Georgian English Russian
ინტერვიუ
24
ინტერვიუ სსიპ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარესთან ბატონ გიორგი ბარაბაძესთან

სსიპ კონკურენციის სააგენტოს თანმიმდევრულ და გამართულ მუშაობაზეა დამოკიდებული ქვეყენაში ჯანსაღი კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბება და თავისუფალი ვაჭრობის განვითარება, რამაც საბოლოო ჯამში ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას. შესაბამისად, იმ დროს, როდესაც საზოგადოებაში არსებობს გარკვეული ეჭვი, ამ თუ იმ სფეროში სამართლიანი კონკურენციის პრინციპების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით, ძალიან დიდია ახლად ჩამოყალიბებული სააგენტოსადმი საზოგადოების ინტერესი. სწორედ, საზოგადოების მაღალი ინტერსიდან გამომდინარე, ახორციელებს კონკურენციის სააგენტო ქვეყანაში ნავთობპროდუქტების ბაზარის მოკვლევას, ამ ბაზარზე ანტიკონკურენციული ქმედების შესაძლო ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით. ამ საკითხზე და საერთოდ, კონკურენციის სააგენტოს მიმდინარე საქმიანობასთან დაკავშირებით, სასაუბროდ, ჟურნალი ,,ახალი ეკონომისტის“ რედაქცია ესტუმრა სააგენტოს თავმჯდომარეს, სამართალმცოდნეობის დოქტორს, ასოცირებულ პროფესორს ბატონ გიორგი ბარაბაძეს.

 -  ბატონო გიორგი პირველ რიგში გვინდა მოგილოცოთ კარს მომდგარი შობა-ახალი წელი და გისურვოთ წარმატებები.

 -  მეც მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი ჟურნალის ყველა მკითხველს, მთელს თქვენს კოლექტივს და სრულიად საქართველოს, მივულოცო შობა-ახალი წელი და გისურვოთ ყველაფერი საუკეთესო ცხოვრებაში.

-  ბატონო გიორგი, კონკურენციის სააგენტო როდიდან ფუნქციონირებს და რომელ კონკრეტულ  საკითხებზე მუშაობთ ამჟამად?

-  სსიპ კონკურენციის სააგენტო ჩამოყალიბდა მ/წ 21 მარტს ,,თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი დამატებებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის მ/წ 14 აპრილის N288 დადგენილების საფუძველზე. ამასთან, საწყის ეტაპზე სააგენტოს საქმიანობის  უმთავრეს ამოცანად განისაზღვრა  ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება, რადგანაც, ის უფლებამოსილებანი, რომელთა განსახორციელებლადაც აუცილებელი იყო ამავე კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების მიღება, სრულად ამოქმედდებოდა მხოლოდ შესაბამისი სამართლებრივი  (კანონქვემდებარე) აქტის დამტკიცების შემდეგ. ამჟამად (2014 წლის 30 სეტემბრიდან), ეს პროცესი დასრულებულია (მიღებულია საქართველოს მთავრობის 2 დადგენილება და კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 5 ბრძანება) და ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა მის ხელთ არსებული ანტიკონკურენციული ქმედების შესახებ ინფორმაცია (განცხადების ან საჩივრის სახით) მიაწოდოს კონკურენციის სააგენტოს, რაც შეიძლება გახდეს საქმის მოკვლევის დაწყების საფუძველი.

თავის მხრივ, კონკურენციის სააგენტო უფლებამოსილია, საქმის მოკვლევა აწარმოოს წარმოდგენილი განცხადების ან/და საჩივრის საფუძველზე, ან საკუთარი ინციატივით. შესაბამისად, ამ ეტაპზე (მ/წ 12 ნოემბრიდან)  კონკურენციის სააგენტო ახორციელებს საკუთარი ინციატივის საფუძველზე  ნავთობპროდუქტების ბაზრის (ბენზინი, დიზელი, ნავთი) შესწავლას. ასევე, ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-172 მუხლის შესაბამისად სწავლობს ყავის სასაქონლო ბაზარს, რათა მოახდინოს ამ ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემოს შეფასება და საჭიროების შემთხვევაში კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავება.

ამასთან, ,,საქართველოს ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია ,,გლობალაგროს“ განცხადებების საფუძველზე დაწყებულია საქმის მოკვლევა ფქვილის წარმოების ბაზარზე არსებული მდგომარეობის, კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის კუთხით. ანალოგიურად, ს/ს ,,ჯანმრთელობა“-ს განცხადებების საფუძველზე, მიმდინარეობს საქმის მოკვლევა  ,ბალნეოლოგიურ კურორტ წყალტუბოში თერმული წყლის ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობის მქონე სუბიექტის ქცევის კონკურენციის კანონმდებლობასთან მიმართების დადგენის კუთხით.

ასევე, სააგენტოში შემოსულია შპს ,,ჯორჯიან ტრანს ექპსედიცას“ საჩივარი და განცხადება. საჩივარში ყურადღებაა გამახვილებული სარკინიგზო-საკონტეინერო გადაზიდვის სფეროში კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის ფაქტზე, ხოლო განცხადებაში საუბარია ავტომანქანების საკონტეინერო განბაჟების სფეროში არსებულ ხელისშემშლელ ფაქტორებზე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს როგორც საჩივრის, ისე განცხადების დასაშვებად ცნობის საკითხის შესწავლა, რაც განცხადებისა და საჩივრის უხარვეზოდ შემოტანიდან, ერთი თვის ვადაში უნდა დასრულდეს.

გარდა ზემოაღნიშნულისა, კონკურენციის სააგენტოს მიერ საქართველოს მთავრობის კანცელარიიდან მიღებული წერილებისა და ჩვენს მიერ მოძიებული ინფორმაციების და მიღებული კონსულტაციების შედეგად, შესწავლილ იქნა სააუდიტორო მომსახურების ბაზარზე არსებული მდგომარეობა 1) კონკრეტული ეკონომიკური აგენტებისათვის სახელმწიფო საწარმოებში ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელებაზე უპირატესობის მინიჭების კუთხით და 2) პროფესიული ადიტორული ორგანიზაციების აკრედიტაციის პროცესში ხელისშემშლელი ფაქტორების არსებობის კუთხით და მომზადებულ იქნა კონკრეტული დასკვნები, სადაც ამ სფეროში არსებული მდგომარეობის ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესობამისობაში მოყვანის მიზნით, შეთავაზებული იქნა კონკრეტული რეკომენდაციები შესაბამისი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისათვის.

-  საქმის მოკვლევისათვის კონკურენციის სააგენტოს რა დრო სჭირდება?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კონკურენციის სააგენტომ საქმის მოკვლევა შეიძლება დაიწყოს საკუთარი ინიციატივით, განცხადების ან საჩივრის საფუძველზე. ,,კონკურენციის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლისა და ,,საქმის მოკვლევის წესისა და პროცედურის დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 30.09.2014 წლის N30/09-5 ბრძანების საფუძველზე.

ამავე კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად - ,,საგენტო მის მიერ საქმის მოკვლევის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ იწყებს საქმის მოკვლევას და იღებს გადაწყვეტილებას არაუგვიანეს 3 თვისა“. თუმცა, ,,საქმის მოკვლევა, მისი მნიშვნელობისა და სირთულის გავალისწინებით, შეიძლება გაგრძელდეს სააგენტოს მიერ განსაზღვრული ვადით, მაგრამ  არაუმეტეს 10 თვისა“.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, ყოველ კონკრეტულ საკითხთან მიმართებით, საქმის სირთულიდან გამომდინარე კონკურენციის სააგენტოს აქვს სამართლებრივი საფუძველი, საქმის მოკვლევის პროცესი იმ ვადით გააგრძელოს, რა ვადაც მას სჭირდება საბოლოო დასკვნის მოსამზადებლად. თუმცა, იმთავითვე ცხადია, რომ - საქმის მოკვლევა არ შეიძლება 10 თვეზე მეტხანს გაგრძელდეს.

-  ცხადია, ეკონომიკური კონკურენციის სპეციალისტების მოძიება არც თუ ისე ადვილია. შესაბამისად, როგორ მიმდინარეობს კონურენციის სააგენტოს სათანადო კადრებით დაკომპლექტების პროცესი?

-  კონკურენციის სააგენტო ჩამოყალიბების პირველივე დღიდან ინტენსიურად მუშაობდა და მუშაობს პროფესიონალი კადრების მოძიების და მათი კვალიფიკაციის შემდგომი ამაღლების კუთხით. შესაბამისად, დღემდე ჩატარებულია 7 საჯარო კონკურსი, რამაც საშუალება მისცა სააგენტოს ხელმძღვანელობას შეერჩია სათანადო კვალიფიკაციის თანამშრომლები. თუმცა, სააგენტოს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს არც თუ ისე მარტივი პროცესია, რის გამოც, ის დღემდე გრძელდება.

ამჟამად, გამოცხადებულია კიდევ ერთი საჯარო კონკურსი 5 ვაკანტურ თანამდებობაზე და შესაბამისი კადრების შერჩევის პროცესი იგეგმება მიმდინარე წლის ბოლომდე.

ამასთან, რამდენადაც ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში (და არა მარტო საქართველოში) საკონკურენციო სამართლის სპეციალისტები არ მზადდება, გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს სააგენტოში მიღებული თანამშრომლების გადამზადების სისტემის ჩამოყალიბება. შესაბამისად, სააგენტოს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, თავმჯდომარის ბრძანებით დამკიცებული 2014-2017 წლების სამოქმედო გეგმით განისაზღვრა ის 61 მიმართულება, რაშიც, სასურველია მოხდეს სააგენტოს თანამშრომელთა გადამზადება  მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკის მისაღებად. სწორედ ამ კუთხით, სააგენტო ინტენსიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და შესაბამის სტრუქტურებთან. მათ შორის, პოლონეთის მთავრობასთან, რომლის მხარდაჭერით, უკვე 8 სემინარია (1 ვარშავაში, ხოლო 7 თბილისში) ჩატარებული პოლონეთის კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის ოფისის ექსპერტების მონაწილეობით. ამასთან, მიღწეულია შეთანხმება და პოლონურ მხარესთან და თანამშრომლობა გაგრძელდება მომავალი 2015 წლის განმავლობაშიც.

ასევე, მ/წ ნოემბრის თვეში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (GIZ) მხარდაჭერით, თბილისში ჩატარდა სემინარი - ბაზრის კვლევის პრობლემატიკაზე. ამასთან, GIZ-ის დაფინანსებით, კონკურენციის სააგენტოს ორმა თანამშრომელმა მ/წ ნოემბრის ბოლოს გაიარა ორკვირიანი სტაჟირება ბუნდესკარტელში (გერმანიის კონკურენციის საბჭო), ხოლო 7 თანამშრომლისათვის მოეწყო სპეციალური სასწავლო ტური ლიტვის კონკურენციის სააგენტოსა და გერმანიის კონკურენციის ორგანოში (დეკემბერი).

გარდა ამისა, კონკურენციის სააგენტოს თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართული ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სემინარებსა და კონფერენციებში, რომელიც სისტემატიურად (წელიწადში 6-7 ღონისძიება) ტარდება OECD-ის უნგრეთის რეგიონალური ცენტრის მიერ ბუდაპეშტში. ერთ-ერთი ასეთი საერთაშორო სემინარი, OECD-ის უნგრეთის ცენტრთან შეთანხმებით, მომავალი წლის ივლისის ბოლოს დაგეგმილია თბილისში. მასში მონაწილეობას მიიღებს ევროპის 20-ზე მეტი ქვეყნის კონკურენციის ორგანოს წარმომადგენელი.

ამასთან ფაქტია, რომ საერთაშორისო გამოცდილების მიღებისა და პროფესიული ზრდის გაუმჯობესების ერთ-ერთ გზას წარმოადგენს, პროფესიულ საერთაშორისო ორგანიზაცებში გაწევრიანება. შესაბამისად, კონკურენციის სააგენტოს აქტიურობის შედეგად დასრულებულია გაწევრიანების პროცესი სოფიის კონკურენციის ფორუმსა და კონკურენციის საერთაშორისო ქსელში. უფრო მეტიც, სოფიის ფორუმის ფარგლებში, მ/წ ოქტომბრის ბოლოს სოფიაში ჩატარებულ კონფერენციაში, როგორც წევრი ორგანიზაცია, აქტიურად იყო ჩართული საქართველოს კონკურენციის სააგენტო.

გარდა აღნიშნულისა, კონკურენციის სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს როგორც დარგის ექსპერტებთან, ისე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან. შესაბამისად, ცალკეულ პრობლემატურ საკითხებთან მიმართებით, ინტენსიურად მიმდინარეობს კონსულტაციების მიღება/გაწევა, რაც საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს თანამშრომელთა პროფესიული დონის ამაღლებას, აუმჯობესებს სააგენტოს საქმიანობის გამჭვირვალობას და ზრდის საზოგადოების ინფორმირებულობას.

-  რა გეგმები აქვს კონკურენციის სააგენტოს სამომავლოდ და რომელი სფეროების შესწავლას აპირებთ?

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, პირველ რიგში ვაპირებთ ბოლომდე მივიყვანოთ და კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში დავასრულოთ ყველა დაწყებული საქმის მოკვლევა.

ამასთან, როგორც ამ ეტაპზე, ისე სამომავლოდაც, კონკურენცის სააგენტოს საქმიანობა იქნება მიმართული იმ მიზნებისა და ამოცანების აღსასრულებლად რაც ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონითაა მასზე დელეგირებული. შესაბამისად, სააგენტოს უპირატესი ამოცანა იქნება ხელი შეუწყოს ქვეყენაში ბაზრის ლიბერალიზაციას, თავისუფალ ვაჭრობას და კონკურენციას. კერძოდ:

ü     არ დაუშვას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ ბაზარზე შესვლის ადმინისტრაციული, სამართლებრივი და დისკრიმინაციული ბარიერები;

ü     უზრუნველყოს ბაზარზე ეკონომიკური აგენტის თავისუფალი დაშვებისათვის სათანადო პირობები;

ü     არ დაუშვას ეკონომიკურ აგენტებს შორის კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვა;

ü     დაიცვას ეკონომიკური აგენტების საქმიანობაში თანასწორუფლებიანობის პრინციპი;

ü     არ დაუშვას დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება;

ü     არ დაუშვას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ ეკონომიკური აგენტისათვის ისეთი ექსკლუზიური უფლებების მინიჭება, რომელიც იწვევს კონკურენციის არამართლზომიერ შეზღუდვას.

ამ მიზნების მისაღწევად სააგენტომ უნდა გააგძელოს შესაბამისი კვალიფიკაციის კადრების მოძიება და არსებული კადრების გადამზადების კუთხით გააღმავოს თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაცებთან და განვითარებული ქვეყნების კონკურენციის ინსტიტუტებთან.

რაც შეეხება უშუალოდ პუნქტობრივად გაწერილ სამოქმედო გეგმას, ეს მოცემულია  სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 16 ივლისის 16/07-1 ბრძანებით დამკიცებულ პროგრამაში. თუმცა, ამ ეტაპზე, წინასწარ საუბარი იმაზე, თუ, რომელი სფეროების შესწავლას აპირებს სააგენტო სამომავლოდ არ იქნება სწორი, რადგანაც სააგენტო ვალდებულია არა წინასწარ დეკლარილებული სფეროები შეისწავლოს, არამედ მთელი მისი რესურსი მიმართოს იმ პრობლემატური საკითხების (სფეროების) დასარეგულირებლად (შესასწავალად), სადაც იზღუდება კონკურენცია და თავისუფალი ვაჭრობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ კონკურენციის სააგენტო სამომავლოდ შეისწავლის მის კომპეტენციას მიკუთვნებულ ყველა იმ სფეროს, სადაც ადგილი ექნება საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევას.

-  რა შეგიძლიათ გვითხრათ იმ სფეროებზე, რომელთა შესწავლაც უკვე დაასრულეთ ან ამ ეტაპზე მიმდინარეობს?

რაც შეეხება ინფორმაციას იმ სფეროებთან დაკავშირებით, რომელთა შესწავლასაც  კონკურენციის სააგენტო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღების შემდგომი პერიოდიდან (მ/წ 1 ოქტომბრიდან) ახორციელებს, შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე აუდიტორული საქმიანობის გარდა, სხვა დანარჩენი საკითხები შესწავლისა და წინასწარი მომზადების პროცესშია. შესაბამისად, იმ სფეროებში, სადაც საქმის მოკვლევაა დაწყებული ან სადაც საჩივრის/განცხადების დასაშვებობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს საკითხის შესწავლა, წინასწარ (საკითხის შესწავლის პროცესის დასრულების გარეშე) რაიმე სახის ინფორმაციის გაჟღერება დააზიანებს საქმის მოკვლევის პროცესს.

საქმის მოკვლევის პროცესი უნდა წარიმართოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით - ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მისგან გამომდინარე, ,,საქმის მოკვლევის წესისა და პროცედურის“ (კონკურენციის სააგენტოს 30.09.2014 წლის N30/09-5 ბრძანება) და ,,ბაზრის ანალიზის მეთოდური მითითებების“ (სააგენტოს თავმჯდომარის 30.09.2014 წლის N30/09-3 ბრძანება) შესაბამისად. კერძოდ, პირველ რიგში უნდა მოხდეს შესაბამისი ბაზრის იდენტიფიცირება (სასაქონლო ბაზრის პროდუქციული და გეოგრაფიული საზღვრები და ბაზრის დროითი  ჩარჩოს დადგენა), ხოლო შემდეგ კი ამ იდენტიფიცირებულ ბაზარზე უნდა შეფასდეს კონკურენტული გარემო. თავის მხრივ, კონკურენტული გარემოს შეფასებისას მხედველობაშია მისაღები ისეთი პარამეტრები, როგორიცაა: ა) შესაბამის ბაზარზე მოქმედი სუბიექტები; ბ) შესაბამისი ბაზრის მოცულობა და ეკონომიკურ აგენტებზე წილობრივი გადანაწილება; გ) შესაბამისი ბაზრის კონცენტრაციის დონე; დ) შესაბამის ბაზარზე შესვლის ბარიერები; ე) ეკონომიკური აგენტთა საბაზრო ძალა და სხვა ის პარამატრები, რომელთაც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საჭიროდ ჩათვლის კონკურენციის სააგენტო.

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ მოკვლევის ინტერესებიდან გამომდინარე, რაიმე სახის ინფორმაციის წინასწარ გაჟღერება არაა გამართლებული.  მეტიც, კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, სააგენტოს ხელმძღვანელობას და მის ყველა თანამშრომელს აქვს ვალდებულება, დაიცვას  ეკონომიკური აგენტის თაობაზე ინფორმაციის კონფიდენციალურობა, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში, მოკვლევის პროცესში, საქმე გვაქვს კომერციულ ან/და საგადასახადო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციასთან, რომლიც გამჟღავნებაც აკრძალულია და იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

-  დიდი მადლობა ინტერვიუსათვის. გისურვებთ წარმატებებს.

-  თქვენც  დიდი მადლობა.

ესაუბრა ჟურნალ „ახალი ეკონომისტის“

კორესპონდენტი ხათუნა ბურჭულაძე

2014 წლის 22 დეკემბერი

მთავარი რედაქტორი

ლოიდ ქარჩავა

მთავარი რედაქტორი და სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე,

ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, პროფესორი;

საქართველოს მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარე;

საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი;

ფაზისის საერო-მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი.