Georgian English Russian
სიახლეები
24
სებ-ის ახალი ხემძღვანელობა და ლარის ახალი პრობლემები

ბოლო ერთი თვეა ლარს „სასწაულები“  სჭირს. ყველგან: პრესაში, ტელეარხებზე, ქუჩაში და ა.შ ყველა ერთი და იგივე კითხვას სვამს: „რა ემართება ლარს“?

 აშკარად გაკვირვებული და დაბნეულები არიან მთავრობის წევრებიც, ამიტომაც არის, რომ ლარის კურსის ბოლო პერიოდის ვარდნას ხან რას აბრალებენ და ხან რას. ზოგიერთ მთავრობის წევრს იმდენი ფანტაზიაც კი აღმოაჩნდა, რომ ლარის კურსის ვარდნა, დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ რეფერენდუმს დააბრალა. თუ ეს „მართალი აღმოჩნდა“ და საქართველოს მთავრობის წევრები უფრო მეტად დააკვირდებიან და უკეთეს ანალიზს გაუკეთებენ ლარის კურსის თამაშს,  მომავალში მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიწისძვრებს, წყალდიდობებს და სხვა პოლიტიკურ და ბუნებრივ კატაკლიზმების პროგნოზირებასაც შეძლებენ. ამ ყველაფერზე ადამიანი კარგად გაერთობოდა, სატირლად რომ არ გვქონდეს საქმე.

როგორც კი ელემენტარული ეკონომიკური პრობლემები წარმოიშვება, მთავრობა ყველაფერს უცხოეთში მომხდარ მოვლენებს აბრალებს. მსოფლიო დიდია, ყოველდღე რაღაცა ხდება, რაღაცა იცვლება, როცა ღია ეკონომიკა გვაქვს, რა თქმა უნდა, მეტნაკლებად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ეს ცალსახად ნათელია, მაგრამ, რა ზომებს მიმართავს ხელისუფლება, საგარეო საფრთხეების დასაძლევად და გასანეიტრალებლად?

-         არაფერს, გარდა უაზრო განცხადებებისა და  საკუთარი ხელფასებისა და პრემიების გადაანგარიშებისა და გაზრდისა.

მდინარე, რომელიც უცხოეთიდან შემოდის, უცხოეთში თუ ადიდდა და აქ დაგვანგრია, თურმე არაფერი არ  უნდა გავაკეთოთ განცხადების გარდა, რომ: მდინარე უცხოეთში ადიდდა და ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთო. ასეთ დროს ნორმალური ხელისუფალი უამრავ პრევენციულ და პოსტფაქტუმ ზომებს მიმართავს მოსალოდნელი და წარმოშობილი პრობლემების დასაძლევად და გასანეიტრალებლად.    

მთავრობის „ქომაგი“ ექსპერტები ამტკიცებენ, რომ უცხოელმა ინვესტორებმა 800 მილიონი დოლარი მოგება გაიტანეს და ამან გამოიწვია დოლარზე მოთხოვნის გაზრდა და ლარის გაუფასურებაო.

ოთხი წელის წინ  უცხოური ინვისტიციები შევისწავლეთ და გავაანალიზეთ. ამ საკითხის შესწავლით დავადგინეთ, რომ უცხოური ინვესტიციები ქვეყანაში ერთხელ შემოდის, აქვს ერთჯერადი დადებითი ეფექტი, ხოლო შემდეგ, თვითოეულ მათგანს ყოველწლიურად სოლიდური მოგება გააქვს და მუდმივად მკვეთრად უარყოფითად მოქმედებს ლარის დევალვაციაზე და მთლიანათ ეკონომიკაზე. ყოველწლიურად უცხოური ინვისტიციები იზრდება და მათი უარყოფითი მოქმედება ლარის კურსზე და ეკონომიკაზე კატასტროფულად იზრდება.

ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიგოთ, რომ უცხოური ინვისტიციების ხანა წავიდა. უცხოურ ინვისტიციებს დადებითი ეფექტი ქონდა 20-30 წლის წინათ. მაშინ უცხოური ინვისტიციებით ქვეყანაში იქმნებოდა უამრავი სამუშაო ადგილი, საქმდებოდა დიდი რაოდენობით მოსახლეობა, ხდებოდა დიდი რაოდენობით სპეციალისტების მომზადება, რაც ზრდიდა მოსახლეობის განათლების და კულტურულ დონეს, იქმნებოდა ეროვნული პროდუქტი, რომლის დიდი ნაწილი ქვეყანაში რჩებოდა და მხოლოდ მცირე ნაწილი გადიოდა ქვეყნიდან ინვესტორის მოგების სახით.

დღევანდელი მდგომარეობა აბსოლიტურად განსხვავებულია. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ტექნიკის პირობებში დასაქმება იმდენად მცირეა, რომ დასაქმება ინვისტიციებში შეგვიძლია აღარც კი ვიანგარიშოთ. იქ  სადაც 20-25 წლის წინათ 300-400 კაცი იყო დასაქმებული, იგივე ტიპის თანამედროვე წარმოებებში 30-40 კაცია დასაქმებული. მაგალითად, ადრე თუ ავეჯის წარმოებაში 200-300 კაცი მუშაობდა, დღეს ავტომატები მუშაობენ და მათ 10-15 ოპერატორი მართავს. ანალოგიური მდგომარეობაა ეკონომიკის სხვა სფეროებში. დასაქმებიდან გამომდინარე შრომის ანაზღაურება, რაც ქვეყანაში რჩება, იმდენად უმნიშვნელოა, არც ღირს მისი ანგარიში. სამაგიეროთ, თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში მკვეთრადაა გაზრდილი მოგება, რაც ინვესტორს ქვეყნიდან გააქვს. ისეთი მაღალი რისკის ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, ხშირად მოგება იმდენად დიდია რომ წლიური მოგება  2-3-ჯერ აღემატება უცხოელი ინვესტორის მიერ ინვესტირებულ თანხას, რაც უმძიმეს ტვირთად აწვება ეროვნულ ვალუტას და ადგილობრივ სავალუტო ბაზარს.  

ეროვნული ვალუტის დევალვაცია და გაუფასურება აღარიბებს მოსახლეობას და პრაქტიკულად „სპობს“ ეროვნულ ეკონომიკას.

თანამედროვე უცხოური ინვისტიციები არა მხოლოდ არ ანვითარებს ქვეყანას და მის ეკონომიკას, არამედ „სამარეს უთხრის ქვეყანას და მთელი ძალით ამ სამარეში ექაჩება“.

სულელურია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ინვესტორს უნდა შეუქმნათ ისეტი პირობები, რომ მოგების ინვისტირება ადგილზე მოახდინოს. ასე „ხვალ“ უფრო მეტს გაიტანენ, 15-20 წლის შემდეგ კი ყველაფერს გაზიდავენ.

უცხოურ ინვისტიციებზე მთლიანად უარის თქმაც არასწორი იქნებოდა, მაგრამ თვითოეულ მათგანზე სერიოზული დაფიქრება გვჭირდება, ვენჩურული კაპიტალის ინვისტიციების სახით ქვეყანაში შემოტანა ღუპავს ქვეყანას.

ინვისტიციების გამოკვლევის შედეგად მივედით იმ დასკვნამდე, რომ ჯობია ინვისტიციების ნაცვლად მოვიზიდოთ და ეკონომიკის რეალური სექტორი განვავითაროთ უცხოური კრედიტებით. უცხოური კრედიტები ყოველმხრივ უფრო უკეთესია ვიდრე უცხოური ინვისტიციები. უცხოური კრედიტები შემოსვლის მომენტში დადებითად მოქმედებს ეკონომიკაზე. ინვისტიციებისგან განსხვავებით, სადაც არ ვიცით რა მოგებაზე იმუშავებს ინვესტორი და რა თანხებს გაიტანს ყოველწლიურად ქვეყნიდან, კრედიტების შემოტანის შემთხვევაში, კრედიტების ეკონომიკაზე უარყოფითი მოქმედება პროგნოზირებადი და გათვლადია, ხოლო უარყოფითი მოქმედება უცხოური კრედიტის გასტუმრებასთან ერთად მთავრდება.

კვლევის მასალები სხვადასხვა საშუალებებით  გამოვაქვეყნე, ტელევიზიაშიც გვქონდა ამაზე საუბრები. ამ საკითხებზე პრემიერთან ვითხოვე შეხვედრა, კატეგორიული უარი მივიღე,        (მაშინ მიღებაზე ჩამწერეთ მეთქი მოვითხოვე, არა აქვს მიღების საათებიო, მომახსენეს). აბსოლუტურად ანალოგიურ მდგომარეობაში ავღმოჩნდი  ეკონომიკის პროფილის სამინისტროებში და პარლამენტში.

მას შემდეგ 3 წელი გავიდა, დღეს კი „მთავრობის ექსპერტები“ გვიმტკიცებენ, რომ უცხოელ ინვესტორებს დიდი რაოდენობის მოგება გააქვთ და ამან იმოქმედა ლარის კურსის ვარდნაზეო. თუმცა, ამ მოსაზრებას, ამ შემთხვევაში არ ვეთანხმები.

როგორც ჩანს სებ-ში ან ვერ იგებენ რა ხდება, ან იმის თქმა არ უნდადათ, რაც ხდება. ეგრეთწოდებული ექსპერტები  ათასგვარ  ვერსიას იხილავენ. ზოგი ფინანსთა სამინისტროს აბრალებს არსებულ მდგომარეობას, ზოგი ეკონომიკიკური მდგომარეობის გაუარესებას, ზოგი ინვისტიციების შემცირებას, ზოგი ექსპორტის გაუარესებას და კიდევ ათას რამეს.

შემთხვევითი არ არის ასეთი დაბნეულობა და აზრთა სხვაობა, არსაიდან მოულოდნელად ლარმა სასწაული „თამაში“ დაიწყო, ჯერ სწრაფად გამყარდა, შემდეგ კი სწრაფი გაუფასურება მოხდა. თითქოს ამის არანაირ მიზეზი არ არსებობდა. ერთი შეხედვით ლარის ასეთი თამაში საკვირველია და  მოწმენდილ ცაზე  მოულოდნელად ატეხილ ჭექა-ქუხილს ჰგავს, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით.

ერთი თვე ვუყურე ათას სულელობას და უაზრობას. დრო არ მქონდა,  ბოლოს გადავწყვიტე სტატია მომემზადებინა.  რა ხდება სინამდვილეში, რა შედეგები მოგვცა არსებული ვითარების ანალიზმა?

ახლად მოსულმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ახალი პოლიტიკის გატარება დაიწყო. თავიდან  სწორი პოლიტიკის გატარება ხდებოდა. ეროვნულმა ბანკმა დაიწყო რეფინანსირების სესხების თანდათანობით შემცირება, ლარმა ამაზე რეაგირება მოახდინა და დაიწყო გამყარება. შემდგომ ვითარება გართულდა,  ეროვნულმ ბანკმა სწრაფი ტემპებით დაიწყო რეფინანსირების თანხების ბრუნვიდან ამოღება. ლარმა სწრაფი ტემპებით დაიწყო გამყარება, რაც დაუშვებელია და ეროვნული ბანკის ახალი ხემძღვანელობის პირველი დიდი შეცდომა იყო.  შეცდომა მდგომარეობდა იმაში რომ სებ-მა არ გათვალა და დროში არ გაწერა ლარის გამყარების პროცესი და დაუშვა სწრაფი გამყარება.

 ეროვნული ვალუტის როგორც სწრაფი ვარდნა ისე სწრაფი გამყარება უარყოფითად მოქმედებს ეკონომიკაზე.

სწრაფი გაუფასურების დროს ეკონომიკაში უამრავი ეკონომიკური ფაქტორი ცვლილებას განიცდის. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება მცირე დროში ხდება, ეკონომიკაში მომქმედ უამრავ ფაქტორთა გადაწყობის გამო, ეკონომიკური ვითარების დასტაბილურებას ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება.

ახალ ცვალებად გარემოში გაურკვევლობის გამო, ეკონომიკური ვითარების დასტაბილურებამდე ბიზნესსუბიექტები მკვეთრად ამცირებენ თავიანთ აქტივობებს, ზოგი, ვისაც ამის საშუალება აქვს საერთოდ აჩერებს საქმიანობას. ხდება ეკონომიკური ვარდნა და ყველა ეკონომიკური მაჩვენებლის გაუარესება. ეს ყველაფერი მძიმედ და უარყოფითად აისახება მოსახლეობაზე. ერთის მხრივ მკვეთრად უმცირდებათ შემოსავლები და  ღარიბდებიან, მეორეს მხრივ ფასების გაძვირების გამო მკვეთრად ეზრდებათ ხარჯები.

სრულიად განსხვავებული ვითარება გვექნებოდა, ეროვნული ვალუტის დევალვაცია თუ მოხდება ხანგრძლივ დროში. მაგალითად, ერთ წელში. ასეთ შემთხვევაში ბიზნესგარემო ნელი ტემპით იცვლება და ბიზნესი ადაპტირებას ასწრებს შეცვლილ გარემოსთან და მძიმე შედეგები ეკონომიკაში არ დგება. ეკონომიკა მინიმალური ძალისხმევით და დანაკარგებით ახერხებს კრიზისის დაძლევას.

 ერთი სიტყვით ეროვნული ვალუტის სწრაფი გაუფასურება ქვეყანაში იწვევს „ეკონომიკურ ქაოსს“ და ეს ქაოსი გრძელდება ხანგრძლივი პერიოდით მანამ, სანამ არ მოხდება ეკონომიკის ახალ ნიშნულებზე დასტაბილურება.

განსხვავებული, მაგრამ ლოგიკურად ზუსტათ ანალოგიური, პროცესები ხდება ლარის გამყარების დროს. თუ ეკონომიკა მყარ სტატიკურ მდგომარეობაშია, ეროვნული ვალუტის სწრაფ გაუფასურებას ან გამყარებას, ეკონომიკა „სტატიკური“ მდგომარეობიდან გადაჰყავს „ეკონომიკურ ქაოსში“.

მოყვანილი ანალიზი ცალსახად აჩვენებს, რომ ეროვნული ვალუტის სტაბილურობა განაპირობებს ეკონომიკაში სტაბილურ მდგომარეობას.

ლარის კურსი შეიძლება დაუბრუნდეს თავის საწყის ნიშნულს, მაგრამ ეკონომიკაში მომხდარი ცვლილებები აღარასოდეს დაუბრუნდება ცვლილებების დაწყებამდე არსებულ მდგომარეობას.

მართალია, სტატისტიკური მასალის სრულყოფილად მოგროვება, დროის სიმცირის გამო, ვერ შევძელით, თუმცა  ჩვენს ხელთ არსებული მასალის გაანალიზებამ და შესწავლამ გაუგონარ შედეგებზე გაგვიყვანა.

დიდი ხანია ეკონომიკურ პრობლემებს ვიკვლევდა ამ კვლვლევებზე ვამზადებ წიგნს). რამდენიმე თვის წინ, სავალუტო გაცვლებისა და მათი ეკონომიკაზე მოქმედების კვლევის დროს, სავალუტო გაცვლებში აღმოვაჩინე საოცარი ეფექტი, მე მას  „სავალუტო გაცვლებში ექვივალენტობის ეფექტი“ ვუწოდე.

აღმოჩნდა, რომ, როცა ეროვნული ბანკი დოლარს ყიდულობს, ყოველ ნაყიდ დოლარზე  ( 2,3 კურსის შემთხვევაში) ექვივალენტობის ეფექტიდან გამომდინარე ბრუნვაში შეაქვს 4,6 ლარი.

ფორმულით ეს პროცესი ასე შეიძლება გამოვხატოთ:

                                                            EQ  = UV  X  VK  X  2                                                          (1)

სადაც:

                               EQ  -  ექვივალენტობის ეფექტი ლარებში

     UV -  უცხოური ვალუტაა  

                              V K  -  უცხოური ვალუტის კურსია

 

ექვივალენტობის ეფექტი უცხოურ ვალუტაში შეგვიძლია გამოვხატოთ ფორმულით:

                                                            EV  = UV  X  2                                                                 (2)

სადაც:

   EV  - ექვივალენტური თანხაა უცხოურ ვალუტაში                                                      

 ექვივალენტობის ეფექტში რომ გავერკვეთ, განვიხილოთ პრაქტიკული შემთხვევები.

დაუშვათ, უცხოელ ინვესტორს ქვეყნიდან გააქვს მოგების სახით 10 მილიონი დოლარი. მაშინ, სავალუტო ბაზარზე არსებული ბალანსის პირობებში დოლარის მასა შემცირდება 10 მილიონი დოლარით. ექვივალენტურად ეს ტოლია დაახლოვებით 23 მილიონი ლარის, ბალანსი დაირღვევა. სავალუტო ბაზარზე უცვლელი ლარის მასის პირობებში 10 მილიონით შემცირდა უცხოური ვალუტა, ეროვნული ვალუტის კურსი დაიწყებს ვარდნას მანამ, სანამ კურსით არ აღდგება  დარღვეული ბალანსი.

ახლა ვნახოთ რა მოხდება, როცა იგივე 10 მილიონ დოლარს ეროვნული ბანკი ყიდულობს და ბაზრიდან ამოაქვს. ასეთ შემთხვევაში სავალუტო ბაზარზე დოლარის მასა მცირდება 10 მილიონი დოლარით, ამავე დროს ლარის მასა იზრდება დაახლოვებით 23 მლიონი ლარით (მიაქციეთ ყურადღება, წინა შემთხვევაში ლარის მასა არ გაზრდილა). ექვივალენტობის ეფექტიდან გამომდინარე, ლარის მასის ექვივალენტური ზრდა ტოლია 46 მილიონი ლარისა, ანუ ორჯერ მეტია, ვიდრე წინა შემთხვევაში იგივე 10 მილიონი დოლარის ბაზრიდან ამოღების დროს. იმავე  ექვივალენტობის ეფექტიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკის მიერ შესყიდული 10 მილიონი დოლარი, ექვივალენტურად ტოლია 20 მილიონი დოლარის ბრუნვიდან ამოღებისა ლარის მასის მუდმივობის პირობებში.

მეორე შემთხვევაში სავალუტო ბაზარზე ბალანსი კვლავ ირღვევა, ლარი ვარდნას იწყებს მანამ, სანამ კურსის ცვლილებით არ აღდგება ბალანსი, მაგრამ ძნელი დასადგენი არ არის, რომ პირველ შემთხვევასთან შედარებით 2 ჯერ სწრაფად გაიაფდება და 2 ჯერ მეტად დაეცემა ეროვნული ვალუტა.

ანალოგიურ ექვივალენტურ ეფექტებთან გვაქვს საქმე, როცა პირიქით დოლარს ვყიდით, ანუ როცა სებ-ი დოლარს ყიდის და ამცირებს ლარის მასას, ექვივალენტური ეფექტი ორჯერ მეტია, ვიდრე ლარის ბრუნვიდან ამოღების დროს.  

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2016 წლის 15 მარტიდან 10 ივნისამდე სავალუტო ბაზარზე დაახლოვებით 260 მილიონი დოლარი შეისყიდა, საიდანაც 180 მილიონ დოლარზე მეტი 10 მაისიდან 10 ივნისამდე პერიოდში ერთ თვეში შეისყიდა. ამავე პერიოდში სებ-ს ერთი დოლარიც კი არ გაუყიდია, რაც იმას ნიშნავს რომ სებ-ს მცდელობაც კი არ ჰქონია სავალუტო ბაზარზე ვითარების დასასტაბილურებლად.

ექვივალენტურ ეფექტებს თუ დავითვლით სებ-მა 3 თვეში 260 მილიონი დოლარი ამოიღო, რაც ექვივალენტურად იგივეა, რომ სებ-ს ბრუნვაში შეეტანა 1,2  მილიარდი ლარი. იმავე პერიოდში სებ-მა რეფინანსირება შეამცირა 300 მილიონი ლარით.

მარტივი მათემათიკით ყველა ეფექტისა და მოქმედებების დათვლის შემდეგ სებ-ის მიერ ბოლო პერიოდში გატარებული მონეტარული პოლიტიკის შედეგი იგივა, რაც 3 თვეში 900 მილიონი ლარით რომ გაგვეზარდა ლარის მასა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ზრდა თითქმის მთლიანად 10 მაისიდან 10 ივნისამდე მოხდა.

ექვივალენტობის ეფექტიდან გამომდინარე, როცა ეროვნული ბანკი ყიდულობს ან ყიდის უცხოურ ვალუტას ბაზარზე მომხდარი ცვლილებების ეფექტი ორმაგია. აქედან გამომდინარე, სავალუტო ბაზარზე ამოსაღები ან მისაწოდებელი უცხოური ვალუტის მოცულობა შეგვიძლია განვსაზღვროთ ფორმულით:

       VA   - VB

VM  =  -------------------                                               (3)

                                                                        2

სადაც:

                    VM - ამოსაღები ან მისაწოდებელი უცხოური ვალუტაა

                     VA - სავალუტო ბაზარზე  უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნილებაა

         VB - სავალუტო ბაზარზე უცხოური  ვალუტის მიწოდებაა

თუ VM  დადებითია, უცხოური  ვალუტა  სავალუტო ბაზრიდან ამოსაღებია, თუ  უარყოფითია შესატანი.

წლის დასაწყისიდან სამ თვეში სავალუტო ბაზარზე დოლარის მიწოდებამ მოთხოვნილებას დაახლოვებით 130 მილიონი დოლარით გადააჭარბა, ესე იგი:

VA  - VB =130  

 სებ-ს სავალუტო ბაზარზე სტაბილურობა რომ შეენარჩუნებინა, უნდა შეესყიდა 65 მილიონი დოლარი:

 

        130

VM  =  ---------------- = 65                                             

                                                                      2

 

შეისყიდა 260 მილიონი დოლარი, 4 ჯერ მეტი. თანხაში ზედმეტად შესყიდული დოლარი ტოლია:

        260 – 65 = 195

ესე იგი, ზედმეტად შესყიდული თანხა ტოლია 195 მილიონი დოლარისა.

გამოვიყენოთ პირველი ფორმულა და გავიგოთ, რას უდრის 195 მლნ. დოლარის ბრუნვიდან ამოღება ექვივალენტურად ლარებში:

                                                EQ  = 195  X  2,3  X  2 = 897

 ესე იგი, ზედმეტად ამოღებული 195 მლნ. დოლარი ექვივალენტურად იგივეა, რომ სებ-ს დამატებით ბრუნვაში შეეტანა 897,00 მილიონი ლარი, დოლარის უცვლელი მასის პირობებში.

თუ დავაკვირდებით ჩვენს მიერ ზემოთ გაკეთებულ ანალიზს, თითქმის ერთიერთზე დაემთხვა ფორმულებში გაწერილ  ზუსტ გათვლებს სხვაობა 3,0 მლნ-ს შეადგენს. 

გამოვიყენოთ მე-2 ფორმულა და გავიგოთ, რას უდრის  ექვივალენტური თანხა დოლარში:

                                            EV  = UV  X  2  = 195 X  2 =390

ესე იგი, სავალუტო ბაზარზე მომხდარი ცვლილებები ექვივალენტურად იგივეა, რომ სავალუტო ბაზრიდან 390 მლნ. დოლარი ამოგვეღო,  ლარის უცვლელი მასის პირობებში.                                                       

უარყოფითი ეფექტები ბევრად გააძლიერა სებ-ის მიერ გატარებული პოლიტიკის მაღალმა ტემპებმა, ყველაფერი მოხდა ძალიან მცირე დროში, რამაც სავალუტო ბაზარზე შექმნა პანიკა და აჟიოტაჟური მოთხოვნა.

მაის-ივნისში ტურისტების შემოსვლა იზრდება,  ექსპორტიც მატულობს, იმპორტი მცირდება ენერგო მატარებლების მოხმარება მრავალჯერ მცირდება და მინიმუმზე ჩამოდის. ამ და სხვა ფაქტორთა გამო, სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდება აჭაბებს მოთხოვნილებას. მიუხედავად ამისა, სებ-ის წინდაუხედავ პოლიტიკას ეკონომიკამ და სავალუტო ბაზარმა ვერ გაუძლო და სერიოზული ეკონომიკური რყევები გამოიწვია. მსგავსი რამ რომ იანვარ-თებერვალში მოხდეს, როცა სავალუტო ბაზარზე ვალუტის მიწოდება მოთხოვნილების ბალანსი მკვეთრად უარყოფითია, სრული ეკონომიკური კატასტროფა გვექნება, იმაზე უარესი რაც 2014-2015 წლებში  მოხდა.  

როგორც ვხედავთ ყველაფერი დათვლადია და სარკესავით ნათლად ჩანს რაც მოხდა. 


ნასყიდა დარბუაშვილი

ეკონომიკის დოქტორი

03.07.16

მთავარი რედაქტორი

ლოიდ ქარჩავა

მთავარი რედაქტორი და სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე,

ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, პროფესორი;

საქართველოს მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარე;

საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი;

ფაზისის საერო-მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი.