. შ.

თანამედროვე ცხოვრების სწრაფი ტემპი ველნეს ინდუსტრიას კიდევ უფრო მეტად მოთხოვნადს ხდის. ინფორმაციული გადატვირთულობა, გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფე, რასაკვირველია, ზრდის სტრესულ ფონს და ნერვულ დაძაბულობას. ადამიანების კეთილდღეობის ზრდა მისგან ახალ სოციალურ სტანდარტებში მოქცევას ითხოვს, რაც გულისხმობს, რომ ის, როგორც პიროვნება, უნდა იყოს ჯანმრთელი და პოზიტიური, მას უწევს ჩადოს ინვესტიცია საკუთარ გარეგნობაში.

დღესდღეობით, იმის მიხედვით თუ რამდენად მოვლილია ადამიანი, ხდება მისი სოციალური იდენტიფიცირება და პოზიცირება, შესაბამისად, პროფესიული და პირადი წარმატებაც. ველნესი ასევე იძლევა შესაძლებლობას თავიდან იქნეს აცილებული ან მაქსიმალურად შემცირებული „ცივილიზაციის საუკუნის“ მრავალი დაავადება: გულ–სისხლძარღვთა სისტემის, საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის, შაქრიანი დიაბეტის და სხვა.

ბევრი ველნესს სამედიცინო ტურიზმთან აიგივებს, მაგრამ რეალობაში ველნესი გულისხმობს პირველად პროფილაქტიკასა და გაახალგაზრდავებას, მაშინ როდესაც სამედიცინო ტურიზმის ძირითადი მიმართულება რეაბილიტაცია და ჯანმრთელობის აღდგენაა. ამავე დროს, რა თქმა, უნდა ველნესი მჭიდრო კავშირშია მასთან და ხელს უწყობს მის განვითარებას.

ჩვენს საუკუნეში ერები ახალი გამოწვევების წინაშე დადგნენ. გლობალიზაცია და ინტერნეტტექნოლოგიები არა მხოლოდ ტერიტორიულ, არამედ კულტურულ საზღვრებსაც შლის. დადგა მცირე ერების მრავალსაუკუნოვანი კულტურებისა და ტრადიციების გაქრობის საფრთხე, მაგრამ ისინი, ვინც მოახერხებენ თანამედროვე ცივილიზაციას რაღაც განსაკუთრებული, საიდენტიფიკაციო ბრენდ-კოდი შესთავაზონ, ბუნებრივად აღმოჩნდებიან პრივილეგირებულ მდგომარეობაში. ეს ტენდენციები უკვე შეიმჩნევა, მაგალითად: ამერიკის შეერთებული შტატები – მსოფლიოს სამეცნიერო და ფინანსური ცენტრი, ჩინეთი – იაფი პროდუქციის მასობრივი მწარმოებელი, იაპონია – ტექნოლოგიების მაღალხარისხიანი მწარმოებელი, საფრანგეთი – ღვინის სამშობლო და ასე შემდეგ.

რა საიდენტიფიკაციო ბრენდ-კოდით შეიძლება წარდგეს საქართველო მსოფლიოს წინაშე?

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში არის უნიკალური ბუნება, ამ მცირე ტერიტორიაზე მრავალფეროვანი კლიმატური ზონები, ზღვა, მთები, მდინარეები, ტყეები, სხვადასხვა სახეობის მინერალური წყალი, სამკურნალო ტალახები, სამკურნალო მცენარეები, მაგნიტური ქვიშები და კიდევ მრავალი სხვა უნიკალური შესაძლებლობა, ეს ტერიტორია, ისე როგორც არცერთი სხვა, თანამედროვე მსოფლიო სამეცნიერო მიღწევების გამოყენებით მიესადაგება იმას, რომ გახდეს მსოფლიოს ველნეს ინდუსტრიის ცენტრი. ამ კოდის გაძლიერებას, ასევე, ხელს უწყობს მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურა და ტრადიციები – მრავალხმიანი სიმღერა, მრავალფეროვანი ცეკვები. მარტო ქართული ტრადიციული სუფრა რად ღირს! ეს ფსიქოთერაპიის უნიკალური ინსტრუმენტია, სადაც თითოეულ ადამიანსა და მის ცხოვრებისეულ ღირებულებებს პოზიტიურად წარმოაჩენენ, ხოლო ყველანი ერთად ცალკეულ თანამესუფრეს დადებითი ენერგიით ავსებენ.

ამიტომ ჩვენი მოწოდებაა:

ვაქციოთ საქართველო გაჯანსაღების მსოფლიო ცენტრად და ჯორჯიან ველნესი - ეროვნულ იდეად!

- და როდისთვის ფიქრობთ ამ იდეის რეალიზებასროდის დაიწყებს ფუნქციონირებას ჯორჯიანველნესი?

- ადგილზე, სადაც თქვენ ახლა იმყოფებით, ხედავთ, როგორი დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს მუშაობა. ეს იმიტომ, რომ  როცა ჩვენ ეს მიწები, 27 ჰექტარი, შევიძინეთ, მთავრობასთან დავდეთ ხელშეკრულება, სადაც გარკვეული პირობები არის ჩადებული, რომლის მიხედვითაც 2014 წლის ბოლომდე მან უნდა დაიწყოს ფუნქციონირება. კონტრაქტის რომელიმე ნაწილი თუ არ შესრულდა ან დროში ვერ ჩავეტიეთ, ვკარგავ მთელ ინვესტიციას. ამას მხოლოდ გიჟი თუ გააკეთებდა ან დიდი სიყვარულია საჭირო. მიუხედავდ იმისა, რომ ვიღაცეები ცდილობენ ხელი შეგვიშალონ, ფული შეგვაწერონ,. . . ჩვენ მაინც არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მუშაობას. რაც არ უნდა დაგვიჯდეს, 2014 წელს კომპლექსმა უნდა დაიწყოს ფუნქციონირება.

პერსპექტივაში ამ მიმართულებით რეგიონებშიც გექნებათ გათვალისწინებული ველნესისგანვითარება.

- დიახ, იცით, აქ აუცილებელი არ არის, რომ ველნეს ინდუსტრიაში მარტო მე ვიყო. მე რასაც აქ ვაკეთებ, ესაა მსოფლიოს ელიტარული საზოგადოებისათვის, შესაბამისად, აქ მომსახურება ძვირი იქნება. თან გვექნება ფილიალები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ულამაზეს ადგილებში, მაგრამ ვინაიდან ასეთი ადგილები ხშირად ძნელად მისადგომია, ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს კლიენტების ვერტმფრენით გადაადგილება. წარმოიდგინეთ, რომ კლიენტს  შეეძლება ერთი დღე–ღამე   ერთგან გაატაროს, მეორე - მეორეგან და ა.შ.  თან შეეძლება ეს ყველაფერი შეარჩიოს ამინდის შესაბამისად. ასეთი კომპლექსური სისტემა მსოფლიოში არ არსებობს.

პარალელურად, ჩვენ ხელს შევუწყობთ დაბალფასიან ველნეს ინდუსტრიის განვითარებას. ვასწავლით დაინტერესებულ პირებს, თუ როგორ მოემსახურონ და უმკურნალონ ნაკლებშემოსავლიან კლიენტებს და ასე შემდეგ. ასე რომ, აქ დიდ პერსპექტივებს ვხედავ, როგორც ბიზნესის, ისე ქვეყნის განვითარებისთვის. თანაც ეს არ მოითხოვს მარტო ისეთ მომსახურებას, როგორიც ტურისტული ბიზნესია. აქ დაგვჭირდება მაღალინტელექტუალური ადამიანური რესურსების, როგორიცაა   კოსმეტოლოგიის, დაბერების საწინააღმდეგო მედიცინის, სპორტული მედიცინის, ფიტოთერაპიის და სხვა განხრების გამოყენება. ამას მიებმება სოფლის მეურნეობა, ნატურალური მაღალხარისხოვანი საკვები პროდუქტების წარმოება და ა.შ.

ბატონო თამაზმე მჯერა თქვენი და მინდა წარმატებები გისურვოთ ამ საქმეშიცამასთანთუგახსნაზე დამპატიჟებთდიდი სიამოვნებით ვაუწყებდი ჩვენი ჟურნალის მკითხველს პრეზენტაციისშესახებ.

- აუცილებლად, მაგრამ მანადე კიდევ ბევრჯერ დაგპატიჟებთ. . .

- დიდი მადლობა ბატონო თამაზრომ გამონახეთ დრო ასეთი საინტერესო საუბრისათვისკარგადბრძანდებოდეთ.

- თქვენც მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ.

ესაუბრა ჟურნალ ახალი ეკონომისტის

მთავარი რედაქტორი ლოიდ ქარჩავა

მთავარი რედაქტორი

ლოიდ ქარჩავა

მთავარი რედაქტორი და სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე,

ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, პროფესორი;

საქართველოს მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარე;

საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი;

ფაზისის საერო-მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი.