Georgian English Russian
ინტერვიუ
24
იკრძალება არა დომინირება, არამედ ამ მდგომარეობის ბოროტად გამოყენება

ინტერვიუ ექსპერტთან ეკონომიკური კონკურენციის საკითხებში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორ სლავა ფეტელავასთან

საქართველოს პარლამენტმა 2012 წლის გაზაფხულზე მიიღო ახალი ანტიმონოპოლიური კანონი, ხოლო მანამდე საქართველოს მთავრობამ 2010 წლის ბოლოს დაამტკიცა კონკურენციის ყოვლისმომცველი სტრატეგია, თუმცა ამის მიუხედავად სხვადასხვა დონის ექსპერტები მუდმივად ამახვილებენ ყურადღებას ქვეყნის ცალკეული სასაონლო ბაზრების მონოპოლიზაციაზე და აქტიურად საუბრობენ შესაბამისი საკანონმდებლო ბაზრის არასრულყოფილებაზე. ამ საკითხებში მეტი სიცხადის შეტანის მიზნით, ჟურნალ ,,ახალი ეკონომისტი“-ს მთავარი  რედაქტორი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ლოიდ ქარჩავა ესაუბრა,  ექსპერტს ეკონომიკური კონკურენციის საკითხებში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორს სლავა ფეტელავას, რომლიც აქტიურად  იყო და არის ჩართული ქვეყანაში ანტიმონოპოლიური პოლიტიკის რეალიზაციის პროცესში. ის ჩამოყალიბებიდან ლიკვიდაციამდე (1997-2005 წწ.) იყო საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელი (მათ შორის სამსახურის უფროსიც). ამასთან, მისი სამეცნიერო კვლევების თემატიკას წარმოადგენს - ეკონომიკური კონკურენციის თეორია და პრაქტიკა.

-     პირველ რიგში გვინდა მოგილოცოთ კარს მომდგარი შობა ახალი წელი და გისურვოთ წარმატებები. ამასთან, რამდენადაც საქართველოში სასაქონლო ბაზრებზე არსებული მონოპოლიების სიმრავლეზე საუბრობს თითქმის ყველა, ძალიან საინტერსოა თქვენი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, არიან თუ არა საქართველოში მონოპოლიები?

-     მეც მინდა ვისარგებლო შემთხვევით და პირადად თქვენ ბატონო ლოიდ და თქვენი სახით ჟურნალის მთელ კოლექტივსა და ყველა თქვენს მკითხველს მინდა მივულოცო შობა ახალი წელი და გისურვოთ ყველაფერი საუკეთესო ცხოვრებაში.

ეხლა რაც შეეხება კითხვას, საქართველოში მონოპოლიების არსებობასთან დაკავშირებით, მინდა მოგახსენოთ, რომ ქვეყნის სასაქონლო ბაზრებზე მონოპლიური მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტები არც თუ ისე ბევრია, თუმცა რამდენია და რომელ სასაქონლო ბაზრებზე ამის გაცხადება შესაბამისი კვლევების გარეშე არასერიოზულია. ერთადერთი სფერო სადაც ყოველგვარი კვლევების გარეშე შეიძლება ვისაუბროთ მონოპოლიების არსებობაზე, ესაა ბუნებრივი მონოპოლიის სეგმენტი. სხვა სასაქონლო ბაზრებზე მონოპოლიების არსებობა, მისი განმარტებიდან გამომდინარე (მონოპოლა ნიშნავს ერთადერთს, ამასთან მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შესაბამის სასაქონლო ბაზრებზე საქონელთა ურთიერთშენაცვლებადობის საკითხიც) ნაკლებადაა შესაძლებელი, თუ რა თქმა უნდა ეს განსაკუთრებულ (სპეციფიურ) ბაზრებს არ ეხება. ანუ აქ იგულისხმება ის ურთიერთშეუნაცვლებადი კონკრეტული ბაზრები, სადაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს შეიძლება ჰქონდეთ ექსკლუზიური უფლებები მინიჭებული, რომელიმე ეკონომიკური აგენტისათვის (ეს კვლევისა და კონკრეტული ინფორმაციის მოძიების გარეშე ზედაპირზე არ ჩანს და ამიტომ ამ კუთხით საუბარი ბაზრის მონოპოლიზაციაზე არასწორი იქნება). აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ როდესაც მიდის საუბარი ბაზრის მონოპოლიზაციაზე, სჯობია ვიხმაროთ ტერმინი ბაზრის დომინატი, რამეთუ საქართველოს შესაბამის სასაქონლო ბაზრებზე ნამდვილად არსებობენ დომინირებული მდგომარეობის მქონე სუბიექტები. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რამეთუ  ნებისმიერი ეკონომიკურეი აგენტის მიზანს სწორედ ბაზრის დომინანტობისაკენ სწრაფვა შეადგენს (თავის მხრივ დოომინირებული მდგომარეობა, ისევე როგორც მონოპოლიური მდგომარეობა არაა აკრძალული საქართველოში). თუმცა, აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ეს მდგომარეობა მოპოვებული იყოს კეთილსინდისიერი კონკურენციის გზით. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო ვალდებულია ხელიც კი შეუწყოს და წაახალისოს  დომინირებული მდგომარეობის მქონე სუბიექტის მართლზომიერი ქმედებები, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დომინირებული მდგომარეობის მქონე ეკონომიკურ აგენტს ეს მდგომარეობა მიღებული აქვს არაკეთილსინდისიერი კონკურენციის გზით, ან ის ამ მდგომარეობას ბოროტად (სხვა ეკონომიკურ აგენტთა კონკურენციის  შესაზღუდად ან აღსაკვეთად) იყენებს, მაშინ სახელმწიფო ვალდებულია გამოავლინოს და აღკვეთოს ასეთი მქედება. თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ, გავარკვიოთ კონკრეტული ეკონომიკური აგენტი წარმოადგენს თუ არა დომინირებული მდგომარეობის მქონე სუბიექტს, ამისათვის აუცილებელია მოხდეს შესაბამისი სასაქონლო ბაზრის ანალიზი, რის გარეშეც ყველა განცხადება პოპულისტური და საფუძველს (მკიცებულებას) მოკლებულია. სამწუხაროდ, კონკურენციის ჩარჩო კანონმდებლობის არასრულყოფლიებიდან გამომდინარე შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს ამ მიმართულებით კვლევები 2005 წლის მეორე ნახევრიდან არ უწარმოებიათ (ყოველ შემთხვევაში გამოქვეყნებულ ანგარიშებში ეს არ ჩანს). საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ზოგადად ქვეყნის კონსტიტუციითა და კონკურენციის კანონმდებლობით არა მონოპოლიური მდგომარეობა ან დომინირებული მდგომარეობა იკრძალება, არამედ, აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა და დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება.

-    ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროგრამაში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებს, სადაც ხაზგასმულია, რომ 2005 წელს საქართველოს ხელისუფლებამ გააუქმა ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა და სახელმწიფო რეგულირების გარეშე დატოვა კონკურენციის შემზღუდავი მოქმედებები. შესაბამისად, მიმდინარე წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული კოალიციის უმთავრეს მიზანს სხვა საკითხებთან ერთად სრულყოფილი კონკურენციული პოლიტიკის ჩამოყალიბება წარმოადგენს. შესაბამისად, ისმის კითხვა, თუ გაქვთ ინფორმაცია რა ხდება ამ მიმართულებით და რა კონკრეტული ნაბიჯები იდგმება ქვეყნის კონკურენციის ძირითადი კანონის სრულყოფისათვის.

-    სანამ ქვეყანაში მოქმედი კონკურენციის კანონმდებლობის სრულყოფის მიმართულებით ამ ეტაპზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ვიტყოდე რამეს, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს წინა მთავრობამ 2010 წლის 3 დეკემბერს გამოსცა განკარგულება, რომლითაც დამტკიცდა ,,კონკურენციის პოლიტიკის ყოვლისმომცველი სტრატეგია“, რომლის ძირითადი პრიინციპები სრულ შესაბამისობაში იყო ევროკავშირის კონკურენციის სამართლებრივ ნორმებთან. მოგვიანებით, უკვე 2012 წლის 8 მაისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ,,თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მიმართაც გარკვეული კითხვები აქვთ როგორც უცხოელ ისე ადგილობრივ ექსპერტებს. სწორედ ამიტომ, დღის წესრიგში დგას ამ სამართლებრივ ნორმაში ცვლილებების შეტანის, ანაც სულ ახლით შეცვლის საკითხი.

რაც შეეხება ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროგრამას, უნდა ვიგულისხმოთ, რომ სწორედ ამ კონტექსტში მიმდინარეობს დღეს ახალი კანონპროეტის საჯარო განხილვა, რომელიც მომზადებულია საქართველოს განვითარების კვლევით ინსტიტუტში და რომლის ავტორია, ცნობილი ექსპერტი ეკონომიკური კონკურენციის საკითხებში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ქალბატონი ქეთევან ლაფაჩი. ამ ინსტიტუტის მიერ მომზადებული კანონპროექტის პრეზენტაცია შედგა მიმდინარე  წლის 5 დეკემბერს ,,თბილისი მარიოტში“. ამჟამად, მიმდინარეობს ამ პროექტის სრულყოფა, გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადების საფუძველზე და იგეგმება მისი წარდგენა საქართველოს პარლამენტში მიმდინარე წლის ბოლომდე.

-    მაინც რა პრინციპული წინააღმდეგობებია დღეს მოქმედ კონკურენციის კანონში. ანუ რისი გამოსწორებაა აუცილებელი.

-     ერთი რაც პირველ რიგში უნდა ითქვას, ისაა, რომ 2012 წლის 8 მაისის ,,თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის რედაქცია, ბევრად უფრო პროგრესულია, ვიდრე, ამავე სახელწოდების 2005 წლის 3 ივნისის კანონი. თუმცა, ფაქტია ისიც, რომ არც ეს კანონია ბოლომდე შესაბამისობაში ვეროკავშირის ნორმებთან. კერძოდ - კანონი არ ვრცელდება იმ ბაზრებზე, რომლის საბაზრო ბრუნვა არ აღემატება მთლიანი შიდა პროდუქტის 0,25 პროცენტს; ასევე ის არ ვრცელდება ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვბან ობიექტებზე და თავდაცვისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის საჭირო საქონელსა და მომსახურებაზე; ამასთან კანონი არ ვრცელდება ისეთ ჰორიზონტალურ ხელშეკრულებებზე, როდესაც მხარეთა ერთობლივი საბაზრო წილი შესაბამის ბაზარზე არ აღემატებს 25 პროცენტს, ხოლო ვერტიკალური ხელშეკრულებების შემთხვევებში 40 პროცენტს ( ევროკავშირის ნორმებით ეს მაჩვენებლები არ უნდა აღემატებოდეს 10 და 15 პროცენტს); ასევე სახელმწიფო დახმარებების მარეგულირებელი დებულებები მთლიანად კარგავ აზრს, რამდენადაც სახელმწიფო დახმარებების განმარტებაში აღნიშნულია, რომ  ის არ გულისხმობს საქართველოს პრეიზიდენტის, საქართველოს მთავრობის და ქალაქ თბილისის მერიის სარეზერვო ფონდებიდან  გამოყოფილი თანხების დახარჯვას, თუ არადა ამ თანხებმა შესაძლებელია ცალკეულ საასქონლო ბაზრებზე არსებულ კონკურენციაზე არსებითი გავლენა იქონიონ; ამასთან, კანონის თანახმად დასაშვებია ნებისმიერი სახის - გადასახადების შემცირებისა და რესტრუქტურიზაციის შემთხვევები, თუ აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს მთავრობა; ასევე კანონის რეგულირებიდან გამოდის - საგადასახადო დავალიანების გადახდევინების, უზრუნველყოფის ღონიძიებების შეჩერებისა და საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შემთხვევები, რამაც თავის მხრივ, შესაძლებელია კეთილსინდისიერი კონკურენციის პრიციპები შელახოს კონკრეტულ სასაქონლო ბაზრებზე; გარდა ამისა აუცილებელია, რომ კონკურენციის მთავარი სახელმწიფო ორგანო იყოს აღჭურვილი ისეთი უფლებამოსილებით, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმების უფლება არ ჰქონდეს არავის გარდა სასამართლო ხელისუფლებისა. სამწუხაროდ, კანონის მიხედვით მთავრობის მიერ გაცემულ სახელმწიფო დამხარებებზე საბოლოო გადაწყვეტილებას, კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციების საფუძველზე ისევ მთავრობა ღებულობს, რაც არასწორია (კონკურენციის ორგანო უნდა იყოს მთავრობის მიერ მიღებული კონკურენციის შემზღუდავი გადაწყვეტილებების გამომვლენი და აღმკვეთი და არა მთავრობისათვის კონკურენციის დარღვევის ფაქტებზე მხოლოდ რეკომენდაციების შემმუშავებელი).

გარდა ამისა, პრობლემატიურია ის, რომ ,,თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებების თანახმად, კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უფლება არა აქვს მთავრობისაგან დამოუკიდებლად (მისის სურვილით) მოახდინოს სასაქონლო ბაზრების ანალიზი. კერძოდ, მას ამ უფლებას ანიჭებს საქართველოს მთავრობა წინასწარ განსაზღვრულ პრიორიტეტულ მიმართულებებზე. შესაბამისად იმ ბაზრებზე, რომლებიც პრიორიტეტულ მიმართულებებში არაა მოქცეული, რომც ჰქონდეს ადგილი არაკეთილსინდისიერ კონკურენციას, მასზე რეაგირების განხორციელების უფლებამოსილება სააგენტოს არ გააჩნია. ე.ი. სააგენტო პასუხს არ აგებს იმ ბაზრებზე არსებულ არაკონკურენტულ მდგომარეობაზე, რომელბიც მთავრობას პრიორიტეტულ მიმართულებებში არ ყავს შეყვანილი.

- თქვენის აზრით, პროფესორ ქეთევან ლაფაჩის მიერ მომზადებული კანონპროექტით ყველა თქვენს მიერ აღნიშნული საკითხი მოწესრიგებული იქნება.

- ახალი კანონპროექტის შემუშავება სწორედ არსებული ხარვეზების გამოსწორებას ემსახურება. თუმცა, წინასწარ იმის თქმა იქნება თუ არა ის ბოლომდე  სრულყოფილი ჯერ-ჯერობით ძნელია.

- რამდენადაც ჩემთვის ცნობილია თქვენ ჯერ კიდევ 2007 წელს გქონდათ გამოქვეყნებული კონკურენციის ჩარჩო კანონის თქვენეული ვერსია წიგნში - ,,მსჯელობა  საქართველოს საკონკურენციო (ანტიმონოპოლიური) სამართლის სრულყოფის საკითხებზე“. ეს რა პროექტი იყო და რამდენადაა ის ჰარმონიზებული ევროკავშირის სამართლებრივ ნორმებთან.

-  მართალი ბრძანდებით. მე ნამდვილად მაქვს ზემოაღნიშნულ წიგნში შეტანილი ,,ეკონომიკური კონკურენციის განვითარებისა და ანტიმონოპოლიური რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც თავის დროზე შემუშავებულ იქნა სწორედ ევროკავშირის წარმომადგენელთა (ადგილობრივი და უცხოელი)  აქტიური მონაწილეობით. პროექტში შესულია, ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრის  TACIS-GEPLAC-ის როგორც ადგილობრივი ისე უცხოელი ექსპერტების (სამართლის დოქტორი ბატონ ჯოზეფ მაკარდლი და ბატონი ხუან იტურია გაგოიტია და სხვ.) მიერ გამოთქმული  შენიშვნები და წინადადებები.

შესაბამისად, ქართველ და უცხოელ ექსპერტთა რეკომენდაციების გათვალისწინებით შეჯერებული ქართული საკონკურენციო სამართლის ახალი ვარიანტი (ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზებული ვერსია) კონრად ადენაურის ფონდის ამიერკავკასიის წარმომადგენლობის (ხელმძღვანელი, სამართლის დოქტორი, გრიგოლ რობაქიძის  უნივერსიტეტის სრული პროფესორი ლევან იზორია) ხელშეწყობითა და მხარდაჭერით, ჩემს მიერ წარდგენილ იქნა საჯარო განხილვისათვის ფართო საზოგადოების წინაშე 2003 წლის 1 ივნისს სასტუმრო ,,თორი-ში“. საბოლოოდ, კანონპროექტი მოწონებულ  და  მხარდაჭერილ იქნა საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, არასამთავრობო სექტორისა და სამეცნიერო დაწესებულებების წარმომადგენლების მიერ და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კანონპროექტის დაინტერესებულ სამინისტროებთან შეთანხმებისა და შემდგომი მსვლეობის მიცემის თაობაზე. საბოლოოდ, კანონპროექტის დახვეწაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ქვეყნის აღამასრულებელი ხელისუფლების წარმოადგენლებს (სხვადასხვა სამინისტორებსა და უწყებებს - 2004 წ.). თუმცა, მისი მიღება გარიკვეული ობიექტური თუ სუბიექტური მზეზების გამო არ მოხდა და მის ნაცვლად მღებულ იქნა განსხვავებულ ხედვაზე დაფუძნებული - ,,თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონი, 2005 წლის 3 ივნისს. სწორედ, ამ უკანასკენლი კანონის, როგორც არაეფექტური სამართლებრივი ნორმის ჩანაცვლება მოხდა იმავე სახეწლოდების კანონით 20012 წლის 8 ივნისიდან.  

აქვე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ რამდენიმე წლის უკან კონკურენციის კანონპროექტის ჩემი ვერსიის ქვეყნის პარლამენტში წარსადგენად ინიცირებაზეც კი იყო საუბარი, თუმცა, ჩემგან დამოუკიდბელი მიზეზების გამო, ეს საკითხი ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი. ამასთან, ორიოდე თვის უკან ერთ-ერთი საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მთხოვეს ჩემს მიერ გამოქვეყნებულ კანონპროექტში შემეტანა ცვლილება კანონის აღმასრულებელი ორგანოს ინსტიტუციური მოწყობის ნაწილში (კანონპროექტის გამოქვეყნებულ ვერსიაში გათვალისწინებული მქონდა კონკურენციის სამსახურის კომისიური წესით მოწყობის მექანიზმები). კერძოდ, მთხოვდნენ კონკურენციის კანონმდებლობის აღმასრულებელი ორგანო განმესაზღვრა საქართველოს პარლამენტს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით.  შესაბამისად, ჩემს მიერ შეტანილ იქნა კონკურენციის ჩარჩო კანონში ეს ცვლილება და სწორედ ამ ფორმით ჩამოვაყალიბე  კონკურენციის ჩარჩო კანონპროექტის საბოლოო რედაქცია. მოგვიანებით, სწორედ ამ საინიციატივო ჯგუფის მიერ (ჩემთან შეთანხმების გარეშე) მოხდა ,,ეკონომიკური კონკურენციის დაცვისა და ანტიმონოპოლიური რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის ჩემი ვერსიის გასაჯაროება ფეისბუკის (ჯგუფი ანტიმონოპოლია) მეშვეობით, სადაც დღემდე მიმდინარეობს ამ საკითხებზე დისკუსია.

თუმცა, საბოლოდ მინდა  გავუსვა ხაზი იმას, რომ ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ქვეყნისათვის უკეთესი იქნება არა კონკურენციის ახალი კანონის მიღება, არამედ, ამჟამადი მოქმედი ჩარჩო კანონის (,,თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 2012 წლის 8 მაისის რედაქციის) დახვეწა და სრულყოფა ევროკავშირის ნორმებთან დაახლოების კუთხით. მითუმეტეს, იგივე მოსაზრება და პოზიცია გააჩნია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშეს (პროექტის მენჯერს) ვაჭრობის საკითხებში, ქალბატონ ვირჟინი კოსოულსაც, რომელსაც მე დიდ პატივს ვცემ და რომელთანაც მე მქონდა (მათივე მოთხოვნით) საკონსულტაციო შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს.

-    2012 წლის 1 იანვრიდან მოხდა თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს შერწყმა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან, რამაც გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ისმება კითხვა, სადაური მოდელია ეს და რამდენად გამართლებულად  მიგაჩნიათ ამ ორი სააგენტოს ერთად ფუუნქციონირება.

-  დღეს საქართველოში მოქმედი ინსტიტუციური მოწყობა, ანუ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების საქმიანობის ერთი სახელმწიფო ორგანოს ქუდქვეშ მოქცევა, არის შვედეთში აპრობირებული მექანიზმი. კერძოდ, შვედეთის კონკურენციის სააგენტოზეა დელეგირებული ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო შესყიდვების საქმინაობის კოორდინაცია და კონტროლი. შესაბამისად, საქართველომ სწორედ ეს შვედურ მოდელი გადმოიღო. თუმცა, შვედეთში წამყვანი მიმართულება - კონკურენციაა და არა სახელმწიფო შესყიდვა, ჩვენთან კი პირიქითაა. ამასთან, დღეისათვის უკვე შეიძლება ითქვას, რომ ამ ორი უწყების ისევ გაყოფაზე ღიად მიდის საუბარი (ამ უკანასკნელზე ტელეკომპანია ,,კავკასიის“ ეთერშიც ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ა.წ. 5 დეკემბერს), რადგანაც ზოგიერთი ექსპერტის აზრით, აქ ინტერსეთა კონფლიქტთან გვაქვს საქმე. აღნიშნული საკითხის მოწესრიგებას ემსახურება საქართველოს განვითარების კვლევით ინსტიტუტში მომზადებული  კანონპროექტი, რომლის თანამხად უნდა მოხდეს  კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოების გაყოფა ორად. კონკურენციის სააგენტოს ჩამოცილდება სახელმწიფო შესყიდვების მიმართულება. თუმცა, ეს არ ნიშანავს იმას, რომ კონკურენციის ორგანოს არ ექნება უფლებამოსილება საჭიროების შემთხვევაში შეისწავლოს სახელმწიფო შესყიდვების ბაზრებზე არსებული კონკურენციული გარემო და აუცილებლობის შემთხვევაში ჩაერიოს მისი კომპეტენციის ფარგლებში.

-  იმისათვის რომ სრულყოფილად იყოს დაცული თავისუფალი ვაჭრობისა და კეთილსინდისიერი კონკურენციის პრინციპები, რა სახის ინსტიტუციური  მოწყობაა უფრო ეფექტური.

- ქვეყნის კონკურენციის ორგანოს ინსტიტუციური მოწყობის სხვადასხვა მოდელი არსებობს. აქ ჩვენ ველოსიპედის ხელახალი გამოგონება არ გვჭირდება. ჩემი აზრით, აშშ არის ქვეყანა სადაც ყველაზე მეტი ყურადღება ექცევა ანტიტრესტულ რეგულირებას. შესაბამისად, იქ არსებობს ორი ძლიერი ინსტიტუტი - 1) ვაჭრობის ფედრალური კომისიისა და 2) იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული ანტიტრესტული კანონმდებლობის დეპარტამენტის სახით; თავის მხრივ ვაჭრობის ფედერალური კომისია შედგება 5 წევრისაგან, რომლებსაც 7 წლის ვადით თაბამდებობაზე ნიშნავს ქვეყნის პრეზიდენტი და ამტკიცებს სენატი. ამასთან, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ერთსა და იამავე პოლიტიკურ პარტიას არა აქვს უფლება, კომისიაში 3 წევრზე მეტი ყავდეს. რაც შეეხება ანტიტრესტულ დეპარტამენტს მას ხელმძღვანელობს აშშ-ს გენერალური პროკურორის თანაშემწე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს აშშ-ს პრეზიდენტი სენატის თანხმობით; ინგლისში არსებობს კეთილსინდისიერი (სამართლიანი) ვაჭრობის ოფისი, რომელიც ექვემდებარება კეთილსინდისიერი ვაჭრობის კომისიის გენერალურ დირექტორს. ეს უკანასკენლი თანამდებობაზე ინიშნება სახელმწიფო მდივნის (მინისტრის) მიერ. ამასთან, ინგლისში ფუნქციონირებს დამოუკიდებელი კონკურენციის კომისია, რომელიც ვაჭრობისა და მრეწველობის სახელმწიფო მდივნის (მინისტრის) დავალებით ახდენს კომპანიათა შერწყმების გამოძიებას; გერმანიაში არსებობს კარტელური გარიგებების ზედამხედველობის ფედერალური სააგენტო, როემლიც არის დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ეკონომიკისა და ტექნოლოგიების სამინისტროს სისტემაში. ასევე არსებობს მონოპოლიურ საკითხებზე მომუშავე კომისია - დამოუკიდებელი საკონსულტაციო საბჭო- კონკურენციისა და რეგულირების სფეროში; ესტონეთში არსებობს დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო კონკურენციის სააგენტოს სახით (ამ კომისიის რეგულირების სფეროს წარმოადგენს როგორც კონკურენციის საკითხები, ისე ყველა ბუნებრივ მონოპოლიათა (დარგობრივი რეგულაციები) რეგულირებაც); სიონგაპურში მოქმედებს კონკურენციის კომისია, რომლის წევრებს ირჩევეს პარლამენტი (10 წევრი). ამასთან კომისია ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს შემადგენლობაშია;  უკრიანაში არსებობს დამოუკიდებელი კონკურენციის კომისია, რომლის წევრწებს (9 წევრი) უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ირჩევს 7 წლის ვადით. ასევე დამოუკიდებელი კომისია არსებობს სომხეთში, ხოლო აზერბაიჯანში კონკურენციის ორგანოს ფუნქციები არის ეკონომიკის სამინისტროზე დელეგირებული და ა.შ. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მინდა ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, რომ ჩემი აზრით, საქართველოსათვის მისაღები  შეიძლება იყოს ერთ-ერთი შემდეგი ვერსიიდან: 1)ქვეყნის კონკურენციის ორგანო უნდა იყოს სრულიად დამოუკიდებელი, როგორც დარგობრივი მარეგულირებელი კომისიები არიან დღეს და მათ საქმიანობაში ჩარევის უფლება არც ერთ სახელმწიფო ორგანოს არ უნდა ჰქონდეს, გარდა სასამართლო ხელისუფლებისა; 2)კონკურენციის ორგანო უნდა იყოს მაღალი დამოუკიდებლობის ხარისხის მქონე საქართველოს მთავრობის ქუდქვეშ მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის უფროსი დაინიშნება განსაზღვრული ვადით ქვეყნის პრემირ-მინისტრის მიერ, საქართველოს პარლამენტთან შეთანხმებით (ინსტიტუციური მოწყობის ეს პრინციპია ჩადებული პროფესორ ქეთევან ლაფაჩის მიერ მომზადებულ კანონპროექტში) და 3)კონკურენციის ორგანო უნდა იყოს საქართველოს პარლამენტს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის უფროსი დაინიშნება განსაზღვრული ვადით და რომლის საქმიანობაში ჩარევის უფლება არ ექნება არც ერთ აღმასრულებელ რგოლს; 

საბოლოოდ, მინდა აღვნიშნო, რომ მე მაინც პირველი ან მესამე ვარიანტისკენ ვიხრები, რადგანაც არასწორად მიმაჩნია, სააგენტო იყოს დაქვემდებარებული სახელმწიფო ხელისუფლების იმ რგოლს ვისი საქმიანობის კონტროლიც მას ევალება. თუმცა, საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე, მაინც გადამწყვეტია სააგენტოს დამოუკიდებლობის ხარისხი, თორემ, სხვა ქვეყნების გამოცდიებიდან გამომდინარე, აღამასრულებელი ხელისუფლების ქუდქვეშ ყოფნა არც თუ ისე პრობლემურია.

-    დიდი მადლობა ინტერვიუსათვის.

-    თქვენც დიდი მადლობა.

ესაუბრა ჟურნალ ახალი ეკონომისტის

მთავარი რედაქტორი ლოიდ ქარჩავა

24.12.2012 .

მთავარი რედაქტორი

ლოიდ ქარჩავა

მთავარი რედაქტორი და სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე,

ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, პროფესორი;

საქართველოს მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარე;

საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი;

ფაზისის საერო-მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი.