Georgian English Russian
სიახლეები
24
ტკილი (მერგელი) როგორც მნიშვნელოვანი აგრომინერალური ნედლეული თხილის კულტურისათვის

აგრომინერალების ადგილობრივი რესურსების გამოყენებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულების განვითარებისათვის. ბოლო წლებში საქართველოში  განვითარება ჰპოვა თხილის წარმოებამ, რომელიც სტრატეგიული კულტურის პოზიციას იკავებს. თხილის მრეწველობის განვითარებაში დიდი როლი შეიძლება ითამაშოს აგრომინერალების ბაზაზე მიღებულმა სასუქებმა. ამდენად, ყურადსაღებია ქვეყნის ნებისმიერ რაიონში გამოვლენილი ყოველი აგრომინერალური მადნების რესურსი. ერთი მათგანია ჩხოროწყუს რაიონში არსებული  მერგელის  გამოვლინება,რომლის არასისტემური გამოყენების შედეგები იმედის მომცემია. ამდენად გამოვლენილი აგრომინერალური რესურსის აკადემიური გამოკვლევა აუცილებელია.

                      

საქართველოს ტერიტორიაზე ადგილობრივი აგრონომიული მადნები ფართოდაა გავრცელებული, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ქვეყანაში ადგილობრივი მინერალური და ორგანო–მინერალური სასუქების წარმოებისათვის.

აგრონომიული მადნების გავრცელება ექვემდებარება დედამიწის ქერქის განვითარების ზოგად გეოლოგიურ ისტორიას და რეგიონის ტექტონიკურ თავისებურებებს, ამდენად ამა თუ იმ აგრონომიული სახეობის გამადნების ფორმირების პირობები დაკავშირებულია გარკვეულ გეოლოგიურ ფორმაციების, სტრატიგრაფიულ ჰორიზონტებისა და ტექტონიკურ ზონებთან. დღემდე ძირითადად ცნობილი აგრონომიული მადნების საბადოები დაკავშირებულნი არიან დიდი კავკასიონის სამხრეთ ფერდობის ნაოჭა სისტემასთან, ქართულ ბელტთან, აჭარა–თრიალეთის ნაოჭა ზონასა და ართვინის ბელტთან.

აგრონომიული მადნების გამოვლენის მხრივ ყველაზე დეტალურადაა შესწავლილი მეზოზოური და კაინოზოური ფორმაციები, თუმცა ზოგიერთი სახეობები დაფიქსირებულია პალეოზოურ შრეებშიც. ამასთან პალეოზოის ფორმაციები ფოსფორის შემცველობის კუთხით არასათანადოდაა შესწავლილი, ხოლო უმეტესი აგრომინერალები განხილულია პროდუქტიული გეოლოგიური ფორმაციების აღწერისას [1].

საქართველოს ტერიტორიაზე არსებული აგრომადნები სამრეწველო დონეზე, როგორც ადგილობრივი, ასევე რეგიონალური მასშტაბებით შეიძლება ითქვას, რომ არ გამოიყენება თუ არ გავითვალისწინებთ კერძო მეწარმეების თუ ფერმერების მხრივ ზოგიერთ ადგილას ადგილობრივი საბადოების სტიქიურად ექსპლუატაციის შემთხვევებს.

2015 წელს ჩხოროწყუს რაიონის მუნიციპალიტეტმა გამოიჩინა  დაინტერესება რაოინში არსებული მერგელების (ტკილის) საბადოს მიმართ. ეს დაინტერესება გამოიწვია იმან, რომ რაიონში გაშენებული  სტრატეგიული კულტურის თხილის პლანტაციებში აღნიშნული აგრომადნების გამოყენებამ ცალკეული კერძო პირის მიერ გამოავლინა მისი მნიშვნელოვანი დადებითი ზემოქმედება მოსავლიანობის ზრდაზე.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ ივ. ჯავახიშვილილის სახ. თბილისის სახ. უნივერსიტეტის კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტს, სადაც წარმოდგენილი იქნა საბადოზე მოპოვებული წარმომადგენლობითი სინჯები, ანალიზისა და სათანადო შეფასებებისათვის.

როგორც აღნიშნული იქნა, თხილი უკანასკნელ პერიოდში ქვეყნისათვის ერთ–ერთი  სტრატეგიული  სასოფლო–სამეურნეო კულტურაა და მათ შორის ასეთია ის იგივე ჩხოროწყუს რაიონისათვის. ზოგადად თხილი მნიშვნელოვანი კაკლოვანი კულტურაა, მის ნაყოფში ცხიმის შემცველობა აღწევს 60-70%, ხოლო გულის გამოსავლიანობა 40-50%–ია. ამასთან თვითონ კულტურა დღემდე ითვლება ეროზია საწინააღმდეგო კულტურად, რადგან მისი ზერელედ განვითარებული ფესვთა სისტემა იცავს წყლისებრი და ქიმიური ეროზიისაგან ნიადაგს. ამასთან თხილი ნიადაგის ნაყოფიერებისადმი დიდი მოთხოვნებით არ გამოირჩევა, იგი ხარობს ღარიბ ნიადაგებშიც, მაგრამ ინტენსიური ტექნოლოგიის მოთხოვნების თანახმად აუცილებელია მისთვის ნაყოფიერი ნიადაგის შერჩევა. ცნობილია, რომ თხილი თავისი ზრდა–განვითარებისათვის, გარდა საკვები კომპონენტებისა მოითხოვს მცენარის ფესვთა სისტემის განვითარების ზონაში ნეიტრალური რეაქციის გარემოს (PH -6.5-ის მახლობლობაში). როგორც ცნობილია თხილის კულტურა ძირითადად გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, სადაც უმეტესად გავრცელებულია წითელმიწა, ყვითელმიწა და სუბტროპიკული ეწერი ნიადაგები, რომლისთვისაც მჟავე რეაქციაა დამახასიათებელი. აღნიშნული ნიადაგები ასევე ღარიბია მცენარისათვის საჭირო საკვები ნივთიერებებით და მათ შორის ჰუმუსითაც. მჟავე ნიადაგებში აღინიშნება წყალბადის და ალუმინის სიჭარბე. დადგენილია, რომ წყალბადის და ალუმინის იონების სიჭარბე ნიადაგში უარყოფითად მოქმედებს ფესვთა სისტემის განვითარებაზე და არღვევს მცენარეში საკვები ელემენტების შეღწევადობას და აფერხებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს. ყოველივე ეს განაპირობებს თხილის კვებისა და ზრდა განვითარების პროცესის გაუარესებას, რის გამოც ასეთ ნიადაგებზე მოყვანილი თხილი დაბალ მოსავლიანი და უხარისხოა, ხოლო შეტანილი სასუქები დაბალეფექტური. მჟავე ნიადაგების ნაყოფიერების გასაუმჯობესებლად და მათზე მაღალი მოსავლის მისაღებად საჭიროა ნიადაგის მჟავიანობის რეგულირება მისი მოკირიანებით. იმ შემთხვევაში თუ ნიადაგისpH 4,5-4,6–ზე ნაკლებია აუცილებელია მისი ძლიერი მოკირიანება,თუ pH 4,5-5,5–ის ფარგლებშია სუსტი მოკირიანება და თუ pH5,5-5,6–ზე მეტია უმეტეს შემთხვევაში მოკირიანება აუცილებელი არაა.

ნიადაგის კირზე მოთხოვნილების დადგენისათვის სასურველია pH დონის განსაზღვრის გარდა დადგენილი იქნეს ნიადაგის ფუძეების მაძღრობის ხარისხი.ფუძეებით მაძღრობის ხარისხი გვიჩვენებს თუ რამდენად ღრმადაა წასული ნიადაგში ფუძეებით გაღარიბების პროცესი, თუ ის  V< 50%–ზე, საჭიროა ძლიერი მოკირიანება; V = 50-70%  საჭიროა სუსტი მოკირიანება; ხოლო თუ V> 70% – მოკირიანება არაა აუცილებელი.

ამრიგად ერთი და იგივე მჟავიანობის დროს კირზე დიდ მოთხოვნას აყენებენ ის ნიადაგები, რომელთა ფუძეებით მაძღრობის ხარისხი ნაკლებია. კირზე მოთხოვნილების განსაზღვრისას საჭიროა ყურადღება მიექცეს აგრეთვე ნიადაგის მექანიკურ შემადგენლობასაც. ცნობილია, რომ მძიმე მექანიკური შემადგენლობის ნიადაგები კირზე უფრო მეტ მოთხოვნილებას აყენებენ, ვიდრე მსუბუქი  მექანიკური შემადგენლობის ნიადაგები.

მოკირიანების ქვეშ იგულისხმება ნიადაგში კირის შემცველი რომელიმე სასუქის შეტანა, რომელიც უზრუნველყოფს მჟავე ნიადაგების რეაქციის დარეგულირებას და ნაყოფიერების გაუმჯობესებას. მჟავიანობის გასანეიტრალებლად საჭირო კირის დოზის გასაანგარიშებლად უნდა გაკეთდეს ნიადაგის ჰიდროლიზური მჟავიანობის ანალიზი, რომელიც შესაბამის კოეფიციენტზე 1,5–ზე გამრავლებით გვაძლევს ერთ ჰექტარ ფართობზე შესატანი კირის რაოდენობას. ეს კირის ისეთი დოზაა, რომელიც მოსავალზე მყარ და ხანგრძლივ მოქმედებას უზრუნველყოფს და მაღალ ეკონომიურ ეფექტს იძლევა.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებული ნიმუშები განეკუთვნება ნაფიჩხოვოს თემის ტერიტორიაზე არსებულ მადან გამოვლინებას. შესრულებული რენტგენოსტრუქტურული და ქიმიური ანალიზის შედეგები მოცემულია ცხრილი 1 და 2–ში. შედეგების ანალიზი გვაძლევს საშუალებას ზოგიერთი დასკვნის გასაკეთებლად. კერძოდ, აღნიშნული აგრომადნის გამოყენება იმსახურებს სათანადო ყურადღებას, რადგან ის არის ძლიერი ტუტე რეაქციის, მისი PH= 9,0; მასში წყალში ხსნადი კალციუმის შემცველობა 11,8 მგ 100გრ. მასაზე. ამ რაოდენობას თავისუფლად შეუძლია გაანეიტრალოს ნიადაგის მჟავიანობა. საკმაოდ მაღალია მასში კვების ერთ–ერთი ძირითადი ელემენტი კალიუმი 30მგ/100 გრ–ში; ასევე, აზოტის როგორც საერთო - 0,35%, ისე ნიტრატული ფორმა, ხოლო შესათვისებელი ფოსფორი მცირე რაოდენობითაა. ამდენად, მისი გამოყენებისას ხდება ნიადაგის მჟავე რეაქციის განეიტრალება და ნაყოფიერების გაუმჯობესება.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ დასავლეთ საქართველოში კირიან სასუქად ტკილის (მერგელების) გამოყენებას დიდი ხნის ისტორია აქვს, ამას მოწმობს სასუქების, ნიადაგმცოდნეობის და აგროტექნიკის საკავშირო ინსტიტუტის (ყოფილი) საქართველოს ფილიალის შრომები.

საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის აგროქიმიის კათედრის, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის ინსტიტუტის კვლევები.ტკილის (მერგელის) გამოყენება, როგორც აგრომინერალური ნედლეული აქტუალურია.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონში არსებული ტკილის (მერგელის) და სხვა აგრომინერალების გამოვლინებები თითქმის შეუსწავლელია, აუცილებელია სათანადო ძალისხმევა, შესაბამისი გეოლოგიური და ტექნოლოგიური ძიებანი, მარაგების დაზუსტებისა და საბადოთა შემდგომი ათვისების და კომერციული გამოყენების  მიზნით.

 

 

 

ქიმიური შემადგენლობა, %

ცხრილი №1

სინესტე

ხურებითი დანაკარგი

SiO2

TiO2

Fe2O3

FeO

P2O2

MnO

CaO

MgO

SO3

Na2O

K2O

Cr

B2O3

1

1,65

5,75

56,5

0,80

2,21

3,52

0,08

0,14

5,1

1,6

0,38

2,2

4,3

0.0094

0,5

 

ელემენტების მოძრავი და გაცვლითი ფორმები მგ/100გ ნიმუში

ცხრილი №2

 

K2O

Ca

Mg

P2O2

SO4

 

გაცვლითი

მოძრავი

წყალში ხსნადი

მოძრავი (გაცვლითი)

წყალში ხსნადი

მოძრავი (გაცვლითი)

მოძრავი

წყალში ხსნადი

 

ექსტრაგენტი ამონიუმის აცეტატი

ექსტრაგენტი             0,5 N HCl

ექსტრაგენტი წყალი

ექსტრაგენტი

KCl 0.1 M

ექსტრაგენტი წყალი

ექსტრაგენტი KCl 0.1 M

ექსტრაგენტი (NH4)2 SO4

ექსტრაგენტი წყალი

ჰაერზე მშრალი

30

20

11.6

99.97

0.0

24.99

0.9

48,8

ტენის გათვალისწინებთ

30,5

20,3

11.8

101.6

0.0

25.4

0.9 ან <1

 

 

 

 

მშრალზე ნაშთი, %

Pb,%

Zn,%

Co,%

Ni,%

Cu,%

Cd, %

pH

N,%

საერთო

ნიტრატული

0,248

0,005

0,020

0,02

0,017

0,008

0,002

9,0

0,35

0,28

 

 

 

 

 

 

 

 

 

0,28

 

გამოყენებული ლიტერატურა:

1.      როყვა მ.;  მაღალაშვილი გ.; გვარჯალაძე რ.; საქართველოს ადგილობრივი აგრონომიული მადნები. თბ,. 1981 (რუსულ ენაზე).

2.      ონიანი ო., აგროქიმია, განათლება, თბ., 1983წ.

3.      იაკობაშვილი გ.; ლიპარტელიანი რ.; საქართველოს აგრომადნები და მათი სასუქებად გამოყენების პირობები, თბ., 2009წ.

 


რევაზკვატაშიძე,

გეოლოგია-მინერალოგიის აკადემიური  დოქტორი,

საინჟინრო აკადემიის წევრი,

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

კავკასიის ალ. თვალჭრელიძის მინერალური

ნედლეულის ინსტიტუტის დირექტორი

 

შალვა მალაშხია

ტექნიკის აკადემიური დოქტორი,

წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი,

სსიპ ივანე  ჯავახიშვილის სახელობის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,

კავკასიის ალ. თვალჭრელიძის მინერალური

ნედლეულის ინსტიტუტის ბიოტექნოლოგიური

სამეცნიერო კვლევითი განყოფილების გამგე

shalvamalashkhia@mail.ru

599267705

ნინო მუმლაძე

სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი,

აგროქიმიკოს-ნიადაგმცოდნე

 

ნინო ჩხობაძე

სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი,

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის

სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის

ალ.თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის

ინსტიტუტის ბიოტექნოლოგიური სამეცნიერო

კვლევითი განყოფილების მეცნიერ თანამშრომელი

 

მთავარი რედაქტორი

ლოიდ ქარჩავა

მთავარი რედაქტორი და სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე,

ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, პროფესორი;

საქართველოს მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარე;

საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი;

ფაზისის საერო-მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი.