Georgian English Russian
ინტერვიუ
24
ინტერვიუ თბილისის მერთან ბატონ დავით ნარმანიასთან

- ბატონო დავით, პირველ რიგში შობა-ახალ წელს გილოცავთ, მრავალს დაესწარით და წარმატებული ყოფილიყოს ახალი 2016 წელი თქვენთვის, ქალაქისთვის და სრულიად საქართველოსთვის. . .

- თქვენც გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ.

- სანამ კონკრეტული მიმართულებით დაგისვამდეთ კითხვებს, მოდით, ზოგადად შევაჯამოთ გასული 2015 წელი. რით იყო გამორჩეული 2015 წელი თქვენთვის, მერიისთვის, ქალაქისთვის, რომელიც ყველაზე მასშტაბურად შეიძლება ჩაითვალოს?

- 2015 წელი ჩვენთვის ძლიან მნიშვნელოვანი წელი იყო, ვინაიდან ქალაქ თბილისში ძალიან ბევრი საქმე გავაკეთეთ და ძალიან ბევრი საერთაშორისო და ევროპული მნიშვნელობის ღონისძიებას უმასპინძლა ჩვენმა ქალაქმა. შეიძლება სრული პასუხისმგებლობით ვთქვათ, რომ ისეთი საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებები, რაც 2015 წელს ჩატარდა ჩვენს დედაქალაქში როგორც ეროვნული მთავრობის ისე ჩვენი ორგანიზებით და ხელშეწყობით, ასეთი ბოლო წლების განმავლობაში არასოდეს ყოფილა. შეიძლება მათგან რამდენიმე გამოვყოთ. ეს იყო: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის - EBRD-ის წლიური კონფერენცია თბილისში; ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი; UEFA- სუპერთასის ფინალი; აბრეშუმის გზის საერთაშორისო კონფერენცია. ასევე, სპორტული მიმართულებით ჩატარდა სხვა ევროპული მნიშვნელობის ღონისძიებები და შეჯიბრებები. აქედან გამომდინარე საკმაოდ დატვირთული სამუშაო გრაფიკი და რეჟიმი იყო 2015 წელს და არა მხოლოდ ამ თვალსაზრისით. ჩვენ ძალიან ბევრი პროექტი და პროგრამა განვახორციელეთ იგივე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის. მომზადდა და აშენდა ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა, .. ხუთი ახალი სპორტული ობიექტი, ხოლო ექვსი ობიექტის რეაბილიტაცია ჩატარდა. სრულად მოხდა დინამოს სტადიონის მოდერნიზაცია UEFA-  სტანდარტების შესაბამისად და 20 მილიონი ლარი ჩაიდო ამ ყველაფერში, როგორც ქალაქის, ასევე, ცენტრალური ბიუჯეტიდან. ასევე, ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების თვალსაზრისით, ისევე, როგორც ავარიული შენობა-ნაგებობების გამაგრების მხრივ, ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა. მათ შორის გამოვყოფდი თბილისის ზღვის შემოვლით გზას, ვაკე-წყნეთის დამაკავშირებელ გზას, რაც სრულიად ახალი საგზაო საფარით გაკეთდა და ჯამში ირივე ერთად 25 კმ.-მდეა. ასევე, თამარაშვილისა და თამარ მეფის გამზირი, სხვა ძალიან ბევრი შიდამნიშვნელობის გზების საფარი, ჯამში ერთი მილიონი კვადრატული მეტრის გზა დაიგო ერთი წლის განმავლობაში.

ჩვენთვის საუბედურო მოვლენაც მოხდა 2015 წელს 13-14 ივნისის სტიქიის სახით, რომელთან გამკლავება ძალიან აქტიურად მიმდინარეობდა, შესაბამისად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენაც. წლის ბოლოსთვის ჩვენ მოვახერხეთ, რომ ყველა ძირითადი ინფრასტრუქტურა აღვადგინეთ, მოძრაობა გავხსენით, დავეხმარეთ იმ ფიზიკურ პირებს, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც დაზიანდა. რომ არა სტიქია, ჩვენ შეგვეძლო ჩვენივე ბიუჯეტით უფრო მეტი რამ გაგვეკეთებინა, მაგრამ ვინაიდან ასეთი სამწუხარო რამ მოხდა, ჩვენი საბიუჯეტო სახსრების გარკვეული ნაწილის აქეთ მიმართვა მოგვიწია. ისევე როგორც ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა მნიშვნელოვანი შემოწირულობები გააკეთეს და 20 მილიონ ლარზე მეტი მოგროვდა ამ დანიშნულებით, რაც სრულად მოხმარდა იმ ოჯახებს, რომელთაც სტიქიის შედეგად ზიანი მიადგათ. ასე რომ, 2015 წელი ბევრი რამით იყო გამორჩეული, ჯამში ჩვენ 930 მილიონი ლარის ხარჯები გავწიეთ მთელი წლის განმავლობაში მუნიციპალური ბიუჯეტიდან, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ყველა სხვა წინა წლებში გაწეულ ხარჯებს. ისე როგორც მოვაწესრიგეთ ადმინისტრირებასთან დაკავშირებული საკითხები, საბიუჯეტო ადმინისტრირება, რამაც საბიუჯეტო სახსრების უფრო ეფექტურად გამოყენების საშუალება მოგვცა.

- ყველაზე მაღალბიუჯეტიანი პროექტები მაინც ახალგაზრდული ოლომპიური ფესტივალის ჩატარებასთან იყო დაკავშირებული. მთლიანობაში რამდენი მილიონი ლარი დაიხარჯა ამ ფესტივალის მოსამზადებელი ღონისძიებების ჩატარებაზე, შესაბამისი საერთაშორისო დონის ინფრასტრუქტურის მოწყობაზე და .. ?

- ჯამში 2015 წელს 60 მილიონ ლარამდე დაიხარჯა ოლიმპიადის ახალი ობიექტის მშენებლობის, მოძველებული ობიექტების განახლებისა და თვითონ ოლიმპიადის ორგანიზების თვალსაზრისით, საიდანაც 28 მილიონი ლარი დაფინანსებული იყო მუნიციპალური ბიუჯეტიდან, ხოლო დანარჩენი - სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

- როგორც იტყვიანკვლავაც ყბადაღებული თემაა პრემიების საკითხი. არადა 2015 წლის საპრემიო ფონდი საქალაქო სამსახურებისა და რაიონული  გამგეობებისთვის, 2014 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით რამდენიმე მილიონი ლარით შემცირდა. . . თქვენ თვითონ პირველი დღიდანვე თქვით უარი პრემიაზე, მაგრამ ამას ოპონენტები არ ახსენებენ, რა თქმა უნდა. . .

- ჩვენ წინააღმდეგი ვართ უაზრო პრემიებისა და დანამატების გაცემის. სწორედ ამიტომ, ჩვენ როცა მოვედით მერიაში მაშინათვე ვთქვით და 2014 წელსვე შემოვიჭირეთ ქამრები, ასევე 2015 წელსაც მოვახდინეთ ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვა. ეს ეხება არა მხოლოდ საპრემიო ნაწილს, არამედ ზოგადად ადმინისტრაციულ ხარჯებს, მაგრამ რადგან პრემიებს შეეხეთ, 2014 წელსვე ჩვენ გარღვეული ბიუჯეტი დაგვხვდა წინა ხელისუფლებისგან. თბილისის მთავრობამ უარი თქვა პრემიების აღებაზე, საახალწლო პრემიებს ვგულისხმობ ამ შემთხვევაში, ისევე როგორც, თუ ადრე ორმაგი და სამმაგი დანამატები და პრემიები იყო  წინამორბედების დროს, ჩვენ წახალისების სისტემა გავაკეთეთ, მხოლოდ ერთმაგი ოდენობით და ამით შევძელით, საბოლოო ჯამში საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხები დაგვეზოგა. მეორეს მხრივ, აუცილებელია, რომ თანამშრომლების სტიმულირება მოხდეს და შესაბამისად მათი მოტივაცია იყოს მაღალი. მოგეხსენებათ, რომ მენეჯმენტის, მართვის ერთ-ერთი ფუნქციაა, ადამიანებს ჰქონდეთ მოტივაცია, მათ შორის საჯარო სამსახურში, რათა უფრო აქტიურად იმუშაონ, რაც ადამიანის ბუნებიდან გამომდიანრეობს. ამიტომაც გარკვეული სტიმულირების ინსტრუმენტები ჩვენ დავტოვეთ ბიუჯეტში, მაგრამ ეს არ არის გაუაზრებლად მაღალი. ასევე, ჩვენ ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ 2016 წლისთვის ეს მაჩვენებელი შემცირდა კიდევ 20 პროცენტით და შესაბამისად, საპრემიო თანხა 100 პროცენტის ნაცვლად 80 პროცენტამდე იქნა დაყვანილი

 - ოპონენტებისთვის ერთ-ერთ მთავარ კრიტიკის თემად იქცა გზების დაგება. რა ხდება რეალურად? იქნებ ციფრებით შევადაროთ, რა ფართობზე დაიგო ასფალტი წინა წლებში და 2015 წელს?

- ჩვენს მიერ დაგებული გზის მოცულობა კვადრატული მეტრებით 2015 წლისთვის 2014 წელთან შედარებით მეტია, 2016 წელსაც კიდევ უფრო ვზრდით ამ მაჩვენებელს. გამომდინარე იქედან, რომ საბიუჯეტო სახსრები შეზღუდული იყო და ქალაქში ძალიან ბევრი მოუწესრიგებელი გზა, ჩვენ იძულებული გავხდით და 18 მილიონი ლარი ვისესხეთ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, რათა მოვაწესრიგოთ გზები. ამ მიმართულებით ვაგრძელებთ  მუშაობას 2016 წელსაც და სამუშაოები გაგრძელდება არა მხოლოდ არსებულ გზებზე, არამედ რამდენიმე მონაკვეთზე ახალი გზაც გაკეთდება. ეს იქნება შინდისი-კრწანისის დამაკავშირებელი ახალი გზა, სამება-მახათის დამაკავშირებელი ახალი გზა, ასევე, ვეფხვი და მოყმიდან ინტენსიფიკაციის ქუჩაზე, ვაშლიჯვარში ასასვლელი საგზაო პანდუსი და ასე შემდეგ. ისევე როგორც გაკეთდება წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი დაზიანებული რამდენიმე მნიშვნელოვანი გზის მონაკვეთი, ეს იქნება პეკინის გამზირი, ნუცუბიძის ქუჩა თავიდან ბოლომდე და სხვა მონაკვეთები, რომლებიც ზამთრის განმავლობაში ზიანდება. ერთი ნაწილი საგზაო სამუშაოებისა ესაა მიმდინარე მოვლა-შეკეთება, რომლისთვისაც ტენდერში გამარჯვებული კომპანიები უკვე გამოვლენილია და სამი კომპანია იმუშავებს ამ მიმართულებით. 5 მილიონ ლარამდე დაიხარჯება მხოლოდ მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებულ სამუშაოებზე, მაგრამ გაცილებით დიდი და მასშტაბური იქნება წელს გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოები, რომლისთვისაც 50 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

- როგორც ცენტრალური ხელისუფლება, ისე ადგილობრივი თვითმმართველობები და .. თბილისის მერია განსაკუთრებულ ყურადრებას უთმობს სოციალურ საკითხებს. თბილისში შეიქმნა და ხორციელდება სოციალური დახმარებების ახალი პროგრამები. რომელია მათ შორის მნიშვნელოვანი პროექტები?

- ჩვენ ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში დავპირდით ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ რამდენიმე თვალსაზრისით სოციალური მხარდაჭერა გაიზრდებოდა დედაქალაქში. ჩვენ გავაორმაგეთ მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება და ნაცვლად 25 ლარისა ყოველთვიური დახმარება 50 ლარი გაიცემა ასეთი ოჯახებისთვის. ასევე, მშობიარობის პერიოდში მესამე და შემდგომი შვილის გაჩენის შემთხვევაში დაფინანსება აქაც გაიზარდა, 800 ლარი გაიცემა მესამე შვილზე, 1000 ლარი - მეოთხეზე, 1500 - მეხუთე და შემდგომი შვილის გაჩენის შემთხვევაში.

ასევე, ჩვენ ავაშენეთ და უკვე ახალი წლიდან ფუნქციონირებას შეუდგა მიუსაფართა თავშესაფარი, რომელიც აბსოლუტურად თანამედროვე ცივილური შენობაა თავისი მომსახურების  წესებით. 240-ზე მეტ ბენეფიციარზეა გათვლილი და ადამიანები, რომლებიც ქუჩაში იყინებოდნენ ჯერ ეგრეთ წიდებულ კარვების ქალაქში განვათავსეთ, დღეს უკვე სრულად ამ თავშესაფარში იმყოფებიან და შესაბამისად მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ასევე, რამდენიმე ჯანდაცვის პროგრამა შევთავზეთ ჩვენ დამატებით ჩვენს თანამოქალაქეებს 2015 წელს. .. ესაა C ჰეპატიტთან დაკავშირებული მკურნალობისა და დიაგნოსტიკის პროგრამა. ასევე, შშმ პირთათვის ახალი პროგრამები, წელს დავამატეთ სამი ახალი პროგრამა ჯანდაცვის კუთხით. მათ შორის გამოსაყოფია ძუძუს კიბოთი დაავადებული პირებისთვის ჰერცეპტინით მკურნალობის დაფინანსების პროგრამა, რისთვისაც 3 მილიონი ლარი იქნა ბიუჯეტში გათვალისწინებული. ასე რომ, ამ მიმართულებით ჩვენ პერიოდულად ვსწავლობთ მოსახლეობის საჭიროებებს და ვამატებთ პროგრამებს. ჯამში ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით 2016 წელს 9 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება, ვიდრე დაიხარჯა 2015 წელს.

- თქვენ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ ქალაქში ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად, მათ შორისაა, გამწვანება და საპროგრამო - 1 მილიონი ახალი ნერგის დარგვა ქალაქის მასშტაბით. როგორია ამ მიმართულებით ფაქტობრივი შედეგები?

- ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა და 2016 წელსაც უცვლელი პრიორიტეტია, ისე როგორც 2015 წელს. ამიტომაც 2016 წელსაც აქტიურად გავაგრძელებთ გამწვანების პროგრამას, რაც 2015 წელს ხორციელდებოდა. 2015 წლის ბოლოსთვის ჩვენ 480 ათასი ნერგი გვაქვს დარგული 1 მილიონის პროგრამიდან, რომელიც ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო, ისევე, როგორც ვაწესრიგებთ დენდროლოგიური პარკის ტერიტორიას. მიმდინარეობს ასევე, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გაფართოება და შესაბამისად, უფრო მეტი რეკრეაციული ტერიტორია იქნება ჩვენს ქალაქში, რომლის მოვლა-პატრონობა განხორციელდება. ასევე, მუნიციპალური ახალი ავტობუსების პროგრამა, რომლის ფარგლებში წელს ჩვენ 150 ახალ ავტობუსს შემოვიყვანთ, იქნება უფრო გარემოდამზოგი, ვიდრე მოძველებული ავტობუსების პარკი, ამიტომ ამ თვალსაზრისითაც გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმება დამატებით. ასე რომ ამ კუთხით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. რამდენიმე ახალი პარკი და სკვერი მოეწყობა 2016 წელს, ისე როგორც 2015 წელს მოხდა რამდენიმე მათგანის კეთილმოწყობის სამუშაოები და კვლავაც გაგრძელდება გამწვანების ღონისძიებები.

- ჯანსაღი გარემოს შექმნის ფარგლებშიგამწვანების გარდა, ისეთი პროექტებიც ხორციელდება, როგორიცაა ენერგოეფექტურობის ხელშეწყობისა და CO2-ის შემცირებისკენ მიმართული ღონისძიებები. ამაზე რას იტყვით?

- მერების შეთანხმების საფუძველზე, რომელსაც თბილისი 2010 წელს მიუერთდა, გვაქვს ვალდებულება აღებული, რომ მავნე გამონაბოლქვი CO2-ის მოცულობა 2020 წლამდე 20 პროცენტული ნიშნით იქნას შემცირებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვალდებულება და გამოწვევაა ამ თვალსაზრისით. ამიტომ ენერგოეფექტიანობის კუთხით მუშაობა და ზრუნვა მთავარი ამოცანაა ჩვენთვის. ამ მიმართულებით რამდენიმე საპილოტე პროექტი ხორციელდება ტექნოლოგიური განვითარების ფონდის მიერ, ესაა საბავშვო ბაღის ენერგოეფექტიანი პროექტი, ასევე უკვე დასრულების ფაზაშია მოხუცთა თავშესაფრის ენერგოეფექტიანი პროექტი, ვმუშაობთ ენერგოდამზოგავი ლედგანათების კონკურსზე, სულ ახლახან დამთავრდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზი ამ თვალსაზრისით და ამის საფუძველზე გამოცხადდება ინტერესთა გამოხატვა დაინტერესებული ინვესტორების მოსაზიდად. უკვე გავაკეთეთ  ენერგოეფექტური მუნიციპალური ცენტრის კონცეფცია, რომელიც ტექნოლოგიური განვითარების ფონდის ბაზაზე იმუშავბს და შეისწავლის სხვადასხვა ქალაქების გამოცდილებას. და ამ თვალსაზრისით საპილოტე პროექტებს მოამზადებს  ჩვენი ქალაქისთვის. ასე რომ ამ კუთხითაც საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა.

- გასულ წელს რამდენიმე  მილიონი ლარის იაფი კრედიტი გაიცა მერიის ხელშეწყობით მცირე ბიზნესზე. 2016 წლისთვის რა ღონისძიებებია დაგეგმილი დედაქალაქში მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით?

- ჩვენ მცირე და საშუალო ბიზნესს ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში აქტიურად ვუჭერთ მხარს, იაფი სესხის პროგრამა, რომელიც 2015 წელს ხორციელდებოდა, ძირითადად ემსახურებოდა სასტუმროების ხელშეწყობას. აღნიშნული პროექტი წელსაც გაგრძელდება და საშუალო კლასის სასტუმროები, რომელზეც ყველაზე მეტი მოთხოვნაა, ქალაქის მერიის მხრიდან მათი მშენებლობა იქნება მხარდაჭერილი. ასევე, მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის ფარგლებში ჩვენ სამი პროექტი დავიწყეთ, რომელიც ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. პირველი ეს არის ხალხური რეწვის მახარდაჭერის პროექტი, მეორე - შემომყვანი ტურიზმის ხელშეწყობის პროექტი და მესამე - სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომერციული ობიექტების განვითარების ხელშეწყობის პროექტი. სამივე მიმართულებით რამდენიმე პროგრამა უკვე დაფინანსებულია და კონკრეტული მეწარმეები უკვე არსებობენ, რომლებიც მუშაობენ და 2016 წელს ასევე გავაგრძელებთ აქტიურად მუშაობას.

- ზოგადად კი ვისაუბრეთ, მაგრამ ახლა კონკრეტულად მხოლოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე რომ გვითხრათ, რა განხორციელდა 2015 წელს და რა ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება 2016 წელს დედაქალაქში?

- 2015 წელს ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით ჩვენ ვიმუშავეთ საგაზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, რაზეც უკვე ზემოთ ვისაუბრეთ, ასევე, 20-ზე მეტი მწვავე და ავარიული კორპუსი გამაგრდა, 50-ზე მეტი საცხოვრებელი სახლები რაიონული გამგეობების მიერ. ისევე როგორც 7 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტი მიმდინარეობდა, რომელთაგანაც 4 უკვე დასრულებულია. წელს 10 საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტი გვაქვს და აქტიურად ვიმუშავებთ ამ თვალსაზრისით. აგრეთვე, ჩვენ გასულ წელს რამდენიმე პროექტი მოვამზადეთ და წელს სამშენებლო სამუშაოები წარიმართება. მათ შორის, პირველად ჩვენი ქალაქის ისტორიაში, ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობის პროექტი, რომელიც მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე წელს დაიწყება და 2017 წელს დასრულდება. ასევე მნიშვნელოვაია ის, რომ სარაგბო ბაზის მშენებლობას ვიწყებთ და წელსვე დამთავრდება მუხიანის ტერიტორიაზე, რომელიც აბსოლუტურად რაგბის საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული პროექტი იქნება. ის მოემსახურება, როგორც მოზარდ ახალგაზრდებს, ასევე იქ ჩატარდება 2017 წლის მსოფლიო ახალგაზრდული რაგბის ჩემპიონატის მოსამზადებელი თამაშები. ამდენად, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტიარამდენიმე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია მოხდა თბილის განვითარების ფონდის მიერ, თუმცა წელს უფრო მეტი გვაქვს ჩვენ ბიუჯეტი ამ თვალსაზრისით. შარშან ჩვენ დავხარჯეთ 18 მილიონი ლარი ამ მიმართულებით და წელს 40 მილიონზე მეტი გვაქვს გათვალისწინებული. მათ შორის იქნება აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები, სადაც 46 სახლი გაკეთდება და მათ შორის 38 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მთლიანად აღმაშენებლის გამზირის ამ მონაკვეთის საჯარო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა მოხდება, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორია მოწესრიგდება, გაკეთდება გვირაბი მშრალი ხიდის ქვეშ, რითაც დაუკავშირდება ერთმანეთს 9 აპრილის ბაღი და დედა ენის ბაღი. გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. დასრულდება ღვინის აღმართზე მიმდინარე სარეაბილიტაციო  სამუშაოებირომელიც 2015 წელს დავიწყეთ და 2016 წლის გაზაფხულზე არის დაგეგმისლი მისი დასრულება. მოწესრგდება ასევე, მეტროპოლიტენის ინფრასტრუქტურა, შვიდი სადგურის მოდერნიზაციის პროექტი გვაქვს გათვალისწინებული. ისევე როგორც ვაკის პარკი - კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზის აღდგენა. ასე რომ, 2016 წელი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების თვალსაზრისით გაცილებით უფრო აქტიური წელი იქნება, ვიდრე 2015 წელი.

- თქვენი მინისტრობის დროს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ერთ-ერთ ყველაზე გამჭვირვალე უწყებად დასახელდა. თქვენ არც აქ ღალატობთ დემოკრატიულ პრინციპებს და ყველა მნიშვნელოვან საკითხებზე ქმნით კომისიებს, საკონსულტაციო საბჭოებს, ატარებთ თათბირებს საზოგადოების ფართო მასების მონაწილეობით. ამ მიმართულებითაც ორიოდე სიტყვით იქნებ ვთქვათ რა ხდება. . .

- ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა იყოს მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე, ვინაიდან საზოგადოების ყოველდღიურ პრობლემებზე და საჭიროებებზე ზრუნვა არის ადგილობრივი თვითმმართელობების უმთავრესი ფუნქცია. რა თქმა უნდა, საქმიანობის გამჭვირვალობა არის მმართველობის უმთავრესი პრინციპი. სწორედ ამიტომ ჩვენ სათანადოდ გვაფასებენ ევროპულ უწყებებში. რამდენიმე მონიტორინგის მისია, (რაც ევროსაბჭოს ადგილობრივი და  რეგიონული თვითმმართველობის კონგრესმა ჩაატარა საქართველოში და გამოქვეყნდა შესაბამის შედეგები), ხაზს უსვამს ადგილობრივი დემოკრატიის პროგრესს ჩვენს ქვეყანაში, და თბილისი, როგორც წესი, როგორც ყველაზე მსხვილი თვითმმართელი ერთეული ცალკე შეფასების და დაკვირვების საგანია. ამიტომაც შემოვიღეთ ჩვენ მოქალაქეთა მიღება ყოველი კვირის პარასკევს. პარასკევი ჩვენთან მოქალაქეთა მიღების დღეა, იმისათის, რომ მოვუსმინოთ მათ და მათი საჭიროებები გადავწყვიტოთ ადგილზე. ასევე არ არსებობს შეთხვევა, რომ საჯარო ინფორმაცია, რაზეც არის მოთხოვნა ფიზიკური თუ იურიდიული პირებისგან, არ გავცეთ. ასევე არ არსებობს შემთხვევა იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესის მქონე საკითხზე არ გამოვაქვეყნოთ ინფორმაცია. მათ შორის ინფორმაციას ვაქვეყნებთ ყოველდღიურადაც. ასე რომ, გვაქვს პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისის მერია ადგილობრივ თვითმმართველობებში დასახელდეს ერთ-ერთ ყველაზე გამჭვირვალე უწყებად.

- როგორია 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების წინასწარი მონაცემები?

- 2015 წლის ბიუჯეტი შემოსავლების ნაწილში გადაჭარბებით შესრულდა, თითქმის 10 მილიონი ლარით მეტია მობილიზებული, ვიდრე ეს იყო გეგმით გათვალისწინებული. ბუნებრივია, ეს ყველაფერი აისახა გარადამავალ ნაშთში. რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს 97%-ით იქნა შესრულებული. განსაკუთრებით კარგად იმუშავეს რაიონულმა გამგეობებმა და მათ 99,5%-ზე მეტი აქვთ ჯამურად ათვისებული და შესრულებული თავიანთი ბიუჯეტები. ყველა საქალაქო სამსახურმა მაქსიმალურად მონდომებით და აქტიურობით იმუშავა. ძირითადი გარდამავალი ნაშთი კეთილმოწყობის სამსახურში დარჩა იმიტომ, რომ ეს კაპიტალური რემონტების განხორციელებასთან არის დაკავშირებული და მათ შორის არის ბოლოს ჩარიცხული თანხები რამდენიმე გარდამავალი ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად. ასე რომ, ჯამში საკმაოდ კარგი შესრულება გვაქვს 2015 წლის ბიუჯეტისა და ვაპირებთ, რომ ამ თვალსაზრისით 2016 წელს მაჩვენებელი კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ.

- ბატონო დავით, იქნებ გვითხრათ, როგორია მერიისთვის 2016 წლის გეგმები მთავარი მიმართულებების მიხედვით?

- 2016 წლის გეგმებიდან შვიდ მთავარ პროექტს გამოვყოფდი. ესაა:

1. აღმაშენებლის გამზირისა და გუდიაშვილის მოედნის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენის პროექტები, რაც საკმაოდ მასშტაბურია;

2. ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა-რეაბილიტაცია. მათ შორის, რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც აღდგენასთან არის დაკავშირებიული, მათ შორის კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი ახალი გზა, ისევე როგორც სამება-მახათის დამაკავშირებელი გზა, ვერეს ხეობიდან ახალი მაგისტრალის გვირაბით დაკავშირება ლაგუნასთან მიმავალ გვირაბთან და პუშკინის ქუჩის ესტაკადის მშენებლობა;

3. ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა;

4. 10 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა;

5. მუხიანის სარაგბო ბაზის მშენებლობის პროექტი;

6. შვიდი მეტროს სადგურის აღდგენის პროექტი და თვითონ ვაგონების მოდერნიზაციის პროექტი;

7. ვაკის პარკისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მოწყობა.

- გმადლობთ, რომ დრო გამონახეთ და გავესაუბრეთ მკითხველისთვის საინტერესო საკითხებზე.

- თქვენც გმადლობთ.

 

ესაუბრა ჟურნალახალი ეკონომისტის

კორესპონდენტი ხათუნა ბურჭულაძე

მთავარი რედაქტორი

ლოიდ ქარჩავა

მთავარი რედაქტორი და სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე,

ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, პროფესორი;

საქართველოს მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარე;

საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი;

ფაზისის საერო-მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი.